მივდივარ, ჩემო მეუფეო...
მივდივარ, ჩემო მეუფეო...
არქიმანდრიტი იოანიკე, "ათონური პატერიკი"
სიტყვა წმინდა აღსასრულზე. ერთხელ აღდგომის წმინდა ანას სკიტის კირიაკონში შემდეგი სასწაულებრივი შემთხვევა მოხდა:
წმინდა უვერცხლოდ მკურნალთა კალიველი მორჩილი "აღდგომისა დღე არის" გალობისას შუა ტაძარში დადგა, მუხლნი მოიყარნა ისე, როგორც ზიარების წინ ვიქცევით ხოლმე. არავინ ჰკითხა, ასე რატომ მოიქცა. ყველა საერთო ტრაპეზზე მიიწვიეს, შემდეგ მორჩილი თავის კალივაში წავიდა.

ვიდრე აღდგომის მწუხრის ზარებს ჩამოჰკრავდნენ, ხმა გავარდა, რომ მუხლის მომდრეკი ძმა განვიდა ამქვეყნიური ცხოვრებიდან! მთაწმინდელ მამებს სწამთ, რომ აღდგომა დღეს ვინც გარდაიცვლება, ის ბოროტ სულთა საზვერეებს არ გაივლის. მამებმა შენატრეს კურთხეულ მორჩილს, რომელმაც წინასწარ შეიტყო თავისი აღსასრული, ანდა ძლიერი, დაფარული სურვილი ჰქონდა, აღდგომის ნათლითმოსილ დღეს გარდაცვალებისა და ამიტომაც მოიდრიკა მუხლნი ტაძარში და ყველას შენდობა სთხოვა.

სხვა ძმაც ასევე აღდგომას აღესრულა იმ დროს, როცა მამები გალობდნენ: "აღდგომის დღე არის". ეს სამგზის ნეტარი იდგა თავის სტასიდიაზე და ხელში აღდგომის სანთელი ეკავა, მაშინ აღდგომის სიხარულით შეპყრობილი მისი სული ზეცისკენ გაფრინდა. ის სკიტის აკლდამაში დაკრძალეს. სხეული ცომივით რბილი ჰქონდა. მთაწმინდაზე გარდაცვლილი ყველა მონაზვნის სხეული არ შეშდება, არამედ ინარჩუნებს თავის ხიბლს და ელასტიკურობას.

მიბაძვის ღირსნო სულნო, რომელნიც ღირსი შეიქმენით წმინდა და სააღდგომო აღსასრულისა, ევედრეთ ღმერთს ჩვენთვის, ცოდვილებისთვის!

ნეტარი მამის, არტემ გრიგორიატელის ღირს მამათა დარ აღსასრულს შეესწრო მელიტოპოლის ეპისკოპოსი იროთეოსი.

ცოტა ხნით ადრე ვიდრე მართლა ძილით დაიძინებდა, ბერდიდი არტემი დიდად დამშვიდებული იჯდა თავის საწოლზე.

- მივდივარ, ჩემო მეუფეო, მივდივარ, რომ შენ ჩემთვის ილოცო, რათა ღვთის მოწყალება მოვიპოვო, - უთხრა მან.

- გამოჯანმრთელდები და კვლავ შევხვდებით ერთმანეთს, - მიუგო მეუფემ.

- იმედი მაქვს, შევხვდებით ერთმანეთს იქ, სადაც მისი ღვთაებრივი ნება განსაზღვრავს, მაგრამ დღეს ჰქენით სიკეთე, დარჩით და ხვალ წახვალთ. მინდა შენგან უკანასკნელი კურთხევა მივიღო.

ორი საათის შემდეგ მამა არტემი ეზიარა წმინდა საიდუმლოს და სული ჩააბარა ღმერთს ამ სიტყვების წარმოთქმით: "დიდება შენდა, ღმერთო, დიდება შენდა".

მღვდელმონაზონი მეთოდე წმინდა ნილოსის უდაბნოს კელიაში ცხოვრობდა. უსაზღვროდ მოწყალე იყო. მისი კელიიდან არავინ გამოსულა ხელცარიელი. შესაძლებელი რომ ყოფილიყო, მოწყალებად საკუთარ თავსაც კი გასცემდა.

ჩიტივით გარდაიცვალა. მსუბუქად, ვითარცა ღირსი მამა. როცა მისი ძმობის მონაზვნები მწუხრის ლოცვას კითხულობდნენ და მივიდა ლოცვამდე: წმინდაო ანგელოზო ღვთისაო, რომელი ზედა-ადგ ჭირვეულსა სულსა ჩემსა..." კეთილკრძალულმა ბერდიდმა სთხოვა:

- კიდევ ერთხელ წაიკითხე, მამაო ნილოს. "ჰე, წმინდაო ანგელოზო ღვთისაო, მცველო და მფარველო უღირსისა სულისა ჩემისა... და მეოხ მყავ ჩემთვის ღვთისა მიმართ, რათა განმამტკიცოს შიშსა მისსა და ღირსად გამომაჩინე მისისა მეუფებისა და მკვიდრად სახიერებისა მისისა, ამინ.

და იქვე სადაც იჯდა სამჯერ ამოიოხრა და სული განუტევა. ჭეშმარიტად ღირს მამათა დარი აღსასრულია.

ერთმა, დღესაც ცოცხალმა ბერდიდმა, მოსაგრემ, ქრიზოსტიმოსმა რომელმაც ორმოცი წელი კატუნაკში იღვაწა, მომიყვა:

- ერთი ძმა მყავდა, რომელიც ჩემთან ერთად აღიკვეცა მონაზვნად. ბენიამინი ერქვა. ძალიან მოშურნე იყო მოსაგრეობისადმი და უფრო მეტად მორჩილების ღვაწლის აღსრულება უყვარდა. როცა ამქვეყნიდან განვიდოდა, სახე უბრწყინავდა. შემდგომში შევიტყვე, რომ სწორედ იმ დროს, როცა ამქვეყნიური ცხოვრებიდან განვიდოდა, ერთი მონასტრის ნეტარმა დედამ თქვა: "ამ წუთებში ვხედავ კატუნაკელ მორჩილს, რომელიც საზვერეებს გადის. მას წითელი ლენტის გვირგვინი არტყია, რომელზეც აწერია: "მერვე საუკუნის ანგელოზი".

ბერდიდმა თეოფილემ თავისი გარდაცვალების შემდგომ მოხსენიებაზე იზრუნა და ამისთვის წინასწარ ფული გამოყო. სიკვდილის წინ კი თავისი ნივთები ძმებსა და მამებს დაურიგა.

"ქრისტე ჩემო, დიდ არს მოწყალება შენი".

ასეთი იყო ბერდიდ ამბაკუმ ფეხშიშველის ბოლო სიტყვები და მშვიდობიანად მიიცვალა.

ბეჭდვა
1კ1