მღვდელს ფეხებში ჩაუვარდა და შენდობა სთხოვა
მღვდელს ფეხებში ჩაუვარდა და შენდობა სთხოვა
ერთხელ ღირსი არსენი დიდი მძიმედ გახდა ავად. ბერებმა იგი ტაძრის საავადმყოფოში გადაიყვანეს და რბილ საწოლზე დააწვინეს. ღირსი არსენი სხვა მონასტრის ხუცესმა ინახულა. როდესაც რბილ სარეცელზე მწოლიარე იხილა, დაბრკოლდა და გაიფიქრა: "ეს არსენი დიდია? განა შეიძლება მისთვის ასეთი განშვება?"

როგორც კი ეს გაიფიქრა, იქ მყოფმა მღვდელმა ამოიცნო მისი ფიქრი, განზე გაიხმო და ჰკითხა, როგორ ცხოვრობდა ერში.

- მწყემსი ვიყავი, უკიდურეს სიღატაკესა და მწუხარებაში ვცხოვრობდი, - უპასუხა ბერმა.

- ახლა კარგად ცხოვრობ? - კვლავ ჰკითხა მღვდელმა.

- ძალიან მშვიდად, - მიუგო მან, - ყველაფერი მაქვს, რაც მჭირდება.

- იცოდე, - უთხრა მღვდელმა, - რომ ეს ბერი, რომელსაც ხედავ, მეორე მამა იყო მეფის შვილებისთვის. ათასობით მონა ჰყავდა, რბილი და ძვირფასი საწოლი ჰქონდა და აურაცხელი სიმდიდრე. ასე რომ, ერში ამდენი შრომის შემდეგ შენ აქ ისვენებ, მამა არსენი კი ერში განცხრომის შემდეგ აქ შრომობს.

ხუცესმა აღიარა თავისი შეცდომა, მღვდელს ფეხებში ჩაუვარდა და შენდობა სთხოვა.




ბეჭდვა
1კ1