მრავალ განკითხვის სიტყვას ვამბობდით, მაგრამ ის არასდროს აგვყოლია
მრავალ განკითხვის სიტყვას ვამბობდით, მაგრამ ის არასდროს აგვყოლია
მღვდელმონაზონი ანტონ მთაწმინდელი, "XIX საუკუნის ათონელი მამები"
ბერდიდი მამა პახუმი

(გაგრძელება)
მამა პახუმის ქოხის დაწვის შემდეგ მისმა მოძღვარმა, მამა იოსებმა, თავისი საქციელის გასამართლებლად გაავრცელა ხმა, პახუმი ხიბლში ჩავარდაო და სწრაფად მოედო ეს ამბავი ათონს. მაგრამ დიდი სიკეთეც მოუტანა ბერდიდს, რამეთუ მას აღარავინ ეძებდა. მის ღვაწლსა და წარმატებებზე კი ძალზე ცოტამ, მასთან სულიერად დაახლოებულმა ადამიანებმა იცოდნენ. იოსებმა, რახან ვერ შეძლო პახუმის კელიაში დაბრუნება, მღვდელთან მივიდა (ვინც მათ აღსარებებს იბარებდა), მაგრამ მასაც არ შეეძლო დახმარება. როცა ჰკითხა პახუმს, - ტყე-ტყე რას დაძრწიო, მან უპახუხა: "ვერსად ისე მოხერხებულად და სიმსუბუქით ვერ ჩავუღრმავდები ხოლმე გონებისმიერ მუშაკობას, როგორც ტყეში, და ვერსად ისეთ ნუგეშს ვერ ვიღებ, როგორც აქ". მღვდელი წინ ვერ აღუდგა იმას, რაშიც მანამდე ხელს უწყობდა, ბევრი ურჩია, ბერდიდიც აბობოქრდა, მოწყობილი მღვიმეც შესთავაზა, მაგრამ პახუმმა მდაბლად თქვა: "ჩემი სულისთვის იქ თავისუფლებასა და ნუგეშსა ვპოულობ; რად გიღირთ, რომ მხოლოდ ერთი კურთხევა მომცეთ? მე თქვენგან სხვა არაფერი მინდა, მხოლოდ კურთხევა. ბერდიდი და მოძღვარი ვეღარ შეეკამათნენ მის უბრალო დასაბუთებას და გაუშვეს. სცადა იოსებმა ხმა გაევრცელებინა, პახუმის ხიბლში ჩავარდნისა. მაგრამ უფალმა არ დაუშვა, რომ ეს ასე გაგრძელებულიყო. უდაბნოში ცხოვრების ყველა საფეხურისა და გაჭირვებათა დათმენის შემდეგ, პახუმი ბოლოს ზემოხსენებულ მღვიმეში დასახლდა. მაგრამ საჭირო იყო მოძღვრისაგან აქ ცხოვრების კურთხევა მიეღო. მოძღვარს დაუწყო ლაპარაკი იმაზე, რომ იქ დროებით ცხოვრებისას მას ცუდი არაფერი დამართნია და დაარწმუნა მოძღვარი, მღვიმის სანახავად წასულიყო. მოძღვარმა ნახა მღვიმე, დაჰყვა მის სურვილს და აკურთხა იქ დასახლებულიყო, ოღონდ ჯერ თავი გამოეცადა, თუ იქ ცხოვრებას ვერ შეძლებდა, ქვემოთ, ზღვასთან ახლოს გადასახლებულიყო.

ეს მღვიმე მხოლოდ ზამთარში, თოვლში იყო მშრალი. ერთხელ ვიღაცამ მისცა პახუმს ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. მას სამოსი, წიგნებთან ერთად მზეზე გასაშრობად გამოჰქონდა ხოლმე.

ზოგიერთმა მოშურნე, მისი ცხოვრების მიბაძვის სურვილით, მასთან მღვიმეში ცხოვრება დააპირა, მაგრამ მცირე ხანში ყველა დასნეულდა: ერთ მღვდელმონაზონს ერთ ღამეში სხეული წყლულებით დაეფარა; მეორეს სხეულის ის ნაწილი გაუცივდა, რომლითაც მღვიმის კედელს ეყრდნობოდა; სხვებს კი კუჭი აეშალათ.

ისეთ ადგილებში ცხოვრებით, სადაც პურს ვერანაირად იშოვნიდი, პახუმმა საკუთარ თავს ისეთი საჭმლის ჭამა ასწავლა, რომელსაც ძნელად თუ ვინმე დააკარებს პირს: ქვით დანაყავდა დაობებულ წაბლს, თუ ჰქონდა, ორცხობილასაც მიუმატებდა, ჩაყრიდა წყალში, აურევდა ფქვილს, ხან მოხარშავდა, და ხანაც ასე უმად მიირთმევდა. ხანდახან გარეული ხილის ჩირსაც დაუმატებდა, რომელსაც ახალდაკრეფილსაც ვერ ჩაიდებდი პირში - და გასაოცარი ის იყო, რომ ჯანმრთელი რჩებოდა. ერთხელ რაღაც ხილით მოიწამლა, ოცი დღე კუჭი შეეკრა და თითქოს ცეცხლი ეკიდა. არაფრით მკურნალობდა, არაფერი უჭამია, არაფერი დაულევია, მხოლოდ უფალი ღმერთი იყო მისი მკურნალი. მას მერე თითქოს მისი ბუნება ხელახლა იშვა, ფოლადივით გამოიწრთო, ისე რომ შემდგომში ისე უვნებლად ცხოვრობდა იქ, სადაც სხვა ვერავინ გაძლებს და ჭამდა იმას, სხვა რომ არ გაეკარებოდა.

რუსი მონაზვნის მონათხრობი მამა პახუმზე:

- 1868 წლის ზამთარში გამოვიძახეთ ეს ღვთივგანბრძნობილი უბრალო ბერი პახუმი თავისი სადაყუდებო ადგილიდან. ბალღური უბრალოებით აღასრულა მორჩილება, მოვიდა ჩვენთან და მთელი კვირა დავტოვეთ ჩვენთან. მთელი ამ ხნის მანძილზე ყოველ ღამეს მუდმივად ვაწუხებდით ბერდიდს, თითოეულს გვსურდა დავმტკბარიყავით მასთან საუბრით, რომელიც ავსებული იყო სულიერი ნექტრით. დარწმუნებით ვიცოდით, რომ მან განუწყვეტელ გლოვაში თხუთმეტი წელი გაატარა, რომლის ნაყოფსაც ასე უხვად ითავსებდა უმანკო, თავმდაბალი და სიყვარულით აღსავსე. ბერდიდი გვეუბნებოდა, - ცრემლებიც სხვადასხვა ხარისხისა და განსხვავებულიაო. მონანულის ტირილსა და სულიერ მუშაკობაში წარმატებულის გლოვას შორის დიდი განსხვავებაა. ვერც სიკვდილის ხსოვნა, ვერც წარსულის ცოდვების მოგონება, უკვე ვერ წარმოშობს ადრინდელ ტირილს, რომელიც დამახასიათებელია მონანულისთვის და რომელიც უმწარესი, თუმცა არცთუ უნუგეშოა. სრულყოფილი ტირილი კი წარმოსდგება ქრისტეს ვნებების გახსენებით და ღვთის სიყვარულით, ის სულში წარმოშობს უდიდეს, ენით აუხსნელ სიტკბოებას, რომელიც გამოზრდის და გაანათებს სულს, აღიყვანს მას გამოუთქმელ ჭვრეტის მდგომარეობაში და გონებას მთლიანად აღიტაცებს ღვთისკენ. ეს ყველასთან ერთნაირად არ ხდება, არამედ მისაღებობის საზომის მიხედვით, რომელიც წარმატების საზომია.

აღსანიშნავია მამა პახუმის კიდევ ერთი თვისება: ის არავის განიკითხავს. გამოსაცდელად უბრალო საუბარში მრავალ განკითხვის სიტყვას ვამბობდით, მაგრამ ის არასდროს აგვყოლია.

ბოლო დროს მამა პახუმი ტყეში აღარ იმალებოდა, მხოლოდ თავის ზემო მღვიმეში განმარტოვდებოდა ხოლმე. რადგანაც უკვე იცოდნენ ბერდიდის ცხოვრების ამბავი, დროდადრო აკითხავდა მასთან ცხოვრების მსურველი, რომელთაც მისი დამოძღვრითა და ხელმძღვანელობით უნდოდათ ყოფნა. ბერდიდი უარს არასოდეს ეუბნებოდა, თავის მღვიმეს მოწაფეს დაუტოვებდა, თვითონ კი ავიდოდა ფრიალო კლდეზე მდგარ ყველა მხრიდან დაუცველ მღვიმეში. ეს მღვიმე საკმაოდ ფართო იყო და ას კაცსაც დაიტევდა. ასასვლელი მეტად რთული იყო, მამა პახუმიც დიდი გაჭირვებით ადიოდა ხოლმე. როცა რუსიკში შეიტყვეს, რომ მამა პახუმს თოკი სჭირდებოდა ფრიალო კლდეზე თავის მღვიმეში მოხერხებულად ასასვლელად, გაუგზავნეს კიდეც.



ბეჭდვა
1კ1