მადლს თუ დავკარგავთ, მერე მას სადღა ვიპოვით?!
მადლს თუ დავკარგავთ, მერე მას სადღა ვიპოვით?!
მამა ეფრემ ფილოთეველი. "მამა იოსების გვერდით"
მდუმარება
(გაგრძელება)
ბერდიდმა შეიცნო, თუ რაოდენი სიკეთე მოაქვს დაყუდებაში მეცადინეობას და ერთმანეთში საუბარს გვიკრძალავდა. მხოლოდ ეკლესიური აუცილებლობისას გვაძლევდა დუმილის დარღვევის ნებას. ჩევნმა საძმომ არ იცოდა, რა იყო უქმმეტყველება. მოუკლებლად ვლოცულობდით იესოს ლოცვას. ლაპარაკობდა ბერდიდი და მამა არსენი, ჩვენ კი, ახალგაზრდები, ერთმანეთს არ ვესაუბრებოდით. ბერდიდის გვერდით არასოდეს ხმას არ ვიღებდით, განსაკუთრებით მე ვერ ვბედავდი რომელიმე ძმასთან დალაპარაკებას, ბერდიდი თუ იქ იყო. ეს იმის ტოლფასი იყო, თავი ჯალათის კუნძზე დაგედო. ვდუმდი არა იმდენად იმის გამო, რომ გამლანძღავდა, არამედ უფრო იმიტომ, რომ თავს ამის ნებას არ ვაძლევდი. ბერდიდის გვერდით ძმას გავესაუბრო - ღმერთმა დამიფაროს! ბერდიდისადმი ასეთი პატივისცემა და კრძალვა გვქონდა.

ჩემი ბერდიდის გვერდით გატარებული თორმეტი წლის მანძილზე მხოლოდ ერთხელ დაარღვია ერთმა ძმამ ეს ჩარჩო - სხვებს მოუწოდებდა, რა უნდა გაეკეთებინათ: "აქ დადგით კოლიო, აქ დადგით მაგიდა". ბერდიდი ითმენდა ამას, ითმენდა, ის კი ყველას ხელმძღვანელობდა და აი, ერთხელაც მან კვლავ დაიწყო ლაპარაკი - კოლიო აქ დადგით...

ბახ! ბერდიდმა მას ლამის ყბა მოუნგრია და უთხრა:

- მიიღე შენი კოლიო!

- შემინდეთ! - უპასუხა მან.

დღისით ვნახე ის ძმა და ვკითხე:

- როგორ ხარ, მამაო?

- ოჰ, აბა, რა გითხრა, ეფრემ? ღამით გველი ვნახე, რომელიც ჩემს ჩაყლაპვას აპირებდა. როცა უზარმაზარი პირი ჩემს შესაპყრობად გააღო, ბერდიდის ხმა მომესმა: "ფრთხილად!" მხეცი გაქრა და ალიყური, რომელიც მივიღე - იყო ეს გაფრთხილება. მე ხომ ვითავნებე. ყბაში მომხვდა და ამით დასრულდა ეს საქმე. თორემ ვერ გავთავისუფლდებოდი თავნებობისგან. ახლა კი მხეცი, რომელიც ჩემზე ნადირობდა, გაიქცა.

ბერდიდის გვერდით ვინმე ჩვენგანს რომ ებრძანა სხვებისთვის - ჩვენთვის ეს საშინელი საქმე, წესის საშინელი დარღვევა იქნებოდა. ასეთი რამ ჩვენთან არ შეიძლება მომხდარიყო.

ბერდიდი ასევე ნებას არ გვაძლევდა, გარედან საძმოში ახალი ამბები შემოგვეტანა, სხვა ვინმეზე გვესაუბრა, თუ როგორ ცხოვრობს, რას აკეთებს. ჩვენ არ ვიცოდით, რა ხდებოდა ჩვენი ღობის იქით. ის მკაცრად ადევნებდა თვალყურს, რომ უქმმეტყველება არ დაგვეწყო. განკითხვა ჩვენთვის საერთოდ არ არსებობდა. თუ ვინმე საუბრის გაბმას დააპირებდა, ბერდიდი მყისიერად რეაგირებდა: "ღვთის მადლს დაკარგავ, უხელურო, და მერე თავი კედელს უნდა ურტყა. რას ზიხარ და განიკითხავ? ეს რატომ გაღელვებს? აქ ახალი ამბების მოყოლის ადგილი არ არის. მხოლოდ წინსვლა! მდუმარება და ლოცვა! არაფერი სხვა. ჩვენ აქ დროის გასატარებლად კი არ მოვედით. ეშმაკი ელოდება, არ სძინავს, დადის, ვითარცა ლომი, ბრდღვინვით, რათა პირი სტაცოს ვისაც კი ზარმაცს, სასოწარკვეთილს, გონებაგაფატულს ნახავს". ის ყურადღებას გვაქცევდა, რომ უქმად არ გვესაუბრა, უპირველეს ყოვლისა, რომ არ განგვეკითხა სხვა თემის წევრი და არც საკუთარი თემისანი. რა იყო განკითხვა ჩვენს საძმოში არ ვიცოდით. შეუძლებელი იყო ბერდიდისთვის ვინმეზე სიტყვა ამოგეგლიჯათ.

მამა არსენი ან იმიტომ, რომ უკვე მოხუცებული იყო, ან იმიტომ, რომ უბრალო გახლდათ, ზოგჯერ ბერდიდთან მიდიოდა ხოლმე, რომელიმე ჩვენს ძმაზე ან ვინმე სხვაზე საუბრობდა, ანდა ახალგაგებული ახალი ამბის შესატყობინებლად, რისთვისაც კარგად მოხვდებოდა ხოლმე. იმის გამო, რომ გულწრფელობის გამო ზოგჯერ ენას ვერ აჩერებდა, ბერდიდისგან ხვდებოდა ხოლმე.

მამაო, იქ ასეთი რამ ნახე?

როგორც კი ამგვარი სახით საუბრის წამოწყებას დააპირებდა, ბერდიდი მაშინვე თავში წამოარტყამდა.

- არსენი, იცოდე, უქმად ნუ მეტყველებ! ლოცვა წაიკითხე.

- კარგი, გეყოფა, ჩემო ძვირფასო, ასეთი რა ვთქვი?

- ის, რაც თქვი, სრულიად საკმარისია ლოცვის კურთხევის მოსაკლებად. შენთვის ეს ცოტაა?

- შემინდე.

გავიდოდა ცოტა ხანი.

- ესა და ეს ცუდად ცხოვრობს...

ბახ! ბერდიდი მას სილას გააწნავდა:

- ეს განკითხვაა! შენ ისევ შენსას ამბობ.

- განა ეს განკითხვაა?

- აბა, რა არის, შე მართლა ვირო! გაჩუმდი, დაიხშე ბაგე. განა ეს შენ გეხება?

- ეჰ, ჩემო ძვირფასო, შენ მუდმივად ჩხუბობ...

- მადლს თუ დავკარგავთ, მერე მას სადღა ვიპოვით?!

ერთხელ ბერდიდმა თავის დავარცხნა მოისურვა, შეშინებულმა მამა არსენმა ხელი ასწია თავის დასაცავად, იფიქრა, რომ მისთვის სილა უნდა გაერტყა მამა იოსებს. მამა არსენს ბერდიდი სიბერემდე სცემდა ხოლმე.

ისინი მხნე ადამიანები იყვნენ, ამიტომაც მიაღწიეს სიწმინდეს, ამიტომაც გახდა მამა არსენი აბრაამის მსგავსი.

ბერდიდი გვასწავლიდა, თუ რამდენად დიდი საქმეა მდუმარება: "ყველაზე სრულყოფილი შენაძენი - მდუმარებაა, ის ყველა სხვა სათნოებაზე აღმატებულია" და კიდევ: ბერდიდი ამბობდა: "თუ ყველა სათნოებას სასწორის ერთ პინაზე დავდებთ, მეორეზე კი მდუმარებას, მდუმარება გადასწონის, ვინაიდან თუ მონაზონი შეგნებულად დუმს, ის ან ილოცებს, ანდა სჭვრეტს. როცა ის დუმს და ლოცულობს, მასთან მოდის გულისშემუსვრილება, ტირილი, ცრემლები, დამშვიდება და სიჩუმე და მაშინ კაცი დუმს, არ განიკითხავს, არ უქმმეტყველებს, არ ცრუობს, ცილს არ სწამებს, არ საუბრობს სხვადასხვა საგნებზე, არ უსმენს როცა სხვები ცუდს ამბობენ. ასეთი მდუმარების შემდეგ სული მადლით ივსება. მდუმარებას მოჰყვება გლოვა, გლოვით მოდის ცრემლები, რომლებიც განწმენდენ ადამიანს, განწმენდა კი კაცს ღირსჰყოფს ღვთის ხილვისა. დაყუდებულს შეუძლიან საგრძნობლად იხილოს იგი თავის გულში, იხილოს საგნები, რომელთაც ვერასოდეს წარმოიდგენენ ისინი, ვინც პირს აღებს და საუბრობს.

ამგვარი სწავლების შემდეგ არ შეგვეძლო, დავმსხდარიყავით და უქმად გვემეტყველა, განგვეკითხა, ბერდიდის გვერდით თავისუფლად გვესაუბრა. ასეთი რამ ჩვენთან არ ხდებოდა. და ეს იმით მტკიცდება, რომ ჩვენი საძმოს წევრები არასოდეს ვაცდუნებდით ერთმანეთს, არასოდეს განვამწარებდით.

ბერდიდი გვეუბნებოდა: "როცა სტუმარს დაინახავთ, გაიქეცით". და სადაც არ უნდა ვყოფილიყავით, სოროებში ვიმალებოდით. ჩვენ ვერავინ გვხედავდა და ჩვენც ვერავის ვხედავდით. ბერდიდი გულმოდგინედ გვიცავდა, ნებას არ გვაძლევდა, უცხო თვალს დავნახებოდით, ანდა ჩვენ გვენახა სტუმარი. მამების გარდა, ჩვენ არასდროს არავინ გვინახავს. ყველაზე მეტი, რაც შეიძლება შეგვემჩნია, ის იყო, რომ ვიღაც კაცი მოვიდა. ამის მერე ის ჩვენთვის აღარ არსებობდა. ის ესაუბრებოდა ბერდიდს, მამა არსენს და მიდიოდა. კურთხეული იყო ის ცხოვრება.

ბერდიდი ასეთ ტაქტიკას გვაიძულებდა, რადგან ამბა ისააკ ასური გვასწავლის: "არა მხოლოდ ერისკაცების საუბარს მოაქვს ზიანი დაყუდებისათვის, არამედ ამ ადამიანების შეხედვასაც".

ყველაფერი ეს შეიძლება გაზვიადებულად ჩანდეს, თუ შეცდომად არა, მაგრამ ის ძალზე სასარგებლო იყო. ის ჩვენ ქვაკუთხედად, მტკიცე საფუძვლად გვექცა, რომელზეც აშენდა ყველაფერი. ვინაიდან, ასე რომ არ მოვქცეულიყავით, ასეთი არ ყოფილიყო ბერდიდის მოთხოვნა და დარიგებები, ვერ შევძლებდით სულიერი სიმტკიცის შეძენას.

ბევრმა გამოიარა ბერდიდის სათემო, მაგრამ მასში ვერ დარჩა. მათ ვერ შეძლეს დაეცვათ ჩვენი კანონები და ცხოვრების წესი.

ბეჭდვა
1კ1