ათონური მოთხრობები
ათონური მოთხრობები
სტანისლავ სენკინი
ლეგენდა ვამპირზე
(გაგრძელება)
მთვრალმა როკერებმა ავტომანქანის ფარებით მყუდრო ადგილი გაანათეს , ფიჩხი მოაგროვეს და კოცონი გააჩაღეს. ყველა სმას და მხიარულებას შეუდგა. მთვარე მისტიკურ გრძნობას აძლიერებდა. მირჩემ ბიჭები წააქეზა პროექტის განხორციელებაში დრაკულასთვის ოტოენით მიემართა.

- ეჰეი, ვლად! სად დაიმალე, ეშვიანო? გამოდი, "ცოფიანი ხარები" გელოდებიან. ჩვენ შენთან პაქტის დადება გვინდა! - ახალგაზრდობა ღრეობდა და მხიარულებდა. "ცოფიანების" და მათი ქალების მხიარულებამ ბოშების ყურადღება მიიპყრო და მოვიდნენ, რომ ენახათ თუ ვინ ეწვია კარპატებს ასეთ კუნაპეტ ღამეს.

- გამარჯობა, ბიჭებო! აქ რას აკეთებთ? - ბუმბულიანი ქუდით თავმორთული მოხუცი ბოშა მიუახლოვდა მათ კოცონს. თითქოს ბოროტი მაქცია გამოვიდა კარპატების სამალავიდან.

- რა შენი საქმეა! გაიარე, წადი აქედან! - "ცოფიანი ხარები" ცდილობდნენ, შესაფერისი საქციელით გაემართლებინათ თავიანთი ცუნდრუკი.

ბერიკას არ შეშინებია:

- ბიჭებო, ჩვენი ბანაკი აქვეა. უნდა დავიძინოთ, რადგან ხვალ ადრიანად ფაგარიშისკენ მივდივართ. ჩუმად იყავით, თორემ ხიფათს გადაეყრებით.

მირჩემ ბენდენა გაისწორა, მიწიდან გრძელი სახრახნისი აიღო და მისი თამაშ-თამაშით ბოშასკენ წავიდა.

- რა თქვი?! შენ ჩვენ გვემუქრები?

გოგონები მის დამშვიდებას შეეცადნენ, მაგრამ "ცოფიანი ხარი" არ ცხრებოდა:

- ვიღაც ბინძური ბოშა როგორ ბედავს ჩვენთვის ჭკუის სწავლებას. გინდა ჭკუა გასწავლო? - მირჩე თამამად მიუახლოვდა ბოშას.

- არა, არა! - მოხუცს თითქოს შეეშინდა, - სადავო არაფერია. ოღონდ, გაგვიგეთ, ჩვენ ძილი გვინდა, - მოხუცმა გაიღიმა და ხელები გაშალა, თითქოს ცდილობდა, თავისი ადრინდელი თავხედობა გადაეფარა.

- ჰო, კარგი, მივდივართ.

მირჩე შეშინებულ მარიშას მიუბრუნდა:

- გოგონებო, ნუ გეშინიათ, ეს მხოლოდ ბინძური ბოშაა. ჰოი! ეს რაღაა? - "ცოფიანმა" უეცრად მარჯვენა ფერდში უეცარი ტკივილი იგრძნო. ხელი მოისვა - თითქმის შადრევანივით მოსდიოდა სისხლი, მობრუნდა, სიბნელეში გაქცეული ბოშა დაინახა. უეცრად კივილი მოესმა: "ვაიმე, მირჩე დაჭრეს!"

როკერმა თავიდან ბენდენა მოიძრო და არაქათგამოცლილი მიწაზე დაეცა. ჭრილობიდან სისხლთან ერთად გველის სისინით ჰაერიც გამოდიოდა - ფილტვი იყო გახვრეტილი. მირჩემ ამოიხრიალა: - ჰაი, არამზადები!

ბიჭები უეცრად მიხვდნენ, რომ ეს თამაში აღარ იყო, აფორიაქდნენ, მირჩეს ამხნევებდნენ, მოითათბირეს და ბიჭების ნაწილი კურტო დე არჟესში წავიდა ექიმთან, ნაწილი კი მირჩეს მოსავლელად დარჩა. ჭრილობა გადაუხვიეს და ქურთუკები დაახურეს.

რამდენიმე წუთში, როცა დაჭრილი როკ-მუსიკოსი იწვა და სისხლისგან იცლებოდა, ბუჩქის ფოთლები თითქოს ქარმა შეარხია და რომანმა დაინახა... დრაკულა. ის ძველ საეკლესიო ფრესკაზე გამოსახულ სატანას ჰგავდა, თვალები - ჯოჯოხეთური ცეცხლის ორი ჩირაღდანი, მკვეთრად მოჭიმული შავი ტყავი, - მხრებთან ორი ხორკლი მოჩანდა, რომლებიც დაკეცილ ფრთებს მოგაგონებდათ. მისი ღიმილი თვით სიკვდილის ნაყოფი იყო, ზეიმი იყო მტაცებელისა, რომელიც, ბოლოს და ბოლოს, ხელში ჩაიგდებს მსხვერპლს. საშინელება თავისი ბრჭყალებიანი თათებით ტოტებს ამტვრევდა, მიწაზე დაგდებული როკერისკენ მიდიოდა და მიცოცავდა კიდეც. მისი სხეული შავ, გამდნარ ლითონს მოგაგონებდათ, რომელიც თასიდან გადმოიღვარა და მზად იყო, მირჩეს სული შთაენთქა. კვამლი და გოგირდის სუნი მოსდევდა. ჩანდა, რომ მას იქ მყოფთაგან ვერავინ ხედავდა. მეგობრები მირჩეს დასჩერებოდნენ. უცებ ყველამ, შეშინებულებმა შეამჩნიეს, რომ მას სხეული დაეჭიმა და თვალები გადმოეკარკლა, სადღაც შორს იყურებოდა, კანკალი აუტყდა - ეს ნიშანი იყო სიკვდილისწინა აგონიისა.

მირჩე შიშით თრთოდა, რადგან მიხვდა, რომ ეს ურჩხული მისი სულის წასაყვანად მოვიდა.

- აბა, რა გინდა? გავიგე, რომ ჩემთან პაქტის დადება გინდოდა, - დრაკულას ხმა მშვიდი და სასიამოვნოც კი იყო.

მირჩემ ჩურჩულით ყველა ნაცნობი ლოცვის სიტყვები გაიხსენა, ღმერთს შეწყალებას თხოვდა და გამოსწორების პირობას დებდა. საშინელებამ მისკენ ხიწვიანი თითები გაიშვირა.

- ეს უკვე აღარ გიშველის!

მირჩე მიხვდა, რომ მისი ცხოვრება ამ მიწაზე დასრულდა, მეტიც, იმ საზღვარს იქით, სიკვდილი რომ ჰქვია, საუკუნო მონობა ელოდება. სასოწარკვეთილმა დაიყვირა, გრძნობდა, გონებას კარგავდა, მერე გაითიშა...

ჰამერი პროდრომოსის ტერიტორიაზე შევიდა, მონაზვნები მანქანებიდან გადმოვიდნენ, კაბებიდან მტვერი და მიწა ჩამოიბერტყეს, თავაზიანმა მნემ, მამა სტეფანემ მიიპატიჟა საღამოს ტრაპეზზე, რომელიც ყურძნის მკრეფავთათვის მოემზადებინათ. მონაზვნები შევიდნენ ძველ, ფრესკებით მოხატულ სატრაპეზოში, ილოცეს და სუფრას მიუსხდნენ. სკიტში მწუხრი სრულდებოდა. პროდრომოსის ყველა მკვიდრი, თეფშების მრეცხავისა და მეტრაპეზის გარდა, კათოლიკონში იმყოფებოდა.

რომანი ცოტა ხანს გაჩუმდა და მერე ამბას ჰკითხა: - გაბრიელ, მე ბევრს ვფიქრობ იმაზე, თუ რა დამემართა სწორედ იმ ბოროტ ღამეს. ვის შევხვდი კარპატებში, როცა სისხლისგან ვიცლებოდი! ექიმები ამბობდნენ, ეს სპირტით გამოწვეული ჰალუცინაციის, ნერვული შოკისა და სისხლის დაკარგვის შედეგი იყოო. მამა დიონისემ მაკურთხა, დამევიწყებინა ყველაფერი, რაც ვნახე, მაგრამ არ შემიძლია, - მონაზონმა დაღლილ სახეზე ხელები აიფარა - ილუზიაა ეს, თუ რეალობა?

მამა გაბრიელმა ჩაფიქრებულმა უპასუხა:

- რომან, ვფიქრობ, რომ ვამპირები მაინც არსებობენ, რა თქმა უნდა, არა ჰოლივუდური ფილმების მსგავსნი... შენ ხომ იცი, რომ მე კიშინიოვის უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტი დავამთავრე. ერთი ჩვენი მასწავლებელი ჩუმად აღიარებდა მართლმადიდებლობას. მას ჩემს პირველ მასწავლებლად ვთვლი. ჩვენ ხშირად ცალკე გულახდილად ვსაუბრობდით. მან ერთხელ დრაკულას ნამდვილი ისტორია მომითხრო. ის ძალზე მოკლეა, თუ გინდა, მოგიყვები, - რომანმა დაუქნია თავი და ცარიელი თეფში მისწია:

- რა თქმა უნდა, მამა გაბრიელ, მომიყევით.

- მოდი, ცოტა ღვინო დავისხათ, ჰა, რას იტყვი? - მოხუცმა მონაზონმა ჭიქებში მშვენიერი მონასტრის ღვინო ჩამოასხა. რომანმა ჩამოიფოცხა ქერა წვერი და სმენად იქცა.



ბეჭდვა
1კ1