ჭეშმარიტად, შეცდი, ვითარცა ერთი კაცთაგანი
ჭეშმარიტად, შეცდი, ვითარცა ერთი კაცთაგანი
ერთი ალექსანდრიელი ბერი მოხუცებულ ქალთან დადიოდა ხოლმე მოწყალების სათხოვნელად. ხალხმა შეამჩნია ეს და დაბრკოლდა - ეგონათ, ქალი მისი ცოლი იყო, რომელსაც ბერი მალავდა და ქალაქის მთავარეპისკოპოსთან, იოანე მოწყალესთან დაასმინეს: ანგელოზის სახე მიუღია იმ ბერს, სინამდვილეში კი ვინმე ქალთან ცოლქმრულად ცხოვრობსო. ვიხსნი ამ ცოდვისგანო, - იფიქრა, იოანემ, წარგზავნა ხალხი და ბერი საპყრობილეში ჩააგდებინა.

იმ ღამეს, ძილში, წმინდა იოანეს დატუსაღებული მონაზონი გამოეცხადა, უჩვენა წყლულები, შეპყრობისას რომ მიეყენებინათ და უთხრა: "მოგწონს, უფალო? ჭეშმარიტად, შეცდი, ვითარცა ერთი კაცთაგანიო". მეორე დღეს იოანემ ბერი მოაყვანინა. ის, აუტანელი ტკივილისგან გატანჯული, ძლივძლივობით შევიდა ოთახში. ეპისკოპოსმა შეხედა და განცვიფრდა - იცნო ძილში ნანახი ბერი. გაახდევინა სამოსი, რათა ბოლომდე დარწმუნებულიყო ჩვენების სინამდვილეში და რა დაინახა - მონაზონი საჭურისი ყოფილიყო!

შენდობა სთხოვა მღვდელმთავარმა ბერს, მისი შემასმენელი თვითონვე ჩააგდო საპყრობილეში, მონაზონს კი ურჩია, ფრთხილად ყოფილიყო და აღარ ევლო ქალაქში ქალებთან ერთად. "წმინდაო მეუფეო, - უთხრა ბერმა, - დიდი ხნის წინ ეგ დედაკაცი მუხლებში ჩამივარდა, მითხრა, რომ ჰურია იყო, ქრისტეს რჯულზე მოქცევა სურდა და დახმარება მთხოვა. წამოვიყვანე და ამ ქალაქში დავასახლე. ხანდახან მივდიოდი ხოლმე და მცირე რამ საზრდელს ვთხოვდი, ხოლო რაკი საჭურისი ვარ, ვნებებისა და ეშმაკეული საფრთხისა არ მეშინოდაო". "ჰოი, რამდენი ფარული მონა ჰყავს ღმერთს!" - ბრძანა წმინდა იოანემ და მას შემდეგ უფრო მეტად სცემდა პატივს მონაზონთ.

ბეჭდვა
1კ1