დაკარგეს ადამიანებმა ჩემი სიმართლე და მსჯავრში მეცილებიან
დაკარგეს ადამიანებმა ჩემი სიმართლე და მსჯავრში მეცილებიან
უდაბნოში განმარტოებით მოღვაწე ერთ ბერს დროდადრო მღვდელი აკითხავდა ხოლმე, რათა სამეუფო მსხვერპლი შეეწირა. ერთხელ ამ ბერთან ეშმაკის მიერ შეპყრობილი კაცი მივიდა და მღვდელი განიკითხა. ბერმა მოუსმინა და დაბრკოლდა. როცა მას, ჩვეულებისამებრ, მღვდელმა მიაკითხა, რომ წირვა ჩაეტარებინა, ბერმა კარი არ გაუღო. მღვდელი დამწუხრებული დაბრუნდა შინ.

ბერი სალოცავად რომ დადგა, ზეციდან ხმა მოესმა: დაკარგეს ადამიანებმა ჩემი სიმართლე და მსჯავრში მეცილებიანო. ამის გამგონე დაყუდებული შეძრწუნდა. ამ დროს დაინახა ოქროს ჭა, ოქროსავე თოკი და ჭურჭელი. წყალი გასაოცრად წმინდა იყო, მაგრამ წყლის ამომღები ჩანდა არაწმინდა. მივიდა მასთან უფლის ანგელოზი და უთხრა: ჰოი, კაცო, რას ავნებს ამ წმინდა წყალს უწმინდური ამომღები ან რას მოაკლებს ყოვლადწმინდა მხვერპლს უღირსი შემწირველი? ის მხოლოდ თავს დაისჯის, მაგრამ სხვებს ვერარას ავნებსო.

ბერი გონს მოეგო, შეძრწუნდა, ცრემლით შეინანა დანაშაული, მოუხმო იმ მღვდელს, დაუჩოქა, შენდობა სთხოვა და ვედრებით დაითანხმა, რომ ძველებურად ეწირა ხოლმე. მას შემდეგ ეს ბერი სხვებსაც ასწავლიდა, არავინ განეკითხათ, რადგან მხოლოდ ღმერთია ყოველთა განმკითხველი. მით უფრო არ უნდა განვიკითხოთ მღვდლები, რომლებიც ანგელოზების გვერდით დგანან, წმინდა ძღვენს შესწირავენ უფალს და გარდმოიწვევენ სულიწმიდას, რომელსაც შვენის დიდება უკუნითი უკუნისამდე.

ბეჭდვა
1კ1