დასახლდა ქვის ქვეშ პახუმი
დასახლდა ქვის ქვეშ პახუმი
მღვდელმონაზონი ანტონ მთაწმინდელი, "XIX საუკუნის ათონელი მამები"
ბერდიდი მამა პახუმი
მამა პეტრონიამ შეამჩნია, რომ კელიის საზრუნავი და სტუმრები მყუდროებას ურღვევდნენ და რჩევას ეკითხებოდა თავის მოძღვარს, უკეთესად როგორ მოქცეულიყო. მოძღვარმა ურჩია, ვინმე ძმა დაემოწაფებინა და მისთვის მიენდო კელიის მართვა, თვითონ კი განმარტოებულიყო და ყველა საზრუნავი დაეტოვებინა. კავსოკალივის სკიტში ცხოვრობდა მისი თანამემამულე, სერბი მამა იოსები, რომელიც ახალი ჩამოსული იყო. მამა პეტრონიამ ის მოწაფედ მიიწვია. მაგრამ მერე გადაწყვიტა, მისთვის მთელი კელია გადაეცა ბერდიდის უფლებით, იმედი ჰქონდა, ამით აირიდებდა ყველა სტუმარს, რადგან მამა იოსები ჭირვეული და უკარება იყო.

ამ დროს მამა პახუმმა გადაწყვიტა, რომ სქემა იოსების ხელიდან მიეღო. ამის მიზეზი კი შემდეგი გახდა: მას დიდი ხანია უნდოდა, სქემა მიეღო, არჩევდა, რომელი მაღალსულიერად მცხოვრები ბერდიდის ხელით აღკვეცილიყო. თავის ფიქრებში მცირეზე არ შეჩერდა და უფრო ღირსეულ და უფრო მკაცრ მოსაგრეს ეძებდა. შეამჩნია რა საკუთარ თავზე მედიდურობის და ყოყოჩობის რქა, ბერდიდმა მკაცრად განიკითხა თავი და თქვა: "აი, იოსები იქნება შენი ბერდიდი, მისგან შეიმოსე სქემა". იოსები არც მოხუცებული იყო და მონაზვნურ საქმეში სრულიად გამოუცდელიც გახლდათ. მამა პეტრონიამ აზრი თავისი აღსარების მიმღებ მღვდელს გაანდო. მან განზრახული მოუწონა, რადგანაც ხედავდა, რომ იგი მტკიცედ ზრუნავდა საკუთარ თავში პატივმოყვარეობის აღმოფხვრაზე.

სქემით შემოსვისას პეტრონიას პახუმი ეწოდა.

დაემორჩილა რა თავის ახალ ბერდიდს, პახუმმა ძველებურად განაგრძო ბოსტნის დამუშავება და ბაღის მოვლა, რომელიც უხვად მოისხამდა ნაყოფს. რას არ ნახავდით იქ - ბალს, ალუბალს,

თხილს, გარგარს, ატამს და ვაშლს, რომ აღარაფერი ვთქვათ ყურძენზე. თუმცა კელიის პატრონი შეიცვალა, ძველ ნაცნობთა სტუმრობა ძველებურად გრძელდებოდა და ყველა მამა იოსებს კი არა, მამა პახუმს მიმართავდა. ეს არ მოსწონდა მამა იოსებს და მღვდელს სთხოვა, პახუმი ყველაფრისგან ჩამოეშორებინა, რათა სრული განმარტოება შეძლებოდა. სტუმრების სიმრავლის მიზეზად პახუმის საუცხოო ბაღი მიიჩნია და იოსებმა მოძღვარს სთხოვა, მის ამოსაძირკვად ეკურთხებინა. მოძღვარმა ყურად იღო, თუ რამდენად საზიანოა დაყუდებულისთვის მრავალთა სტუმრობა, დაიჯერა, რომ ამის მიზეზი არა პახუმის სათნოებები, არამედ მისი ბაღი იყო და ხეხილის ამოძირკვაზე დათანხმდა და ერთხელაც, გაფურჩქვნის დროს, რამდენიმე მონაზვნის თანდასწრებით, იოსებმა ნაჯახს ხელი მოჰკიდა და ხეების აჩეხვას შეუდგა. პახუმი მდუმარედ უცქერდა ამ უცნაურ სანახაობას. მერე მასთან იოსების ნათქვამის გავლენის ქვეშ მყოფი მღვდელი მივიდა და უთხრა: "რატომ გააშენე ასეთი ბაღი და ბოსტანი, რისთვის გჭირდება ამდენი შრომა და საზრუნავი? ეს არის დაყუდებული ცხოვრება?" მამა პახუმი შორს იყო ასეთი ბრალდებისაგან, დიდი ხანია განდეგილი ცხოვრებისკენ ისწრაფვოდა და მოძღვარს უთხრა: "მამაო წმინდაო, მე ეს თქვენთვის გავაკეთე, რათა რაღაცით მენუგეშებინეთ თქვენ და სხვა მამები, როცა ჩვენთან მოდიხართ; მე კი ეს ყველაფერი არ მჭირდება; ჩემთვის მღვიმეებიც საკმარისია და თუ მაკურთხებთ, წავალ და ქვის ქვეშ დავსახლდები". მოძღვარი მცირე ხანს დაფიქრდა, განსაჯა და უთხრა: "წადი და ღმერთმა გაკურთხოს!", "ბერდიდი რაღას იტყვის?" - დაუმატა პახუმმა და იოსებს შეხედა. მან იფიქრა, პახუმმა არანაირი ხელსაქმე არ იცოდა და მასთან ერთ კვირაში დაბრუნდებოდა, ამიტომაც ხალისით გაუშვა.

დასახლდა ქვის ქვეშ პახუმი, უამინდობისგან თავდასაცავად დაფებითა და ტოტებით ფარდულივით მიაშენა და მხოლოდ აუცილებელი ნივთები წაიღო. თავის ცხოვრებაში ამგვარი გარდატეხა უმაღლეს დაყუდებულ ცხოვრებაზე საღვთო განგებულების მოწოდებად მიიღო, შემდეგ კი არა მხოლოდ გასწყრა თავის ბერდიდზე, არამედ ხარობდა, რომ ასე მოულოდნელად უბიძგა მას სასურველი დაყუდებისაკენ.

თავიდან პახუმი ბერდიდთან დროდადრო მიდიოდა და ზოგჯერ პური მიჰქონდა, შემდეგ კი მის შეწუხებას მოერიდა და სიარული შეწყვიტა. ეს იოსებს არ მოსწონდა და უფრო და უფრო მეტ განსაცდელში ჩაეფლო და ერთხელ მოძღვარს უთხრა, პახუმის ფარდული დაეწვა და მისთვის იქ ცხოვრება აეკრძალა, მან კი უთხრა: "მაშ მიდი, დაწვი". ამასობაში პახუმი ხშირად განმარტოვდებოდა ხოლმე ათონის კლდეებში და ლოცვასა და ღმერთზე ფიქრში ჩაეფლობოდა. იქ ვერავინ ურღვევდა გონების ღრმა მყუდროებას და უფალს თავისუფლებისთვის მადლობდა. ხორციელი შრომის გარეშე რომ არ დარჩენილიყო, პახუმი ათონის ტყეებში ხეებს ამყნობდა და მათ გარეულ ბაღად აქცევდა. ზოგჯერ სხვადასხვა ხის ქვეშ ტოტებით ქოხს მოაწყობდა. ცოტა ხანს იცხოვრებდა აქ და საბოლოო თავსაფრის მოსაძებნად შინაგან სწრაფვას მიჰყვებოდა. გადადიოდა მღვიმიდან მღვიმეში, უდაბნოდან უდაბნოში, ბოლოს, იპოვა დაუსახლებელი ნაპრალი, რომელიც სრულიად შეესაბამებოდა მისი სულის მოთხოვნილებებს და იქ გადაიტანა თავისი მატყლის საბანი და სხვა მცირეოდენი, რაც ებადა.

ამ მღვიმეში დაყუდებით პახუმს უმთავრესად საკუთარი თავის გამოცდა სურდა: შეეძლო თუ არა დაეთმინა მღვიმეში ცხოვრების სიმკაცრე. ეს ადგილი ისეთი ცივი და ნესტიანი იყო და ძალიან მაღალი, იქ არავინ ცხოვრობდა. თუ ვინმე იმ ადგილებში დასახლდა, ვის კბილები დასცვივდა, ვის - თმა. ზოგი ისე ავადდებოდა, რომ მალევე კვდებოდა. არა ხორციელ სიმტკიცეზე, არამედ ღვთის განგებულებაზე ცოცხალმა რწმენამ ბერდიდი პახუმი ისე გააძლიერა, რომ იმ მღვიმის ცივი და ნესტიანი ჰაერი არას ვნებდა. თავიდან იქ დროდადრო მიდიოდა და თავის ძველ სადაყუდებო ადგილას ცხოვრობდა. მაგრამ ერთხელაც თავისი ქოხი დამწვარი დახვდა. ამის არც მიზეზი უძებნია, არც გამოუკითხავს, მადლობა გადაუხადა უფალს და უდაბნოში წავიდა. ამ დროიდან დაიწყო მწირული ცხოვრება. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი შემოაცვდა, ორცხობილა არ ჰქონდა, ბალახსა და ტყის ხილს აგროვებდა და იმით იკვებებოდა.

სხვადასხვა ადგილებში ხის ქვეშ კარავს მოაწყობდა და როცა სხვაგან გადადიოდა, ღირსი მაქსიმე კავსოკალიველივით, ძველ საცხოვრისს სწვავდა. ერთხელ მთელი ზაფხული ათონის წვერზე გაატარა.

მთიან ადგილებში ცხოვრებით მიეჩვია მსუბუქად ასულიყო და ევლო ისეთ კლდეებზე, სადაც არჩვიც კი ვერ იკიდებს ფეხს. ამ დროს მატყლის სამოსელი იყო მისი სახლიც, ანაფორაც, კაბაც, ქვეშაც მას იფენდა და ზედაც მას იფარებდა!


ბეჭდვა
1კ1