მასთან არავინ ყოფილა ღვთის გარდა
მასთან არავინ ყოფილა ღვთის გარდა
არქიმანდრიტი იოანიკე, "ათონური პატერიკი"
სიტყვა გონებასა და გულისთქმებზე
ერთი მოსაგრე ამბობდა: - ფხიზლად იყავი, დაყუდებულო მონაზონო , რათა შენი გონება უქმად არ დარჩეს. იფიქრე ფუტკარზე - იგი სიმბოლოა გულისა - რომელიც ყოველთვის სხვადასხვა სათნოებისაკენ ისწრაფვის, ვითარცა სურნელოვანი ყვავილებისკენ. განმტკიცდი ღვთისა და მოყვასის სიყვარულში (მოყვასი შენთვის გონებაა), შენი გონება გულში დაიმარხე, ვითარცა სკაში. ღირსი ნიკოდიმოსი ამბობს, რომ წმინდა მამებს გული თაფლით ავსებული ჭურჭელივით ჰქონდათ და მათი გონება აქედან ხარბად შეექცეოდა მოუკლებელ ლოცვის თაფლს. ლოცვა კი, მსგავსად დედა ფუტკრისა, ებრძვის მამალ ფუტკრებს და ხოცავს მათ. მამალი ფუტკრები კი არსებული ვნებებია... ამ ბრძნულ სიტყვებს ის თავის მოწაფეს, უკვე ბერდიდსა და ათონელ გამოცდილ მოსაგრეს სწერდა მთაწმინდაზე.

***
მრავალი წლის წინ წმინდა ანას სკიტის საძვალის გვერდით, პატარა ოთახში ცხოვრობდა მღვდელმონაზონი მათე, რომელიც მოუკლებლად ლოცულობდა.

ერთხელ მამა მათეს საძვალიდან რაღაც ხმაური მოესმა. გააღო კარი და ხედავს უამრავ მშვენიერ ყმაწვილს, რომელთაგან ერთნი იღებდნენ ძვლებს, სადღაც მიჰქონდათ, სხვებს კი პირიქით, ძვლები მოჰქონდათ და საძვალეში დებდნენ. ბერდიდი გაოცდა. ერთმა ყმაწვილმა კი ეს უცნაური ამბავი განუმარტა:

- რა გიკვირს, მამა მათე? - უთხრა მან, - ჩვენ უფლის ანგელოზები ვართ და ღვთისმშობლისგან იმის გაკეთების ბრძანებას ვიღებთ, რასაც უცქერი. ჩვენ აქ იმ ადამიანების ძვლები მოგვაქვს, რომლებიც მუდმივად გადაინაცვლებდნენ ხოლმე გონებით მთაწმინდაზე და ოცნებობდნენ აქ დაესრულებინათ თავიანთი ცხოვრების გზა, მაგრამ ვერ შეძლეს. ჩვენ ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ ისინი აქ აღდგნენ მკვდრეთით უფლის მეორედ მოსვლისას. სხვა ძვლები, როგორც ხედავ, აქედან სოფელში მიგვაქვს და მათ ეკუთვნით, რომლებიც სხეულით აქ იმყოფებოდნენ, გონებით კი სოფელში და მშობლების და ნათესავების ნახვის სურვილი ჰქონდათ. ამიტომაც საშინელი სამსჯავროს დღეს მთაწმინდის გარეთ, ერში აღდგებიან მკვდრეთით.

***
მამა იოსებ ისიქასტი (მღვიმელი) ჯვრებს თლიდა. ეს გახლდათ მისი ხელსაქმე. მაგრამ არ ცდილობდა მათ განსაკუთრებულ სიკოხტავეზე. როცა ჰკითხეს, რატომ ამჯობინებდა უბრალოებას, უპასუხა: - ჩვენი მიზანია, ამ უბრალო შრომით დავფაროთ ჩვენი ცხოვრებისეული მოთხოვნილებები. უფრო დახვეწილი ნაკეთობის დამზადება რომ მოვისურვოთ, მეტი საზრუნავი გვექნება. ამასთან, ადამიანების დაინტერესება ჩვენი ნაკეთობებით კიდევ ერთ დაბრკოლებად გვექცეოდა დაყუდებისას. ამის შედეგად გაიფანტებოდა გონება, რომელიც ალბათ მოშორდებოდა ღვთის ხსოვნას. თუ მონაზონს არ შეუძლია გონება ღვთის მოგონებაში (ხსოვნაში) გააჩეროს, მაშინ აღარ უნდა გააგრძელოს ხელსაქმე, ვინაიდან ასე მონაზვნურ ცხოვრებას ავნებს.

***
ქრისტემ მრავალსაზრუნავი (ამ სოფლიურზე ზრუნვა) შვებასა და სიმთვრალესთან ერთად დააყენა. აბა, წარმოიდგინეთ: ჩვენ, ვინც აქ შიმშილით (მარხვისაგან) ვკვდებით, მემთვრალეთა და ღორმუცელათა თანასწორ მარცხს შევეყრებით, რამეთუ სამივე საგანს მოაქვს თან დამძიმება და გასასტიკება გულისა და, შესაბამისად, ჩვენი ჩამოცილება ღვთისაგან.

ეს სიტყვა გვაგონებს ძველ მამათა და მოსაგრეთა ნათქვამს, რომელთაც ჰქონდათ უბრალო, ნაკლებსაზრუნავი ხელსაქმე.

ერთი თანამედროვე უდიდესი ისიქასტი, რომელიც ავადმყოფობის გამო იძულებული გახდა, რამდენიმე დღით სოფელში წასულიყო, მეუბნებოდა: - როცა მთაწმინდაზე დავბრუნდი, მთელი თვე დამჭირდა გაფანტული გონების მოსაკრებად და ლოცვასთან მისაყვანად.

სიტყვა საღმრთო ხილვებზე:
მონაზონთა ანგელოზებრივ დასს დროდადრო შეუერთდებოდა ხოლმე პირი, რომელსაც მაღალი პოლიტიკური ან სოციალური მდგომარეობა ჰქონდა საზოგადოებაში, მაგალითად, მეფე, დედოფალი ან მათი მემკვიდრეები, თავადები და მათი ცოლები.

ღირსი პავლე ქსიროპოტამელი იმპერატორ მიხეილ კურაპალატის (ბიზანტიის იმპერატორი 811-813 წლებში, გამოირჩეოდა სიმშვიდითა და ღვთის სიყვარულით) ვაჟი იყო, რომელსაც არ შეეძლო თავისი დროის ადამიანების უსამართლობისა და უსინდისობის დანახვა, უარი თქვა ხელისუფლებაზე და მონაზონი გახდა. ღირსი პავლეს დედამ, საკვირველმა პროკოფიამ, ვაჟის დაბადებამდე იხილა, თუ როგორ შვა პურის (ხორბლის) ძნაზე ვერძი. პატარა ბატკანს შობისთანავე თავს ორი ლომი დაესხა. ისინი მან პატიოსანი ჯვრის ნიშით მოიგერია და მოაკვდინა. ორი ლომი ნიშნავდა ეშმაკსა და სოფელს, რომელთაც სძლია წმინდანმა, ქრისტეს მშვიდმა და მამაცმა ვერძმა. თავისი თაფლთმწთოლვარე სიტყვებით ის მრავალ სულს გამოჰკვებავდა, თითქოს აძლევდა მათ სულიერი ხორბლის ძნებს და მადლის პურს.

***
როცა გრიგოლ სინელი მთაწმინდიდან წავიდა, უკან გაჰყვა მოწაფე, მარკოზ უბრალო. მთაწმინდას რომ სტოვებდა, მას უკნიდან ხმა მოესმა. მოიხედა, რომ დაენახა, ვინ ეძახოდა და უცნაური და საკვირველი რამ იხილა. მთელი მთაწმინდა თავიდან ბოლომდე აშენებულიყო და ერთ დიდ ციხესიმაგრედ მოჩანდა. გალავანს იქით ოქროს პალატები აღმართულიყო, მშვენიერი და დიდებული, რომლებიც ზეციურმა დედოფალმა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა წამოჭიმა, ხოლო მთავარანგელოზთა, ანგელოზთა და მონაზონთა ურიცხვი დასნი მოუკლებლად უგალოდნენ მას.

***
ღირსი მამაი ჩვენი ანტონი რუსი ესთიგმენელი XI საუკუნეში ცხოვრობდა. კონსტანტინოპოლში ყოფნისას ის იქ ათონელ მონაზვნებს შეხვდა, რომელთაც მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს სათნოებითა და კეთილკრძალულებით. მათგან შეიტყო მონაზვნური ცხოვრების აღმატებულობაზე, ანტონი მთაწმინდაზე მივიდა და ესთიგმენუს მონასტრის იღუმენს დაუდგა მორჩილად. სამწლიანი გამოსაცდელი ვადის შემდეგ ის მონაზვნად აღკვეცეს. ზეციურმა ხილვამ დაარწმუნა მისი მოძღვარი ანტონი რუსეთში გაეგზავნა, მრავალი სულის სიკეთისათვის და მონაზვნური ცხოვრების აღსაშენებლად, რომლის შესახებაც არაფერი იცოდნენ, ამ ვრცელ და ქრისტეს რწმენაზე სულ ახლახან მოქცეულ ქვეყანაში. მართლაც, ღირსმა ანტონმა ათონელ ღირს მამათა და ძმათა ლოცვით კიევის გარეუბანში დააარსა მონასტერი, რომლის იღუმენადაც დაინიშნა ღირსი თეოდოსი.

***
კავსოკალივის სკიტის კირიაკონის (საკრებულო ტაძარია) ბჭეში არის ფრესკა, აქ მოღვაწე ღირს მამათა, რომელთაც მუხლი მოუყრიათ წმინდა სამების წინაშე და ლოცულობენ ყველა მთაწმინდელი მონაზონისთვის.

მხატვარი ამ ხატის დასაწერად ღირსი აკაკის ხილვამ შთააგონა: მან იხილა სამღვდელო სამოსელით შემოსილი ღირსი მაქსიმე აღმსარებელი, რომელიც ღვთისმსახურების დროს კირიაკონში აკმევდა და მას უკან დაჰყვებოდა ორმოცი დიდებული მამა.

***
როცა ღირსი დიონისე ოლიმპიელი მთაწმინდაზე იღვწოდა და თავის მცირე ეკლესიას აშენებდა. მას ერთი ნაცნობი მონაზონი ეწვია. მან დაინახა ორი ადამიანი, რომლებიც ღირს მამას ეხმარებოდნენ და ქვები იქ მიჰქონდათ, სადაც წმინდანი მუშაობდა. როცა მონაზონი და მიესალმა, ის ორი შეუმჩნევლად გაუჩინარდა. გაოცებულმა სტუმარმა ჰკითხა წმინდანს, ვინ იყო ის ორი კაცი და სად წავიდნენო. მან უპასუხა, რომ მასთან არავინ ყოფილა ღვთის გარდა. მაშინ ეს მონაზონი მიხვდა, რომ უფალმა ანგელოზები გაგზავნა ადამიანთა სახით, რათა საქმეში დახმარებოდნენ ღირს მამას და განადიდა მან ღვთის საკვირველი განგებულება.

ბეჭდვა
1კ1