ბერდიდის ლოცვები ძალზე ძლიერი იყო
ბერდიდის ლოცვები ძალზე ძლიერი იყო
მამა ეფრემ ფილოთეველი. "მამა იოსების გვერდით"
თავი 12. მარხვა
გაგრძელება
დაობებულსა და ჭიან პროდუქტებს ბერდიდი დიდი მარხვისთვის გადადებდა , ეტყობა, იმ მოსაზრებით, რომ დიდმარხვაში ყველაფერს შეჭამდნენ. ამიტომაც, როცა ბერდიდი დაჭიანებულ ლობიოს შეინახავდა, ვიცოდით, დიდმარხვაში სახსნილო საჭმელი გვექნებოდა. კუჭს ძალზე უჭირდა. ღამ-ღამობით ღამისთევის ლოცვები ორმაგი კანონით, დღისით სამუშაო, დავათრევდით დაფებს, ხორბალს, ცემენტს. ცხოველებიც კი არ გასწევენ ტვირთს, თუ არ აჭმევ, ჩვენ კი წყალსაც არ ვსვამდით. ერთხელ ვუთხარით, - ბერდიდო, მუხლები გვეკვეთებაო.

მცირეოდენი ორცხობილა და წყალი მოგვცა.

ვნების შვიდეული დადგა. მეტის გაძლება აღარ შემეძლო. კუჭი მტკიოდა და ხშირად გული მერეოდა. ღამე კი ჩემი მოვალეობა უნდა შემესრულებინა: ათასჯერ მუხლმოდრეკა, საათობით ფეხზე დგომა; ათი საათი კელიაში ღამისთევით სკვნილზე ლოცვა, წიგნის კითხვა, მეტანიები. ასეთი იყო კანონი. და მდუმარება, არავისთან ვსაუბრობდი.

ბოლოს და ბოლოს, ჩემმა კუჭმა ვერ გაუძლო და მთელი აღდგომის დღესასწაულზე პირღებინება მქონდა. ბერდიდმა მითხრა, - გაისად შემსუბუქებული წელი გექნება, ორშაბათსა და პარასკევს დღეში ერთხელ შეჭამ ლობიოს.

ბერდიდთან ჩემი ყოფნის პირველ დიდმარხვაში, მათ მიერ დადგენილი მარხვა ძალზე მკაცრი მომეჩვენა, მაგრამ შემდგომ და შემდგომ, ორმეოცებში (ანუ დიდმარხვისას) ის უფრო მკაცრ მარხვას ინახავდა. ახლა ჩვენ, სუსტი სულისა და სხეულის ადამიანებს, გაფიქრებაც კი არ შეგვიძლია ასეთ ასკეზაზე.

ბერდიდი, მამა არსენთან ერთად, ეკლესიის მიერ დადგენილი მარხვების გარდა, დამატებით მარხვებსაც იცავდა. ერთხელ მათ გადაწყვიტეს, მთელი თვე პურს არ გაკარებოდნენ, მხოლოდ მცირეოდენ მოხარშულ ლობიოს ჭამდნენ. თავიანთ სხვა მარხვებში მარტოდენ პურს იხმევდნენ. განსაკუთრებით მკაცრად წმინდა დიდმარხვაში მარხულობდნენ.

ჩვენი ცხოვრება, ჩვეულებრივი ადამიანური საზომით რთული იყო, მაგრამ თავგანწირვის გულისთქმა მას ამსუბუქებდა. როცა სამორჩილო საქმე მოგვიხმობდა - მთიდან ქვემოთ ჩავსულიყავით და იქიდან ტვირთი ამოგვეტანა, ხშირად ეს ჩვენს ძალებს აღემატებოდა, მაგრამ უყოყმანოდ ვასრულებდით. ბერდიდი ხომ ასე გვასწავლიდა:

- კაცი, რომელსაც ხორციელი ღვაწლის სურვილი აქვს, მას სულიერი ღვაწლის სურვილიც ექნება, თუ ის კეთილ საფუძველს ჩაყრის და კარგად აითვისებს, რა არის მონაზვნობა. რამეთუ, შეგნებული და მონაზვნური ცხოვრების ჭეშმარიტ მიზანთან შეთანხმებული ხორციელი ღვაწლი სასწაულებრივად ეხმარება მონაზონს სინანულში, ცრემლებსა და ტირილში.

ეს დღისა და ღამის ღვაწლი, ბერდიდის ლოცვით, დღე და ღამ ცრემლთა დენას გვჩუქნიდა. იქამდე მივედით, რომ პირს წყლით კი არა, ცრემლებით ვიბანდით. ამიტომაც ხშირად, როცა დასაძინებლად დავწვებოდით, ირგვლივ საღმრთო კეთილსურნელება ტრიალებდა. ბერდიდის ლოცვები ძალზე ძლიერი იყო.

***
ერთ-ერთი დიდმარხვის დღეს ბერდიდმა მამა ათანასეს სთხოვა, - სადმე გუდა მიშოვეო.

მამა ათანასემ მთელი მთაწმინდა მოიარა, სადღაც ღორის თუ თხის გუდა იშოვა და ბერდიდს მოუტანა. ბერდიდმა მასში ჩაყარა მორჩენილი ყველის ნაფხვენები, შემდეგ მოადუღა შედედებული რძე და შიგ ჩაასხა.

- ბიჭებო, აღდგომის შემდეგ ისეთი გუდის ყველი გვექნება, მისი სურნელი აქაურობას დაატკბობსო.

ის ხშირად წმენდდა ტიკს, ვინაიდან მატლები ტიკის ყელთან იყვნენ ამოსულები - იმას ნუ უცქერით, რაც ზემოთაა, შიგნით ნახეთ, როგორიაო.

და როცა აღდგომის დღეს მან ეს ტიკი გახსნა, ისეთი სუნი ამოვარდა, მთელ მიდამოს მოედო. ყველიდან ამომძვრალი მატლები უკვე ნამეტანი იქნებოდა ჩემი მარხვით დაუძლურებული კუჭისთვის. განა შესაძლებელია, რომ ყველის ნარჩენების და ადუღებული შედედებული რძისაგან გუდაში ნორმალური ყველი ამოსულიყო? მიუხედავად ამისა, ბერდიდმა ეს ყველი მაგიდაზე დადო და მამა არსენთან ერთად ის მთლიანად შეჭამა.

***
როცა აღდგომა დადგებოდა, ჩვენ იმავე ღამისთევის ლოცვას ვასრულებდით, და კრინტსაც არ ვძრავდით იმის შესახებ, რომ ასეთი დღესასწაულის გამო რამე სხვა გავაკეთოთო. ტიპიკონი ასეთია! ღამისთევა, ჩვენი ჩვეულებრივი ღამისთევის ლოცვა! არანაირი დასვენება, ერთი დღითაც კი. ჩვენთან არაფერი იცვლებოდა. როგორ ვგალობთ: "მარხვითა, მღვიძარებითა და ლოცვითა, მადლი ზეცით მოიღე"(ღირს მამათა საზოგადო ტროპარი). ბერდიდი მეუბნებოდა: "ჩვენ თუ ამას არ შევასრულებთ, ნიჭის მიღებას ნუ ელიო". თვითონ ამ საქმეში წინ მიგვიძღოდა. ბერდიდი ჩვენთვის მაგალითი იყო.

საოცარი იყო ჩვენი აღდგომა - ეკლესიის წინ ეზოში, ფორთოხლის ხეების ქვეშ. მშვიდად, წყნარად ვმსახურებდით ლიტურგიას. ირგვლივ უდაბნოა, ჩვენს გარდა არავინაა. ვხედავდი, თუ როგორ ბრწყინავდა ბერდიდი, სიხარულის ცრემლებს ვეღარ იკავებდა წმინდა აღდგომის გამო! ჩვენ ვამბობდით: "ქრისტე აღსდგა!" - ის ტიროდა პატარა ბავშვივით. როგორი მშვენიერი იყო ეს ყველაფერი!

ღვთისმსახურება დასრულდა და ყველანი კელიებში გაიფანტნენ. მე ვფიქრობდი აღდგომის მადლზე, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა იმ დღეს მივიღეთ. შემდეგ კი დასაძინებლად დავწექი. ადრე გამეღვიძა. წავედი კლდეებისკენ, თან სკვნილს ვმარცვლავდი. რა სილამაზეა ირგვლივ! რა მშვენიერია აღდგომა ქრისტესი! რეკდნენ მონასტრის ზარებს წმინდა გრიგოლისა და წმინდა დიონისეს სავანეებში, რეკდა ზარი რუსული მონასტრისა, რომელიც ჩვენს ეზოზე ორჯერ დიდია. ხმაურობდნენ ტალღები და ისინი ჟღერდნენ, როგორც ჰიმნი, როგორც ფორტეპიანო, როგორც ორგანი და რაღაც ერთგვარ ზეციურ მშვენიერ მელოდიას ქმნიდნენ. ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორ აღესრულებოდა აღდგომა ზეცაში, როგორ გალობენ იქ ანგელოსები, როგორ აღასრულებენ ისინი ზეციურ ჰიმნებს, და მე ჭვრეტამდე აღვიწეოდი. ვიჯექი, იესოს ლოცვას აღვასრულებდი და ვტკბებოდი. ეს იყო აღდგომა ქრისტესი და ერთგვარი მშვენიერი სულიერი ნადიმი, რომელთაც სიტყვებით ვერ გამოთქვამ. მარტო ვიყავი კლდეთა შორის და გვერდით არავინ მყავდა, მხოლოდ ჩიტები.

ბერდიდმა გაიღვიძა და დამიძახა.

- პატარავ, პატარავ! სწრაფად მოდი აქ, ბრიყვო!

- მაკურთხე, მამაო.

- მოდი აქ! სად იყავი, ყაჩაღო? აბა, საჭმლის კეთებას შეუდექი! მამებს ჭამა უნდათ.

- მაკურთხე, ამ წუთში, მამაო.

- დაგეძინა, თუ რა არის? სად დარბიხარ?

მოვიტანე ერთი გუდურა ფიჩხი, ცეცხლი ავანთე, მოვიტანე წყალი და შევუდექი თევზის მომზადებას. საჭმელს ეზოში ვამზადებდი, მამების კალივების გვერდით. შემდეგ მაგიდას გადავაფარე. როცა გათენდა, მამები მოვიდნენ. უდაბნოში მდუმარედ ტრაპეზობდნენ. მამებმა საჭმელი შეჭამეს და წავიდნენ, მე კი თეფშების რეცხვას შევუდექი.

მეორე დღეს საჭმელს ბერდიდი ამზადებდა. თქვა, - მაგირიცას მოგიმზადებთო. მაგირიცა ცხვრის ჯიგრის სუპია. და რა გააკეთა? როცა ის თევზს ამზადებდა, გამოწელილ შიგნეულს არ ყრიდა. ახლაც გარეცხა, დაჭრა, დაუმატა ბრინჯი და ცოტაოდენი მწვანილი, ერთი თავი ხახვი. ვაი, ღმერთო, მიშველე! რა უნდა მექნა? ვიფიქრე, რადგან ბერდიდი აკეთებს, კარგი იქნება-მეთქი. თევზის შიგნეული ყარდა, მაგრამ მაინც შევჭამე და დასაძინებლად წავედი. გამოღვიძებაც კი ვერ მოვასწარი, ყველაფერი ამოვიღე. ბერდიდმა მკითხა:

- გული რატომ აგერია?

კუჭი მქონდა სუსტი.

ბეჭდვა
1კ1