"მე ჩემს ათონში ვარ! ჩემს საქართველოს ათონზე ვერ გავცვლი!"
"მე ჩემს ათონში ვარ! ჩემს საქართველოს ათონზე ვერ გავცვლი!"

წმინდა მამა გაბრიელს (ურგებაძე) არქიმანდრიტი ანდრია (ტარიადისი) იხსენებს:
"სამთავროს მონასტერში მისულმა, კურთხევა ვთხოვე კიბეებზე ჩამომჯდარ გაბრიელ ბერს.
- შენ როდის უნდა დამლოცო? - მკითხა და კურთხევისათვის მომზადებული ხელი უკან გაწია.
იმ საღამოს, საპატრიარქოში მიბრუნებულს, უწმინდესმა მომიწოდა და მითხრა:
- მოემზადე, მღვდლად უნდა გაკურთხოთ.
სიხარულით ავსებული, მეორე დღესვე გავეშურე მამა გაბრიელისკენ სახარებლად, რომ ასრულდა მისი წინასწარმეტყველება. გზად მიმავალი უფრო დავმშვიდდი. გავიფიქრე - დიდ მამებს ქება არ უყვართ, ის ხომ ისედაც მიხვდება-მეთქი, და გადავწყვიტე აღარაფერი მეთქვა მისთვის. მონასტრის ალაყაფში შესვლისთანავე საშინელი წივილ-კივილი მომესმა. სენაკს ვუახლოვდებოდი, გაბრიელ ბერის ხმა კი უფრო მკაფიოდ ჩამესმოდა:
- თქვე ფარისევლებო და უგუნურებო!..
დავიძაბე, მივხვდი, რომ მისი სიტყვები მე მეხებოდა. ჩემი ფიქრების და ზრახვების შემრცხვა და სინანული დამეუფლა".

მღვდელ-მონაზონი ანდრია ტარიადისი კიდევ ასეთ ამბავს იხსენებს:
"ღვთის შეწევნით, მხვდა ბედნიერება, წავსულიყავი ათონის მთაზე, სადაც იქაურ ბერებს დავუახლოვდი. ათონიდან რომ დავბრუნდი, ჩემთან ერთად წმინდა ათონის მთის ქსეროპოტამის მონასტრის იღუმენი და მასთან ერთად სამი მორწმუნე ჩამოვიდა. მათ შორის იყო, ერთი ღვთისმეტყველი,  რომელიც ყოველდღიურ ქადაგებას უძღვებოდა რადიოეთერში. მამა გაბრიელთან შეხვედრისას, იღუმენმა მირჩია, მისგან მიმეღო პასუხი ჩემი ბერად შედგომის შესახებ:
- მამა გაბრიელ, ბერობა მინდა და რას მირჩევთ?
მან დაუყოვნებლივ მიპასუხა:
- რახან ბერობა გინდა, შენ უკვე ხარ ბერი!
იღუმენი პასუხით კმაყოფილი დარჩა. საუბრის დამთავრებისას მათი
ჩატანილი საჩუქრებიდან (ხატები, სანთლები და სუვენირები), მამა გაბრიელმა ერთი ხატი ამოარჩია და ერთ-ერთ სტუმარს გადასცა; მან
გაკვირვებით მკითხა:
- ეს ხატები ჩვენ გაბრიელ ბერს ჩამოვუტანეთ საჩუქრად და უკან გვიბრუნებს?!
გაბრიელ ბერმა გაიღიმა და თქვა:
- ჰო, ამ ხატს შენ გჩუქნი!
ღვთისმეტყველი დიდხანს იდგა გაოგნებული. ხელთ წმინდა სტილიანოსის ხატი ეპყრა და გაკვირვებით ხან მას და ხან ბერს შესცქეროდა, მას ხომ სახელად სტილიანოსი ერქვა.
- ჩვენთან წამოდი ათონზე, ასეთი დიდი ბერის ადგილი, სწორედ იქ არის, - მიიწვია ათონელმა.
- მე ჩემს ათონში ვარ! ჩემს საქართველოს ათონზე ვერ გავცვლი! - უპასუხა მამა გაბრიელმა.

სულიერი კავშირი ჰქონდათ ორ დიდ მამას, არქიმანდრიტ გაბრიელს და არქიმანდრიტ ვიტალის. მამა ვიტალი რამდენჯერმე იყო მისული მამა გაბრიელთან: "ეს ძალიან დიდი ბერი არისო" - თქვა მან. მამა გაბრიელმა კი მამა ვიტალის "ანგელოზი" უწოდა.

ბეჭდვა
1კ1