შენთვის სათნო იყო, რომ ასეთი განსაცდელი მოგევლინა ჩემთვის?
შენთვის სათნო იყო, რომ ასეთი განსაცდელი მოგევლინა ჩემთვის?
მღვდელმონაზონი ანტონ მთაწმინდელი,
"XIX საუკუნის ათონელი მამები"
ბერდიდ ჰაჯი-გიორგის ცხოვრებაში საუბარია ასევე მის სულიერ მამასა და დამრიგებელზე - მოძღვარ (ამ შემთხვევაში საუბარია მღვდელზე, რომელსაც ეპისკოპოსისგან აქვს მინიჭებული აღსარების მიღების უფლება) ნეოფიტე კარამანლისზე.

ამ შესანიშნავმა ბერდიდმა ჯერ კიდევ ყმაწვილმა შეიტყო ათონსა და მეუდაბნოებზე და გულის უბრალოებით ფიქრობდა, რომ მეუდაბნოე მონაზვნები საჭმელად მაშინ სხდებიან, როცა ციდან ზარის რეკვა მოესმებათ. ჰოდა, მათი მიბაძვა გადაწყვიტა: იყო ხოლმე, რომ დილიდან შეუდგებოდა დავალებული საქმის შესრულებას და ელოდა ზეციდან ზარის რეკვით როდის მოუხმობდნენ მონაზვნებს. მეცხრე ჟამზე მას ზარის ხმა მოესმებოდა, მშვიდად ჯდებოდა და ტრაპეზობას შეუდგებოდა. ასე გრძელდებოდა კარგა ხანს. ბოლოს, თვითონაც მონაზვნობა მოინდომა. 18 წლის ყმაწვილი 1772 წელს მთაწმინდაზე მივიდა და აქ მთელი 88 წელი მოღვაწეობდა.

მეუფე პორფირე უსპენსკი, ჯერ კიდევ არქიმანდრიტი, სწავლული სტუმრისა და ათონის აღმწერლის ტიტულით მამა ნეოფიტესაც ესტუმრა და ესაუბრა. ის წერს: "მამა ნეოფიტე, რომელიც დაიბადა და გაიზარდა ანატოლიაში, დიდი ხანია, რაც აქ ცხონდება და სხვებსაც აცხოვნებს. ის მოძღვარია, მასთან აღსარებას ამბობენ ხუთი მონასტრის მონაზვნები და ათონზე მცხოვრები მღვდელმთავრები. მისი თქმით, კინოვიური სავანეების მონაზვნები ხშირად ეზიარებიან წმინდა საიდუმლოს, მაგრამ მკაცრი მარხვის გარეშე - წინა ღამეს სჭამენ ყველს და ცხიმს. ასეთ თავშეუკავებლობას არ იწონებდა მამა ნეოფიტე. ეს სიმკაცრე მომეწონა - იოანე ოქროპირისგან ვიცი, რომ ქრისტეს სისხლისა და ხორცის მაზიარებელი მზის სხივზე მეტად უნდა იყო განწმედილი. ვთხოვე მას, რომ რაიმე ეთქვა დასამოძღვრად. გამჭოლად შემომხედა და მითხრა: "გქონდეს ღვთის შიში და იყავი თავშეკავებული". "ამინ!" - ვუპასუხე და ვუსმენდი მის საუბარს. "მე, - განაგრძო მან თხრობა, - ცხრა მოწაფე მყავს. მათ არასოდეს ვუშვებ, დღისით ბოსტანსა და ვენახში მუშაობნენ, ღამე კი ხანგრძლივ მეტანიებს ასრულებდნენ. მათ შორის, ვისაც ყველაზე მეტად უყვარს ეგ მეტანიები, ის თავისუფლდება სამუშაოდან. ვინც შესცოდავს, იმას კვერთხითა ვსჯი. ცარიელ ავზში სამი დღის მანძილზე უპუროდ ვტოვებ. ისინი არასოდეს არ სჭამენ არც ყველს, არც თევზს, არ სვამენ ღვინოს, და მხოლოდ ორცხობილებს დასჯერდებიან; ეზიარებიან ყოველ კვირას გულისთქმების აღიარებისა და განხსნის ლოცვის წაკითხვის მერე. ასეთია ჩვენი ცხოვრება. შემოწირულობას ვიღებთ, მაგრამ მხოლოდ ჩვენი ეკლესიის შესანახად ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და არსობის პურისთვის, რომელსაც ყველას ვუზიარებთ, ვინც გვესტუმრება".

ერთხელ მამა ნეოფიტე თავის ბოსტანში გარეულ თხას გადააწყდა, რომელიც ბოსტნეულს აფუჭებდა და უბრძანა მას, იმ ადგილას მდგარიყო, თვითონ კი მოწაფეებთან მივიდა და დიდი ტომრის მიტანა უბრძანა. მოწაფეები წავიდნენ და თხა მოიყვანეს, გაუმართეს ბაგა და მამა ნეოფიტემ მათ უბრძანა თხა ფესვებით და ბალახით გამოეკვება, რათა ბოსტნებში არ ევლო და მეუდაბნოებისთვის ბოსტანი არ გაეფუჭებინა.

მოძღვარი და ბერდიდი ნეოფიტე, თანამედროვეთა შეფასებით, დიდებული კაცი იყო ღვთის წინაშე. თავისი გარდაცვალების დღე ორმოცი დღით ადრე შეიტყო; წაიკითხა ფსალმუნი და სახარება, თვითონ გაითხარა სამარე, ეზიარა წმინდა საიდუმლოს, აკურთხა თავისი მოწაფეები, ჯვარი გამოისახა და მშვიდად წარსდგა უფლის წინაშე. ის 1860 წელს გარდაიცვალა 106 წლის, აქედან 88 წელი ათონზე იცხოვრა.

ბერდიდი მამა პახუმი
საიდან იყო მამა პახუმი, ვინ იყვნენ მისი მშობლები, ჩვენთვის უცნობია. როგორც სერბი, ათონზე ჩამოსვლისას, სერბი ხალხის კუთვნილ ქილანდარის მონასტრის ძმობას შეუერთდა. ძმობაში ყოფნისას ის გულმოდგინედ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას და თავისი დაუზარებლობის გამო ყველას უყვარდა ის და პატივსა სცემდნენ. მცირეოდენი დროის გასვლის შემდეგ ის ეტრონიას სახელით მონაზვნად აღკვეცეს. აქ მას ასეთი რამ შეემთხვა, ის მზარეულისა და არქონდარიკის მოვალეობას ასრულებდა, კარეესში მონასტრის კონაკში (მეტოქიონში) უმაღლესი სულიერი ცხოვრებისაკენ მიმსწრაფველს, მოეჩვენა, რომ მას განსაცდელები და მწუხარებები არ ჰქონდა, ამასთან გაეგონა, რომ მრავალი მწუხარებით გვმართებს შევიდეთ ღვთის სასუფეველში (შეადარე საქმე მოც. 14,22). ამიტომაც მან დაჟინებით დაუწყო ვედრება უფალს, და განსაცდელის გამოგზავნას სთხოვდა, რადგან განსაცდელების გარეშე ცხოვრებით ცხონება არ დაეკარგა. ცნობილია, რომ ის, ვინც დაითმენს მოწეულ განსაცდელს, გვირგვინით იქნება შემკობილი, ხოლო ვინც აქეთ გამოითხოვს, ამით აჩვენებს თავის კადნიერებას ღვთის წინაშე, თითქოს უფალმა არ იცოდეს, რა არის მისთვის საჭირო და სასარგებლო, ანდა სიამაყეს, რომ ის უკვე ძლიერია და მტერთან ბრძოლა შეუძლიან. მაგრამ, რადგანაც ოპეტრონიას არც ერთი სჭირდა და არც მეორე, უფალი ხედავდა მის უბრალოებას და ცხონების სურვილს, მაშინ მას გაუმხილა, რომ არასწორი იყო მისი თხოვნა, როგორც ადრე უთხრა თავის მოწაფეებს: "არ უწყით, რასა ითხოვთ! (შეადარე. მარკ. 10, 38). მას ისეთი განსაცდელი შეემთხვა, რომ მიუხედავად მთელი თავისი მოთმინებისა, სულმოკლეობა გამოიჩინა და ღმერთს შეჰღაღადა: "შენთვის სათნო იყო, რომ ასეთი განსაცდელი მოგევლინა ჩემთვის? უფალო განმათავისუფლე, მაცხოვნე და შემიწყალე!" და მაშინათვე გათავისუფლდა ის ამ განსაცდელისაგან.

მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ქილანდარში ძალზე მცირე ძმობა იყო და კარეესში სიმშვიდე სუფევდა, მას ამაოება ამძიმებდა და სულით უფრო მეტად დაყუდებული ცხოვრებისკენ ისწრაფვოდა, ყოველგვარ ამაოებას მოშორებული, თუმცა მან არ იცოდა ამაზე თუ იყო ღვთის ნება, მით უმეტეს, რომ მონასტერში ცხოვრებისგან ის სულიერ სიკეთეს ხედავდა. ამგვარ გაურკვევლობაში მყოფმა, რჩევისთვის ერთ ბერდიდს მიმართა. მან ურჩია, რომ გულმოდგინედ და მოუკლებლად ელოცა უფლისა მიმართ და ისიც თავისთვის ნაცნობი გზებით, მას თავისი ნების მიხედვით მოაწყობდა.

უფალმაც შეისმინა მისი გულმოდგინე ლოცვა და შეისმინა მისი თხოვნა: ექვსი წლის შემდეგ მონასტერში მოხდა ზოგიერთი რამ გარემოება, რამაც მას საბაბი მისცა უდაბნოში განმარტოებულიყო. თვითონ მონასტრის ბერდიდებმა გაუშვეს ის თავისი კურთხევით. თვითონ მამა პეტრონია ათონის მწვერვალის ძირისკენ ისწრაფვოდა და აქ კავსოკალივის სკიტის ზემოთ მან თავისთვის ღირსი ათანასე ათონელის სახელობის კელია იყიდა. კელია თითქოსდა აშენებული იყო ვინმე სერბი არქიმანდრიტის მიერ. კელიას საკმაოდ დიდი კარმიდამო ჰქონდა, სადაც მალევე ნაყოფიერი ხეები და ბოსტანი მოაწყო.

მამა პეტრონიას უბრალოება და მოსიყვარულობა მისკენ ყველას იზიდავდა: ზოგი გვერდით ჩაუვლიდა, ზოგი სპეციალურად მიდიოდა. მასთან მისულები ბერდიდს არ აწუხებდნენ და არ მოსწყვეტდნენ საქმეს, არამედ თვითონ იკეთებდნდენ საჭმელს იმ მარაგისგან, რაც იქ ხვდებოდათ. მუდმივად სტუმრები მიდიოდნენ, მაგრამ ყოველივე საჭიროს უფალი უგზავნიდა.


ბეჭდვა
1კ1