ნუ წამართმევ ჩემი სიცოცხლის ერთადერთ ნუგეშს
ნუ წამართმევ ჩემი სიცოცხლის ერთადერთ ნუგეშს
ღირს ლუკა ელადელს სიყრმიდანვე უყვარდა მონასტრული ცხოვრება. ერთხელაც დედას გაეპარა და ათონის რომელიღაც მონასტერში ჩაიცვა კაბა. დედამისმა ევფროსინიამ იცოდა შვილის კეთილი სურვილი, მაგრამ რა ექნა, შვილი ძალზე ენატრებოდა: "უფალო, შენ ხარ მოწამე ჩემი ქვრივობისა და განსაცდელებისა, ნუ მიმატოვებ, ნუ წამართმევ ჩემი სიცოცხლის ერთადერთ ნუგეშს, საყვარელ ძეს! მე მისთვის არ დამიშლია შენი მცნებების დაცვა. მისი არა მარტო ხორციელი, სულიერი მშობელიც ვიყავი, მსურდა, სათნოებებით აღსავსე მენახა. პირს ნუ მიიქცევ ჩემგან, დამიბრუნე ჩემი ვაჟი, რათა ვადიდო სახელი შენი წმინდა". ღმერთმა მოხედა მის ცრემლებს. იმ მონასტრის წინამძღვარს, სადაც ლუკა მოღვაწეობდა, ძილში მტირალი ევფროსინია გამოეცხადა და შესჩივლა: "უბედურ ქვრივს ასე მწარედ რატომ მატირებ, რატომ წამართვი მხოლოდშობილი ძე, იმედი ჩემი სიბერისა? დამიბრუნე, თორემ არ დავცხრები და ღვთის წინაშე გიჩივლებო". წინამძღვარს შეშინებულს გამოეღვიძა, თავიდან ეშმაკის საცთური ეგონა, მაგრამ როცა სიზმარი სამჯერ განმეორდა, მოიხმო ლუკა და დატუქსა: "რად მოგვატყუე, ობოლი ვარო, როგორ გაბედე ჩვენთან ცხოვრება, როცა გულში სიცრუე გქონდა. დაბრუნდი დედაშენთან, რომელიც შენ გამო მესამე ღამეა სულს მიწუხებსო, - მერე კი, როცა ლუკას ცრემლები იხილა, მშვიდად უთხრა, - ჩემო ბიჭო, აუცილებლად დაბრუნდი დედასთან, მერე კი თვით უფალი შეგეწევა კეთილ განზრახვაში. ვხედავ, რომ დედაშენის ლოცვას დიდი ძალა აქვს ღვთის წინაშე და ყველა შენი ლოცვის განქარვება შეუძლია. წარვედ მშვიდობით და გახსოვდეს, მშობლების კურთხევის გარეშე რაიმეს ქმნა არ შეიძლება". წმინდა ლუკა შინ დაბრუნდა. ევფროსინიას განცვიფრებას საზღვარი არ ჰქონდა. მადლი შესწირა უფალს. ლუკა ოთხ თვეს დარჩა დედასთან, მერე კი მთელი გულით შესთხოვა უფალს შეწევნა. ღვთის მოშიშმა ევფროსინიამ ახლა უკვე აკურთხა შვილი და თავის წმინდა ლოცვებით დაცული მონასტერში გაუშვა.

***
XIX საუკუნეში რუსეთში, ეკატერინოსლავის გუბერნიის სოფელ ვარვაროვკაში, მოურავის ცოლი და მისი 15 წლის ქალიშვილი შეკამათდნენ. შვილი დედას უდიერად ლანძღავდა, ბოლოს კი მიაწყევლა: "შე ბებერო გრძნეულო, ეგ თვალები ამოგთხროდეს და ამოგვარდნოდესო". ამ საშინელი წყევლის მიზეზი ის იყო, რომ დედა გოგონას მუშაობას აიძულებდა. საწყალი დედამისი ერთი უბრალო, თავმდაბალი ადამიანი, შვილის წყევლამ შეაძრწუნა და ატირებული ოთახიდან გასვლას აპირებდა, რომ უცბად საშინელი კივილი მოესმა. მოიხედა და გაქვავდა: მის ქალიშვილს აქამდე ჯანმრთელი მარცხენა თვალი შეუწითლდა და ფოსოდან ამოუვარდა. შემდგომში გოგონა აკანკალებული ჰყვებოდა: იმ წუთას, როცა დედა ოთახიდან გადიოდა, მარცხენა თვალიდან სიმყრალის სუნი და საშინელი ტკივილი ვიგრძენიო.

ბეჭდვა
1კ1