შაოლინი ათონის წინააღმდეგ
შაოლინი ათონის წინააღმდეგ
სტანისლავ სენკინი
გაგრძელება
მის ცხოვრებაში ეს დიდი მოვლენა მეტად უბრალოდ დაიწყო. ის ერთ-ერთ პარიზულ რესტორანში იჯდა და ფანჯრიდან ეიფელის კოშკს მისჩერებოდა. ანაზდად თვალი მოჰკრა ორ ჩინელს, რომლებიც მაგიდის განაპირას ისხდნენ და მისთვის კარგად ნაცნობ მანდარინის დიალექტზე რაღაცაზე კამათობდნენ, რიგრიგობით უსმენდნენ ოპონენტს, პიცას მიირთმევდნენ და კოკა-კოლას აყოლებდნენ. ჟაკ პიერმა ყური მიუგდო მათ საუბარს. პირველი მეორეს უმტკიცებდა, რომ ჩინელები არ არიან ნაციონალისტებიო. თანამოსაუბრე არ ეთანხმებოდა:

- დუ ვეი-მინ, ჩვენ, ჩინელები, დიდი ნაციონალისტები ვართ. როგორ შეგიძლია ამაზე მეკამათო.

- წინამძღვარმა მითხრა, რომ შეეძლო, ერთი-ორი უცხოელი მიეღო, თუ მათ კარგად ეცოდინებათ ჩინური. არაა სიმართლე, თითქოს შაოლინი მხოლოდ ძირძველ ჩინელებს ეყრდნობა.

- მაგრამ მონასტერი დასავლურ კულტურას არ მიიღებს! ჩინელი ისეთ ისტორიულ ფაქტებზე ლაპარაკობდა, როგორიცაა ოპიუმის ომები, მაო ძე დუნის კულტურული რევოლუცია და სტადიონებზე თანამედროვე ნარკოდილერების ჩაცხრილვა - შაოლინის მონაზვნები მხარს უჭერდნენ ხუნვეიბინლების აჯანყებას, რომელმაც შანხაი გაანადგურა, ზოგიერთი ისტორიკოსის თქმით, ამ ჯანყის წამომწყებნი თვითონ ისინი იყვნენ.

- დიახ, რა თქმა უნდა, ჩინური კულტურა ყველაზე ჩაკეტილია მსოფლიოში, მაგრამ, ვან დემინ, შაოლინის მონასტერი უკვე მზადაა, თავისი საიდუმლო მსოფლიოს გაუმხილოს. ამიტომაც წინამძღვარი ეძებს ევროპელებს, რომლებიც შეძლებენ ჭეშმარიტი ჩინური კულტურის გადაღებას.

ჩინელებმა კვლავ პიცა შეუკვეთეს და საუბარი გააგრძელეს, მაგრამ ფრანგი მეცნიერი უკვე ტრანსში ჩავარდა. ასეთი გრძნობა მას დიდი ხანია არ განუცდია, ბოლოს, ასეთ მდგომარეობაში თოთხმეტი წლისა იყო, როცა "ბარსაკის" ექსპედიციის დაუჯერებელი თავგადასავალი წაიკითხა.

სიტყვა "საიდუმლომ" ისე იმოქმედა მასზე, როგორც ზარის ხმამ პავლოვის ძაღლზე, რომელმაც აანთო მისი ცნობისმოყვარეობა "გადაიღოს ჩინური კულტურა ყველაზე ძველ მსოფლიოში" - ეს სიტყვები სიხარულის სიმფონიად ჟღერდა მის გულში. სამი დღის შემდეგ უნივერსიტეტი დატოვა და ჩინეთში გაემგზავრა.

ჩინეთმა ფრანგი ფრთხილად მიიღო, მაგრამ მასში დაინახა გულწრფელი აღტაცება ჩინური კულტურით და სურვილი იმისა, რომ ამ კულტურის შესაცნობად მზად იყო, თავისი ევროპული კეთილდღეობა შეეწირა. შაოლინის წინამძღვარმა ჟაკ პიერი მორჩილად აიყვანა. პირველი შეხვედრისას წინამძღვარი მის პულსს შეეხო და უთხრა:

- თქვენ, ევროპელებს, ერთი ქალი გყავთ, ბავშვით ხელში, - და ამას ვხედავ, როგორც ჯვარს შენს შუბლზე. ის გიფარავთ ბოროტისაგან. მაგრამ ჩვენი, ჩინელების ღმერთი, ყველაზე ძლერია.

ოცი წლის შემდეგ ჟაკ პიერი, მონაზონი სიუი ჩჟენ-შუ გახდა, შეისწავლა კუნ-ფუს მთვრალი მაიმუნის სტილი, ასევე გახდა ოსტატი ცი-გუნი. თავგადაპარსულმა, ბუდისტი ბერის სამოსში გამოწყობილმა, თითქმის დაივიწყა მშობლიური ფრანგული ენა. მაგრამ წინამძღვარი მას ერთი მისიისთვის ამზადებდა, რომლის შესახებ მისთვის ჯერ არ იყო ცნობილი. ერთხელ მასთან ოთახში ძმა შევიდა. სიუი ჩჟენ-შუ მედიტირებდა, გონებაში გახრწნილ გვამს წარმოიდგენდა. მან შეგრძნების პერიფერიაში იგრძნო ადამიანის სიახლოვე, ყოველგვარი წესით გამოვიდა მედიტაციიდან და თავის დაკვრით მიესალმა ძმას, რომელმაც აუწყა, რომ წინამძღვარი სასაუბროდ ეპატიჟებოდა.

წინამძღვარი მედიტირებდა, როცა სიუი ჩჟენ-შუ მასთან ტერასაზე მივიდა. ის იჯდა ღრმა ტრანსში ჩაფლული, მისი ყვითელი მოსასხამი, ყურადღებიანი მზერა ჰარმონიაში იყო მზის სხივთან, რომელიც მის კეფაზე ეცემოდა და მბრწყინავ ანარეკლს ტოვებდა. ნახევარი საათი დაუცადა პატივმიგების პოზით, ამ დროს ფრანგმა გაიგონა ტრანსიდან ჯერ არგამოსული მოძღვრის ნათქვამი!

- სიუი ჩჟენ-შუ, ჩვენი კულტურა მზად არის, დაიმორჩილოს დასავლეთი სამყარო. მაგრამ ჩვენ ამას აგრესიულად კი არ გავაკეთებთ, როგორც ევროპელები იქცევიან, არამედ რბილად, ჩვენი ძველი სიბრძნის უპირატესობით, - წინამძღვარმა თავი დაუქნია და უბრძანა, პატივისცემის პოზა მეგობრული პოზით შეეცვალა. ეს გახლდათ უდიდესი პატივი და ფრანგი პირველად გახდა ამის ღირსი.

- სიუი ჩჟენ-შუ, თუმცა არ შეგიძენია ვიწრო თვალის ჭრილი და კანის ფერიც უწინდებურად თეთრი გაქვს, მაგრამ შენი სული ჩემსავით უეჭველად ჩინურია.

- გმადლობთ, მასწავლებელო, - ყოფილი ჟაკ პიერი აღტაცებისაგან ფრინავდა.

წინამძღვარმა კვლავ ასწია მარჯვენა ხელი, ნიშნად იმისა, რომ მას დუმილი მართებდა.

- მე ახლა შენ ერთი საიდუმლო უნდა გაგიმხილო. მისმინე! ჩვენს დიდ მასწავლებელთა ოსტატობამ იქამდე მიაღწია, რომ ჩვენ ვხედავთ, ამ სამყაროს თითოეულ გამოვლინებას, მისი ყოველი კუთხე გადაშლილა ჩინელ ბრძენთა თვალთა წინაშე. ჰა! - მოხუცმა მონაზონმა გაბრაზებულმა განაგრძო, - მხოლოდ ერთი ადგილია მიუწვდომელი ჩვენი მზერისთვის, ნახე - წინამძღვარმა აიღო იატაკზე დადებული გრაგნილი და გაშალა. ეს გახლდათ ხმელთაშუა ზღვის რუკა, - ნახე, სიუი ჩჟენ-შუ, ეს, ეგრეთ წოდებული, ათონის წმინდა მთაა.

- მე ვიცი ამ მთის შესახებ, მასწავლებელო, ერთხელ იქ წასვლაც კი დავაპირე, მაგრამ რატომღაც ყველაფერი ჩაიშალა.

- რა იცი ამ ათონის შესახებ?

- ის, რომ იქ ქალს არ უშვებენ და იქ რამდენიმე ათასი ორთოდოქსი მონაზონი ცხოვრობს.

- ჰა! ეს ყველაფერი სისულელეა! ჩვენ ამ მთის შესახებ საკმაოდ ბევრი რამ შევიტყვეთ, მაგრამ დღემდე ვერ ვხვდებით, რატომ, რა სულიერი ძალები აღგვიდგება წინ ჩვენ! გესმის? ეს ყველაფერი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სიუი ჩჟუნ-შუ - წინამძღვარმა ხმამღლა ამოიოხრა, - რომელიღაც ახალგაზრდა ევროპული ტრადიცია შეკითხვებს გვიტოვებს პასუხის გასაცემად! შენ უნდა წახვიდე იქ, სიუი და შეიტყო, რა არის ეს უჩვეულო ტრადიცია. შენ იქ წახვალ ჩინელ ბრძენთა ცოდნით შეიარაღებული. შენ ძლიერი ხარ.

- მზად ვარ გემსახუროთ, მოძღვარო, - მონაზონმა კვლავ პატივისცემის პოზა დაიკავა.

წინამძღვარმა, ლოცვის ჟესტით, გულზე ხელები დაიკრიფა:

- ვფიქრობ, რომ ათონელი მონაზვნები ჩუმად მეცადინეობენ საბრძოლო ხელოვნებაში. უნდა შევიტყოთ, ეს რა მეცნიერებაა და ჩვენი ბრძენები ამ ევროპული შხამის საწინააღმდეგო სითხეს მოამზადებენ. დაე, გაკურთხოს ზეცამ, ჩემო შვილო. თვითონ ბუდა დაგეხმარება ამ გზაზე, - ის კვლავ გაჩუმდა, წუთით და ზიზღით ჩაიქირქილა, - ჰა! მთაწმინდა! ვნახოთ, რას წარმოადგენს. რა სასჯელს დაიდებ, სიუი ჩჟენ, თუ დაკისრებული მოვალეობის შესრულებას ვერ მოახერხებ?

მონაზონი წამითაც არ დაყოვნებულა:

- თვალს ამოვიგდებ, მოძღვარო.

- ჰმ! - წინამძღვარმა პატივისცემით და სიყვარულით შეხედა ქვეშევრდომს, - სიუი ჩჟენ-შუ, შენ შეუდარებელი ხარ, როგორც ამბობდა ჩემი ღირსსახსოვარი მასწავლებელი ლიან დუნ ცზიაი, - "არ აიღო ზეცის საჩუქარი, ეს ნიშნავს, რომ საკუთარი თავი დაისაჯო. არ იმოქმედო მაშინ, როცა ამის დრო მოვიდა, ნიშნავს საკუთარი თავი დაიღუპო". წადი, ჩემო შვილო, დაე, შეგეწიოს ზეცა.

ბეჭდვა
1კ1