ბერი ევედრა დიდებულებს და გაათავისუფლებინა ქურდი
ბერი ევედრა დიდებულებს და გაათავისუფლებინა ქურდი
ერთი წმინდა ბერი, სულგრძელი და გულწრფელი, ეკლესიაში წავიდა. მეზობელი მის კელიაში შევიდა და წიგნები მოიპარა. ეკლესიიდან დაბრუნებულმა ნახა, რომ ვიღაცას გაუძარცვავს. შევიდა მეზობელთან, რომ ეს ამბავი შეეჩივლა. იქ კი თავისი წიგნები დახვდა, თურმე ქურდს გადამალვა ვერ მოესწრო. გულმოწყალე ბერმა არ ამხილა, საქმე მოიმიზეზა და გარეთ გამოვიდა, ქურდს ნაპარავი რომ გადაემალა. მერე კი შევიდა და სხვა რამეზე დაუწყო საუბარი. შემდგომში ამ კაცს ქურდობა შეამჩნიეს და დაატუსაღეს. შეიტყო ბერმა მისი ამბავი, სთხოვა წინამძღვარს სეფისკვერი და კვერცხი და პატიმრის სანახავად წავიდა. ქურდმა მის დანახვაზე ტირილი და ცოდვების აღსარება დაიწყო: - მამაო პატიოსანო, მე მოვიპარე შენი წიგნები და იმიტომ ვარ აქ ჩამწყვდეულიო. სანატრელმა ბერმა კი მიუგო: - გწამდეს ჩემი, ძმაო საყვარელო, ეს არ ვიცოდი. წავალ და ღვთის მადლით, დაგიხსნი. წიგნებს იმიტომ ვიძენთ, რომ მათგან ვისწავლოთ სიმშვიდე, სიმდაბლე, ძვირუხსენებლობა, მოწყალება და კეთილის ქმნა ყოველთა მიმართო. წმინდა ბერი ევედრა დიდებულებს და გაათავისუფლებინა ქურდი.


ბეჭდვა
1კ1