უკვე სამი კვირაა, რაც ძმაზე მრისხანებ
უკვე სამი კვირაა, რაც ძმაზე მრისხანებ
ბერმა ისააკმა გაიხსენა ერთი საგულისხმო ამბავი: "ძმას წავეჩხუბე და მასზე ვმრისხანებდი. ერთხელ ვზივარ, ვხელსაქმობ. გამახსენდა ჩვენი ჩხუბი, შევინანე, ვიფიქრე: ახლა რა ვქნა? ამ დროს ჩემთან ვიღაც ჭაბუკი შემოვიდა, წესისაებრ თითქოს ჯვარი გამოისახა კიდეც. მითხრა: "შენ შესცოდე და ახლა წუხხარ, დამიჯერე და მშვიდად იქნებიო". მაშინვე ვიცანი - ეშმაკი იყო და ვუპასუხე: "წარვედ ჩემგან, რადგან ღვთისაგან არა ხარ". "ვწუხვარ შენზე, საქმეს იფუჭებ, საბოლოოდ მაინც ჩემი ხარ", - მითხრა. "არა, მე შენი, ეშმაკისა კი არა, ღვთისა ვარ", - ვუთხარი შეშფოთებულმა. ეშმაკმა კი თქვა: "ვინც მრისხანებს და ბოროტება ახსოვს, ისინი ღმერთმა მომცა, შენ კი უკვე სამი კვირაა, რაც ძმაზე მრისხანებ. ბოროტებას ფიქრობ მასზე, ხოლო ასეთებს გეენიის ცეცხლი ელოდება. მე ასეთ ადამიანებს დავდევ თან. ამიტომაც შენ ჩემი ხარ". ეს რომ გავიგე, მაშინვე წავედი და ძმას შევურიგდი. ეშმაკმა ეს ვერ დაითმინა და კელია დამიწვა.

***
მავანმა ჰკითხა ბრძენს: "ღვთაებრივ მოძღვრებასა და ადამიანის მოვალეობაზე წიგნები არაერთხელ წაგიკითხავს და ისევ რატომ კითხულობ?" ბრძენმა უთხრა: "დღეს რატომ ითხოვ საჭმელს, გუშინ ხომ ჭამე?" "ამას იმიტომ ვაკეთებ, რათა ვიცოცხლო". "მეც იმიტომ ვკითხულობ, რომ ვიცოცხლო", - უპასუხა ბრძენმა.

***
"ამაყი სული მონაა შიშისა, საკუთარ თავზე დაიმედებულს ეშინია ჩრდილისა და მცირე ჩქამისაც კი, ქმნილება რომ გამოსცემს, - ბრძანებს წმინდა იოანე კიბისაღმწერელი. "ვისაც ღმერთის ეეჭვება, ის კაენივით მუდმივად შიშსა და შფოთში იმყოფება", - ბრძანებს ეფრემ ასური.


ბეჭდვა
1კ1