სიმშვიდისა და მოთმინების სანაცვლოდ
სიმშვიდისა და მოთმინების სანაცვლოდ
იყო ორი ხორციელი ძმა, ერთმანეთის მოყვარე, სიკეთის მოქმედი, მმარხველი, მლოცველი, მოწყალე და ყოველთა სათნოებათა მოსწრაფებით აღმსრულებელი. შეშურდა ეშმაკს ძმების სიყვარული და მათი გაყრა განიზრახა.

ერთხელ დადგნენ ძმები ლოცვად. უმცროსმა კანდელი აანთო, ეშმაკმა კი წააქცია იგი და გატეხა. განრისხდა უფროსი ძმა და მწარედ სცემა უმრწემესს, მაგრამ მან მშვიდად დაითმინა გვემა, გონებით მადლობდა ღმერთს, სიმდაბლით მოუდრეკდა მუხლს ძმას და ეტყოდა: "სულგრძელ იქმენ, ძმაო საყვარელო, ქრისტეს მადლით, ისევ ავანთებ სანთელსო". კაცთმოყვარე უფალმა მისი სიმშვიდისა და მოთმინების სანაცვლოდ წარმოავლინა ანგელოსი თვისი, რომელმაც განთიადამდე ტანჯა დემონი.

როცა გათენდა, ეშმაკი კერპთა ბომონს ეახლა და სატანას ყოველივე მოუთხრო. იქვე იყო ამ კერპის მსახურიც. გაიგონა, როგორ შესჩიოდა დემონი თავის ბატონს: "შევუჩნდებით ქრისტიანებს, ცოდვას ჩავადენინებთ, ისინი კი წავლენ, ერთმანეთს მდაბლად მუხლს მოუდრეკენ, განაქარვებენ ჩვენს ძალს და უჩინო-ჰყოფენ ჩვენს ცბიერებას; ცოდვაში ჩავარდნილნი მივლენ მღვდელთან, აღიარებენ ცოდვებს, ხოლო მეუფე მათი სახიერია - მიუტევებს და ჩვენც უჩინო ვიქმნებითო". ეს რომ მოისმინა, ქურუმმა დაუტევა საკერპო და კეთილი ქრისტიანი შეიქმნა.

ბეჭდვა
1კ1