აქ ყველა მონანული ვართ
აქ ყველა მონანული ვართ
არქიმანდრიტი იოანიკე, "ათონური პატერიკი"
სიტყვა მაცხოვნებელ სინანულზე
მრავალი წლის წინ, წმინდა სამების კალივის წმინდა ანას სკიტში , ხუთი ხორციელი ძმა ცხოვრობდა. კაცთა მოდგმის მტრის გამოისობით, ძმებს ხშირად ისეთი განხეთქილება ჰქონდათ ერთმანეთში, რომ ზოგი მათ სიმშვიდის დამარღვევლებად თვლიდა. თუმცა, ყოველ საღამოს ისინი ერთმანეთის წინაშე მუხლს იდრეკდნენ და შენდობას ითხოვდნენ.

გავიდა მრავალი წელი და ერთხელაც მათი შფოთიანი კალივიდან შეწყდა ხმაური და ყვირილი. სკიტის დიკეას ძილში ეუწყა ძმების ერთდროულად გარდაცვალება, სასწრაფოდ წავიდა იქ სხვა მამებთან ერთად. მართლაც, ხუთივე ძმა გარდაცვლილიყო. სწორედ იმ მომენტში, როცა მწუხრის შემდეგ ისინი ერთმანეთის წინაშე მუხლს იდრეკდნენ და შენდობას ითხოვდნენ, შენდობისა და გულმოწყალების ღმერთმა ყველანი გაიყვანა ამ ქვეყნიდან.

ამგვარი აღსასრული მათ განმართლებასა და ცხონებაზე მეტყველებს. ეს ნიშანია მათი გამოსწორებისა და იმისა, რომ გულში ჯავრს არ იტოვებდნენ. მაგრამ გაფრთხილებაა მათთვის, "რომელი იტყვიან იდუმალ მოყუასისა თვისისა ძვირსა" (ფს. 100,5).

ამბობენ, რომ მსგავსი შემთხვევა მრავალი წლის წინ მოხდა ივერთა მონასტრის კუთვნილ წმინდა სამების კელიაში (რომელიც ივერთა მონასტერსა და მილოპატამს შორის მდებარეობს), სადაც ცხრა ძმა ცხოვრობდა, თავის მოძღვართან ერთად. ისინი იმდენად მშვიდი და სათნო მონაზვნები იყვნენ, რომ ჰქონდათ კადნიერება, უფლისთვის ეთხოვათ, ყველა ერთად გარდაცვლილიყო და ღირს ქმნილიყვნენ უმტკივნეულო, ურცხვენელ, მშვიდობიანი აღსასრულისა და კეთილის სიტყვის მიგებისა ქრისტეს საშინელ სამსჯავროზე.

მართლაც, ერთხელ, მწუხრის შემდგომ, როცა ყველა მუხლს იდრეკს და ერთმანეთს შენდობას სთხოვს, ეს ათივე ნეტარი კაცი წარსდგა უფლის წინაშე. ისინი მიიცვალნენ კაბოსნები, მონაზვნური სქემით და სკვნილით - მონაზვნური იარაღით ხელში. თხუთმეტი დღის შემდეგ მეზობლად მცხოვრებმა მონაზვნებმა აღმოაჩინეს გარდაცვლილები - სხეული ცოცხალივით რბილი ჰქონდათ. არ იყო არანაირი სუნი ხრწნილებისა, მათი ხორციელი კალივიდან საკვირველი კეთილსურნელება მოედინებოდა.

ერთხელ მთაწმინდელ ბერდიდს ჰკითხეს:

- ბერდიდო, რა არის მთაწმინდა?

მან კი უთხრა: "ესრეთ იყოს სიხარული ცათა შინა, ერთისათვის ცოდვილსა, რომელმან შეინანოს" (ლუკა 15,7). აქ, ჩვენთან, მრავალია ისეთი, რომელიც ინანიებს, მეტიც, აქ ყველა მონანული ვართ.

თქვა ბერდიდმა:

- მონაზონი სინანულით შეიმოსება. ის მთლიანად ღვთისადმი სიყვარულით აენთება და სინანულში ცხოვრობს.

იყო ერთი კრეტელი ავაზაკი, არამატოლი და კლეფტი (კლეფტს ეძახდნენ თურქების მიერ დაქირავებულ ბერძნებს, რომლებიც თავისუფლებისმოყვარე ბერძენ პარტიზანებს ებრძოდნენ. პარტიზანები მათ კლეფტებს ანუ ავაზაკებს ეძახდნენ. ისინი ზოგჯერ თანამემამულეების მხარეზე გადადიოდნენ. შემდგომში მათ და სხვებმა, 1821 წ. ბერძენთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი რევოლუცია მოახდინეს), რომელმაც დიდი ზიანი მიაყენა თურქებს, ჩუმად და აშკარად ეხმარებოდა ქრისტიანებს. ის იმდენად საშიში და სახიფათო იყო ტირანი თურქეთისთვის, რომ ფაშა დაჰპირდა, ყველა დანაშაულს მოგიტევებ, თუ თავდასხმებს შეწყვეტ და კრეტას დატოვებო.

ამ ყაჩაღს ისე სძულდა თურქები, რომ ფაშის გაგონებაც არ უნდოდა. მაგრამ ერთხელ, როგორც გაირკვა, მან საშინელ ხილვაში იხილა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დედა, მართალი ანა, რომელმაც თავისთან მიიხმო და უბრძანა, თურქი ტირანის წინადადება მიეღო და რაც შეიძლება სწრაფად გამზგავრებულიყო მთაწმიდაზე, მისი სახელობის სკიტში.

საღვთო ხილვის ძალას დამორჩილებული ავაზაკი ასეც მოიქცა. სკიტელი მამები ამბობენ, თურქმა მმართველმა, დარწმუნებულად, რომ ის მართლა წავიდოდა კრეტიდან, პირადად გააცილა იგი ათონამდე.

როცა ავაზაკმა დაფნის ნავსადგურში მისვლისთანავე მოითხოვა, წმინდა ანას სკიტში წაეყვანათ. არ მოისურვა, რომელიმე ბერდიდის მორჩილება, ითხოვა, მონაზვნად აღეკვეცათ ანას სახელით და შესაძლებლობა მიეცათ, წმინდა ანას ტაძრის გვერდით დასახლებულიყო!

სკიტელმა მამებმა - ანა ქალის სახელიაო და მონაზვნად აღკვეცეს, სახელად იოაკიმე დაარქვეს და წმინდა ანას ტაძრის სიახლოვეს, სკიტის საძვალის უკან დააბინავეს. იქ ის მარტო იღვწოდა და ცხოვრობდა ყველა მამის ხელმღვანელობითა და რჩევებით, მათი უდიდესი მორჩილება ჰქონდა და ყველას წინაშე თავს იმდაბლებდა.

ამ ადგილას მამა იოაკიმემ ხუთ წელზე მეტხანს დაჰყო და შემდეგ მეტი მყუდროებისთვის ერთ მღვიმეში გადავიდა. მამებს მასთან პური და ორცხობილა მიჰქონდათ. აქ მან მძაფრი ბრძოლა გაუმართა ხილულ და უხილავ დემონთაგან აღძრულ განსაცდელებსა და საცდურებს და დიდი მოთმინება და სიმტკიცე აჩვენა, თითქოს მოხუცი და გამოცდილი მონაზონი ყოფილიყო.

ამნაირი სიმტკიცე გამოიჩინა მამა იოაკიმემ ზამთრის სიცივესა და ზაფხულის სიცხეში. ერთხელ, როგორც მამები ჰყვებიან, დიდი თოვლი მოვიდა, ირგვლივ ყველაფერს სქელი საფარველი გადაეფარა. წინადაცვეთის სახელობის კალივის მამებმა ახალი პური გამოაცხვეს და მამა იოაკიმეს მღვიმეში მიუტანეს. ბერი არ დახვდათ. ძახილზე ბერდიდი გამოეხმაურათ. ხმას მოყვნენ. იმ ადგილას თოვლი გადათხარეს და ქვაზე მჯდარი, მშვიდად მლოცველი იხილეს. ბერდიდი გაწყრა - დიდებული მყუდროება დამირღვიეთ და თოვლის ქვეშ გამთბარი ადგილი გამიციეთო.

მრავალი გაჭირვების და განსაცდელის დათმენით, მაგრამ ჭეშმარიტი სინანულით განვლო მამა იოაკიმემ ოცდახუთი წელი წმინდა ანას სკიტში, 1890 წლიდან 1915 წლამდე ის ხშირად ეზიარებოდა პატიოსან ძღვენს, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სისხლსა და ხორცს, მუდმივად ლოცულობდა და არ აცდენდა საერთო ლოცვის ყოველდღიურ მსახურებებს.

როგორც ჩანს, მამა იოაკიმე უფლისაგან მრავალი სულიერი ნიჭით იყო დაჯილდოებული, მათ შორის ნიჭით წინასწრმეტყველებისა და წინასწარგანჭვრეტისა. როცა მის გასაცნობად ლოცვა-კურთხევის ასაღებად, მასთან კალივაში სამი რუსი მომლოცველი მივიდა, მათ კურთხევის ნიშნად საჩუქრად გადასცაLპირველს ცერცვის სამი მარცვალი, მეორეს - ცოტაოდენი საკმეველი და მესამეს - ყვავილი. როცა რუსები წავიდნენ, მამებმა ჰკითხეს, რას ნიშნავდა ამგვარი საჩუქრებიო. ბერდიდმა უთხრა: "პირველს ცერცვის სამი მარცვალი იმიტომ მივეცი, რომ ის მონაზონი გახდება, მეორეს საკმეველი, რადგან შინ დაბრუნებულს მამა გარდაცვლილი დახვდება, მესამეს კი ყვავილი, რადგანაც სოფელში დაბრუნებული დაქორწინდება და ამ ყვავილს გადასცემს იმ ქალს, ვისაც ცოლად მოიყვანს". შემდგომში ასეც მოხდა.

ამის შემდეგ გავიდა მცირე ხანი, ბერდიდი უქეიფოდ შეიქნა, მაგრამ თავისი აღსასრული იწინასწარმეტყველა. სამი დღის შემდეგ მიიცვალა უფლისა მიმართ და ღირსი შეიქმნა ღირს მამათა აღსასრულისა, რათა გადასახლებულიყო მიწიერიდან ზეციურში და მარადის მყოფ ზეციურ კარავში.

ბეჭდვა
1კ1