ჰოი, რა მცირეა ჩემი ტანჯვა იმასთან შედარებით, რითაც ღმერთმა მომაგო!
ჰოი, რა მცირეა ჩემი ტანჯვა იმასთან შედარებით, რითაც ღმერთმა მომაგო!
კონსტანტინოპოლის ახლოს, ოლიმპოს მონასტერში, წმინდა მოწამეების - ავქსენტის, ევგენის, მარდარის, ევსტრატისა და ორესტეს სახელზე ეკლესია იყო აგებული. ყოველწლიურად, ამ წმინდანების ხსენების დღეს, 13 დეკემბერს, მონასტერში მეფე და პატრიარქი მობრძანდებოდნენ. მეფე ყოველთვის უხვად შესწირავდა სავანეს, რომლითაც მონაზვნები თავს ინახავდნენ. ერთხელაც წმინდანების ხსენების დღეს საშინელი ქარწვიმა დატრიალდა, აცივდა. ამიტომაც ქალაქიდან არც მეფე, არც პატრიარქი და არც სხვა ვინმე არ მოსულა. მონაზვნებმა, რომლებიც მხოლოდ შემოწირულობით ცხოვრობდნენ, მწუხრისა და კანონის შესრულების შემდეგ ეკლესიაში წმინდანებზე დრტვინვა დაიწყეს "ახლა რა უნდა ვქნათ? რა უნდა ვჭამოთ? წავიდეთ აქედან, თორემ შიმშილით დავიხოცებით". ასე დრტვინავდნენ მცირედმორწმუნენი, მაგრამ ტყუილად. შებინდებისას იღუმენთან მონასტრის მეკარე შევიდა და უთხრა: "მაკურთხე, მამაო, მონასტერში შემოვუშვა მეფის გამოგზავნილი კაცი, რომელმაც ორი აქლემით შემოწირულობა მოიტანაო". იღუმენმა აკურთხა და აი, შემოვიდა უჩვეულოდ სახენათელი კაცი, რომელმაც თქვა, რომ მეფისგან საკვები და ღვინო მოიტანა. მონაზვნები დანაყრდნენ. სწორედ ამ დროს მონასტერში დედოფლის გამოგზავნილმა კაცმა თევზი და ათი ოქროს მონეტა მოიტანა. მას მოჰყვა პატრიარქის გამოგზავნილი კაცი, რომელმაც მღვდელმთავრის შემოწირული საეკლესიო ჭურჭელი მოიტანა და თქვა, - პატრიარქი ხვალ ჩამოვაო. რა გქვიათო, - ჰკითხა მათ იღუმენმა. მეფის გამოგზავნილმა - ავქსენტიო, დედოფლის გამოზავნილმა - ევგენიო, მარდარი მქვიაო, - ბრძანა პატრიარქის გამოგზავნილმა. სტუმრებს დარჩენა შესთავაზეს. დილით კი ცისკრის მსახურებაზე ყველანი ერთად ტაძარში შევიდნენ. მათ შემოუერთდათ ორი უცნობი მამაკაცი. როცა ღვთისმსახურებისას წმინდანთა ცხოვრების წაკითხვის დრო დადგა, მონაზვნებმა იღუმენის ბრძანებაზე თქვეს, რად გვინდა, ტაძარში მაინც არავინ დგასო. მაშინ ერთ-ერთმა უცნობმა წიგნის წაკითხვის ნებართვა ითხოვა. როცა იმ ადგილამდე მივიდა, სადაც ნათქვამი იყო "ევსტრატის წვეტიანი ლურსმებიანი რკინის ფეხსაცმელები ჩააცვესო", მან ამოიოხრა, კვერთხი ტაძრის იატაკს დაარტყა. "რატომ მოიქეცი ასე, ევსტრატი?" - ჰკითხეს. მან შესძახა: "ჰოი, რა მცირეა ჩემი ტანჯვა იმასთან შედარებით, რითაც ღმერთმა მომაგო! ეს მე ამათ დასანახად გავაკეთე, რათა თქვენი ხსენება სათანადოდ იზეიმონო". ამის თქმისთანავე ხუთივე სტუმარი უჩინო შეიქმნა. მაშინღა მიხვდნენ მონაზვნები, რომ უცნობები მათი ეკლესიის მფარველი წმინდა მოწამეები იყვნენ. ღვთისმსახურების დასასრულს მონასტრის სასტუმრო ოთახი სავსე იყო პურით, ღვინითა და ზეთით. ამ ამბის გაგებისთანავე სავანეში მეფე და პატრიარქი მობრძანდნენ. აყვავებული კვერთხი კურთხევის ნიშნად დაინაწილეს.

ბეჭდვა
1კ1