"და ჰყავ პური ესე პატიოსან"...
"და ჰყავ პური ესე პატიოსან"...
ერთხელ მამა გაბრიელთან (ზირინიანოვი) აღსარებაზე ცნობილი ბერი მივიდა და თავისი დიდი დაცემა, დიდი ცოდვა აღიარა. მამა გაბრიელი მძიმე დღეში ჩავარდა: მიუტევოს ცოდვა - უჭირს, არ მიუტევოს და არ შეუძლია. ბოლოს, მაინც მიუტევა, მაგრამ თვითონ დაკარგა სიმშვიდე, თავს იუდაზე უარესად მიიჩნევდა. სასოწარკვეთამ მოიცვა. არადა, ლიტურგია უნდა აღესრულებინა. შიშით შეუდგა ლოცვას. დადგა დრო ლიტურგიის უმთავრესი ნაწილისა. როცა მამა გაბრიელმა სულიწმინდა მოიწვია ცრემლითა და გოდებით, ამ დროს ცა გაიხსნა, საკურთხევლის წინა მხარე თითქოს გაქრა და ბერმა დაინახა მაცხოვარი, ანგელოზებით და წმინდანებით გარშემორტყმული, რომელთაც მოწიწებით მოედრიკათ თავი.

წმინდანი მაცხოვრის ჭრილობათაგან გამომავალ მოვარდისფრო ნათელს მოეცვა. უფლის წყლულთაგან მომავალი ნათლის სვეტი ბარძიმში ჩაბრუნებულ წმინდა ძღვენს ეცემოდა. მაცხოვარი თითქოს თავის თავს თვითონვე შესწირავდა უფალ საბაოთს, ღმერთსა და მამას თვისას. დახრილიყო ზემოდან დაშვებული ენით აუწერელი და დიდებული ნათლის სვეტისაკენ. აი, რას ნიშნავს "დაე, დუმდეს ყოველი ენაი კაცობრივი". "ამ აღსარების გამო შეიქმენი ღირსი ამის ხილვისო", - აუხსნეს მამა გაბრიელს. მამა გაბრიელი გონს რომ მოვიდა, აღმოჩნდა, რომ ანალოგიასთან იდგა, ხელით ეყრდნობოდა მას და ამ სიტყვებს წარმოთქვამდა: "და ჰყავ პური ესე პატიოსან"... ანუ პური და ღვინო უფლის სისხლად და ხორცად გადაიქცეოდა. მამა გაბრიელი სულიერად განთავისუფლდა, თითქოს დიდი ტვირთი მოაცილესო. მალე ის კაცი დაავადდა, არაერთხელ აღიარა ცოდვები, ეზიარა და ასე ჩააბარა სული უფალს.

ბეჭდვა
1კ1