სამი ხორციელი საქმე
სამი ხორციელი საქმე
მამა არსენმა თქვა: სამი ხორციელი საქმე ვიხილე მამა პავლესთან: ყოველდღე მარხვა მწუხრიდან მწუხრამდე, დუმილი დიდი და ხელსაქმე. მამა პავლეზე ამბობდნენ, რომ მან დიდი მარხვა განვლო ორი პინაკი ოსპით და ერთი სტამანი წყლით. ასევე, ერთი მცირე კალათი ეჭირა ხელში, მას წნავდა და ისევ არღვევდა და ყოველთვის ამას აკეთებდა, რათა უქმად არ ყოფილიყოო.

***
ერთ ერისკაცს მონაზვნობა სურდა, დედა ეწინააღმდეგებოდა. ის კი არ იშლიდა, - სულის ცხონება მინდაო. ბოლოს, დედამ თავი ანება, ვაჟი მონასტერში წავიდა და იქ უდებებით ცხოვრობდა. გამოხდა ხანი, მოკვდა დედამისი, მცირე ხნის შემდეგ დასნეულდა ვაჟიც. ერთხელ სულით ის ჯოჯოხეთში ჩაიყვანეს, სადაც დედის სული იხილა. "შენც აქ მოხვდი, შვილო? აკი, მეუბნებოდი, სულის ცხონება მინდაო?" შერცხვენილი შვილი დუმდა. ამ დროს გაისმა ღვთის ბრძანება, - წაიყვანეთ ეს ბერი უკან, რამეთუ მე სხვა მონასტერში გაგგზავნეთ სხვა ბერის მოსაყვანადო. ის სხვა ბერი ახალი გარდაცვლილი აღმოჩნდა, ხოლო სულით ჯოჯოხეთში ჩასული - ხორციელადაც გამოჯანმრთელდა, სენაკში დაყუდებული შეინანებდა თავის უდებებას. ისეთ გლოვას მიეცა, ზოგიერთი ეუბნებოდა, ცოტათი მაინც დაინდე საკუთარი თავიო. ის კი პასუხობდა: დედაჩემის ყვედრება თუ ვერ დავითმინე და პასუხი ვერ გავეცი, რას ვეტყვი ქრისტეს და მის წმინდანებს, მე უდებიო...

ბეჭდვა
1კ1