ვაკურთხებ შენს ხელებს
ვაკურთხებ შენს ხელებს
მაკარი დიდი მამა ანტონისთან მივიდა და კარზე დააკაკუნა. მამა ანტონიმ კარი გაუღო და ჰკითხა, - ვინ ხარო. მამა მაკარიმ მიუგო, - "მე ვარ მაკარი". მამა ანტონი შინ შებრუნდა, კარი ჩაკეტა და სტუმარი გარეთ დატოვა. შემდეგ, როდესაც იხილა მისი მოთმინება, კარი გაუღო, გაიხარა მისი მოსვლით და უთხრა, - დიდი ხანია შენი ნახვა მინდოდაო. შინ შეიპატიჟა და მოასვენა, რადგან მძიმე და ხანგრძლივი შრომით იყო დაღლილი. შემწუხრებისას მამა ანტონიმ თავისთვის ფინიკის ფოთოლი დაალბო. მამა მაკარიმ სთხოვა, ნება მომეცით, მეც იგივე გავაკეთოო. უფლების მიღების შემდეგ დასხდნენ, ქსოვდნენ ჭილოფს და სულის საცხოვნებელ თემებზე საუბრობდნენ, ჭილოფებს კი სარკმლიდან გამოქვაბულში უშვებდნენ. განთიადზე მამა ანტონი გამოქვაბულში ჩავიდა, იხილა, მამა მაკარის უამრავი ჭილოფი მოექსოვა. ამოვიდა ზემოთ, ქედი მოიხარა მამა მაკარის წინაშე და უთხრა: ვაკურთხებ შენს ხელებს, რადგან უდიდესი ძალა გამოდის მათგანო.


ბეჭდვა
1კ1