მეოცე საუკუნის საქართველოს ეკლესიის გამორჩეული მნათობთაგანი
მეოცე საუკუნის საქართველოს ეკლესიის გამორჩეული მნათობთაგანი
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში მე-20 საუკუნის 50-იან წლებში მოღვაწე მღვდელმონაზონ ვასილ ფირცხელავას (1923-1961) 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ზუმში, მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიაში ადგილობრივი სამღვდელოების მიერ აღევლინა საღვთო ლიტურგია, რომლის შემდეგაც მღვდელმონაზვნის საფლავზე გადაიხადეს მისი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.
წარმოვადგენთ ზოგიერთ ნაწყვეტს იმ დღეს მწირველ მამათა ქადაგებებიდან, დაკავშირებულს მამა ვასილის პიროვნებასა და ღვაწლთან.

მღვდელი მიქაელ ლაგვილავა, ზუმის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი:
მამა ვასილს ურთულეს დროში, ათეიზმის ბობოქრობის ჟამს მოუწია მოღვაწეობამ. ცხადია, ეს მისი არჩევანი იყო. მეგობრების შეკითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა მან მონაზვნობა, იგი უპასუხებდა, რომ სწორედ ახლა სჭირდებოდა ეკლესიას. მამა ვასილს კარგად ჰქონდა გაცნობიერებული ათეიზმის დამღუპველი იდეოლოგია და ცდილობდა, ეს ყოველივე განემარტა ხალხისათვის. ერთია, როდესაც შენ გწამს ღმერთის არსებობისა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, როდესაც ღმერთზე ქადაგებ და ადამიანებს მაცხოვნებელი მოძღვრება-სარწმუნოებისკენ მოუწოდებ. სწორედ ეს სამოციქულო მისია იტვირთა მამა ვასილმა იმ დროს, როდესაც პირჯვრის გადაწერაც კი განსაკუთრებულ გაბედულებას მოითხოვდა. გვაკვირვებს მისი სიმდაბლე, მორჩილება... მან ჭეშმარიტად აღასრულა ქრისტეს მცნება: თავი დადო მოყვასისათვის, სამშობლოსა და ეკლესიის ერთგულებისთვის, ჰქონდა რა რწმენისმიერად გაცნობიერებული, რომ არსებობს ის მარადიული სიცოცხლე ქრისტეში, რომლითაც, გვჯერა, რომ ხარობს და ნეტარებს.

მღვდელი გიორგი ქვარცხავა, ჩხოროწყუს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური:

მღვდელმონაზონ ვასილ ფირცხელავას ცხოვრება, შეიძლება ითქვას, იმ ადამიანებსაც ამხელს, გამორჩევით - ასაკოვნებს, რომლებიც ხშირად ამბობენ: ჩვენ კომუნისტური რეჟიმის დროს აღვიზარდეთ, რის გამოც ჩვენთვის უცხოა სინანულისა (აღსარება) და ზიარების საიდუმლონი, ამიტომ არ გვაქვს გამოცდილება ეკლესიურად ცხოვრებისაო. ნიშანდობლივია, რომ მამა ვასილმა სწორედ იმ დროს თქვა უარი საერო კარიერულ წინსვლაზე და მოვიდა ეკლესიაში, როდესაც იგი ჩვენს ქვეყანაში ადამიანთა უმეტესობისგან ზურგშექცეული და დავიწყებულიც კი იყო. მამა ვასილი იმდენად თავმდაბალი გახლდათ, რომ უარი თქვა კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III-ის შეთავაზებაზე, ხელი დაესხათ ეპისკოპოსად - არა მარტო იმ მიზეზით, რომ პატივს ნამდვილად გაურბოდა, არამედ თავისი სულიერი მოძღვრები, ბეთანიაში მოღვაწე მამები მოიმიზეზა - მათ ვერ დავტოვებო. მახსენდება წმინდა ელია წინასწარმეტყველის ცხოვრებიდან ასეთი ადგილი: მეფე აქაბის ზეობისას გავრცელებული იყო კერპთაყვანისმცემლობა, კერძოდ, ბაალის ღვთაებისადმი თაყვანისცემა ისრაელიანთაგან. საყოველთაო განდგომილებით გულგატეხილი ელია უფალმა ანუგეშა - ამცნო, რომ ისრაელში კიდევ შვიდი ათასი მამაკაცი იყო დარჩენილი, რომელთაც თაყვანი არ უციათ ბაალის კერპისათვის. სწორედ ამის მსგავსად, ჩვენს ქვეყანაში ათეისტური კომუნისტური რეჟიმისას უფალს ფარულად ჰყავდა ცოტა, მაგრამ სიწმინდითა და თავდადებით გამორჩეული მამები, წმინდა აღმსარებელნი: იოანე მაისურაძე, გიორგი-იოანე მხეიძე, გაბრიელ ურგებაძე, რომელთა გვერდითაც მოღვაწეობდა მამა ვასილიც, თამამად შეიძლება ითქვას - მეოცე საუკუნის საქართველოს ეკლესიის გამორჩეული მნათობთაგანი.

მღვდელმონაზონი ეგნატე (ესართია), ოცინდალეს წმინდა გიორგის სახელობის მონასტრის მღვდელმონაზონი:
მამა ვასილი ჩვენთვის მრავალმხრივ სამაგალითოა. ადამიანი, რომელმაც წარჩინებით დაამთავრა ინსტიტუტი, მიიღო კარგი განათლება, უარს ამბობს მიწიერ კეთილდღეობაზე და მონაზვნობის გზას ირჩევს. იგი ამბობდა, რომ რელიგიას თავდადებული ადამიანები სჭირდებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელ ქვეყანას სრული უღმერთობა და ურწმუნოება მოიცავდა. თვითონ აღმოჩნდა ასეთი, ვინც ხორციელზე მაღლა სულიერი დააყენა, მიწიერში ზეციური არ გაცვალა, ვინც ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვას შეეწირა.




ბეჭდვა
1კ1