ნოსტალგიური მოგონებანი
ნოსტალგიური მოგონებანი
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007

გაზაფხული იდგა. ერთ საღამოს იოსებიანელ ხატმწერთა სახელოსნოს ვსტუმრობდით.

მწუხრის ლოცვის შემდეგ აივანზე გამოვედით, მცირე ხნით რომ დავმტკბარიყავით სავსე მთვარით განათებული სკიტის ცქერით. ირგვლივ სიჩუმე სუფევდა. მთვარე ისე უხვად მოგვფენდა შუქს, რომ თითოეული კალივა მკაფიოდ ჩანდა. მახლობელი სახლიდან ლოცვა ისმოდა - რომელიღაც ბერი აივანზე, ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ, კანონს ასრულებდა. გავიფიქრე: "ძმა უფალს ესაუბრება და მისგან წყალობას გამოითხოვს. ადამი და ევაც ასევე რომ მოქცეულიყვნენ ურჩობის შემდეგ, ღმერთი უთუოდ აპატიებდა ცოდვას და კაცობრიობასაც ასცდებოდა ამ ტრაგიკული გზით სიარული-მეთქი".

სკიტის კიდევ მრავალი მამა იდგა სკვნილით ხელში და იმავე ლოცვას იმეორებდა. ევედრებოდნენ მოწყალე ღმერთს: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე, ცოდვილი!" "იესოს სახელს მუდამ თან ახლავს სიტყვა "მოწყალება", - შევნიშნეთ საუბრისას მე და საძმოს ერთმა ბერმა.

ჩვენ თვალწინ დალოცვილი ეგეოსის ზღვა გადაჭიმულიყო. რარიგ კურთხეული, მყუდრო და ლამაზი იყო ის საღამო! დროდადრო საუბარს ვწყვეტდით, იესოს ლოცვა რომ მოგვესმინა.

უეცრად ამ ბუნებრივ და სულიერ სილამაზეში, ლამის სრულ სიჩუმეში ისეთი სულის გამგმირავი კივილი გაისმა, ჟრუანტელმა დაგვიარა. ფეხზე წამოვცვივდით და გაფაციცებულებმა მივუგდეთ ყური.

ეტყობა, ეშმაკს შეშურდა ეს სულის შემმუსვრელი საღამო და მამების შესაშფოთებლად "წაიცელქა". ანდა იქნებ რომელიმე ბერს რამე შეემთხვა?

ღვთისმშობლისადმი გალობით მოიჩქაროდა ვიღაც. "დედაო ღვთისა, ნეტავ რა მოხდა? რარიგ მშვენივრად გალობს! ეტყობა, კარგად იცის გალობა... ვინ შეიძლება იყოს? ასეთ დროს რატომ მორბის? რა ხდება, ღმერთო?" - ათასგვარმა ფიქრმა გაგვიელვა, ვცდილობდით აგვეხსნა, რაც ხდებოდა.

კაცი ჯერ სკიტის პირველ კალივასაც არ მოახლოებოდა, რომ მის ზურგს უკან სირბილისგან დაქანცული მოხუცი ბერის სულისშემძვრელი კივილი შემოგვესმა:

- მამებო, დაიჭირეთ, დამეხმარეთ! მოხუცი ვარ და მაგის დევნა აღარ შემიძლია...

ღმერთო ჩემო, რა ხდება? შესაძლოა, ქურდია და ცდილობს, გალობით თავგზა აგვირიოს... იქნებ მორჩილია და მოძღვარს რაღაც დაუშავა? ვინ იცის, იქნებ საქმე სულ სხვა რამეშია და ჩვენ აზრადაც არ მოგვდის...

უცნობი ბოლო კალივას მოუახლოვდა. ორი-სამი ხანში შესული ბერი წინ გადაუდგა და დაიჭირა. ის ისევ შეუჩერებლად უგალობდა ღვთისმშობელს და კითხვებზე არ პასუხობდა.

მთელი სკიტი აღელდა. მშვიდობა და მყუდროება შიშმა და შფოთმა შეცვალა. მალე მისმა მოძღვარმაც მოირბინა. გავიგონეთ, როგორ უმეორებდა ლტოლვილს:

- რა გემართება, შვილო, ასე რატომ იქცევი? დამშვიდდი...

ხმაზე ვიცანით - ყოველთა წმიდათა კალივის ბერი გახლდათ. უცნობი მგალობელი მისი მორჩილი უნდა ყოფილიყო. ის არც მოძღვარს პასუხობდა, მხოლოდ გალობდა. "როგორც ჩანს, მორჩილს რაღაც შეემთხვა, - გავიფიქრე, - მერე როგორ განიცდის ამას მისი სიბერით დაუძლურებული მოძღვარი!" თოკი მოიტანეს და მორჩილი გავკოჭეთ. ყველანი კირიაკონში შევედით. მოხუცი ბერი ტიროდა და გვევედრებოდა, მარტო არ დაგვეტოვებინა, სანამ არ მოიფიქრებდა, რა ეშველა მორჩილისთვის.

აღარ დაგვიძინია. მთელი საღამო ლოცვაში გავატარეთ: "ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, აცხოვნე მონაი შენი..."

დილით კირიაკონში შევედით და ამბავი ვიკითხეთ. თურმე ყოველთა წმიდათა კელიის მორჩილს უეცრად პარანოია დასწყებია: კელიიდან ისე გამორბოდა, თითქოს ვიღაც მოსდევსო. მისი მოძღვარი, მიუხედავად უძლურებისა, უკან გამოჰყოლია, სადმე ხრამში რომ არ გადაჩეხილიყო.

ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!

მეორე დღეს სკიტში უნდა დავბრუნებულიყავი. ნავში შევიტყვე, რომ ბერი და მისი ავადმყოფი მორჩილი თესალონიკში წაუყვანიათ სამკურნალოდ.

* * *

ის დრო, რომელიც ხეზე კვეთის შესასწავლად ამ ორ კავსოკალიველ მამასთან გავატარე, ძალზე სასარგებლო აღმოჩნდა ჩემთვის - არა იმდენად ხელობის შესწავლის მხრივ, რამდენადაც მათი სამაგალითო ცხოვრებისეული გამოცდილების შეგროვების თვალსაზრისით. ამ კეთილმა ბერებმა ძალზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ჩემი ბერული ცხოვრების იდეალის ჩამოყალიბებაში.

დაუვიწყარია მამა მიქაელის ბავშვური სული და ღრმა სულიერება. მუდამ ღიმილი დასთამაშებდა პირზე. გონიერი ლოცვა რომელიღაც დიდი მამისგან ესწავლა და ახლა სხვებისგან მალულად ლოცულობდა.

მამა სოფრონს განსაკუთრებული მორჩილი ჰყავდა - მამა თეოფილაქტე. ვფიქრობ, ორიოდე მორჩილს თუ გადაულახავს მისი დარი უმკაცრესი გამოცდები. მისი უსიტყვო მორჩილება, იობის მოთმინება და დაუღალავი სწრაფვა, არ წაბორძიკებულიყო განსაცდელების ჟამს - ჩემში განსაკუთრებულ კრძალვასა და პატივისცემას იწვევდა.

ბერული ცხოვრების გზაზე პირველ ნაბიჯებს რომ ვდგამდი, ყოველთვის ვცდილობდი, მე, პატარა და გლახაკ მონაზონს, მისგან რაღაც მესწავლა. ვფიქრობ, ისიც მიმიხვდა და ყოველთვის რამეს მიბოძებდა ხოლმე თავისი სულიერი საგანძურიდან. მის ყოველ გამონათქვამს ვისრუტავდი და სულის სიღრმეში ვიმარხავდი.

ერთხელ ვკითხე:

- მამაო, რა არის ის, მამები "უფლებას" რომ ეძახიან?

მახსოვს, თვალები აემღვრა. მითხრა:

- ძმაო, ალბათ ღმერთმა გულისხმა მოგცა, ამ თემას რომ შეხებოდი. სწორედ მე გახლავარ განსახიერება იმისა, ვისაც მამები "უფლებიან" ბერს ეძახიან. მე რომ სულიდან ის საშინელი წინააღმდეგობა გამედევნა, რომელიც ყოველ მორჩილს ხვდება სრულყოფილების გზაზე, ნამდვილი ბერი ვიქნებოდი. მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოვქცეულვარ...

სადღა არიან მამები, რომლებიც თვლიდნენ, რომ უფლება ჰქონდათ წვეთი წყლის შესმისა და რამდენიმე ორცხობილის შეჭმისა? ძველად სწამდათ, რომ ეს ორცხობილა და წყალი წყალობა იყო ღვთისა და მოწყალება ადამიანებისა, რომელიც სიყვარულით მოუძღვნეს და არა მათი დამსახურების გამო.

ძმაო, მამები მრავალგზის გვაფრთხილებენ უფლების დამღუპველ მნიშვნელობაზე ბერის ცხოვრებაში. ჩვენი ცხოვრებაც ამას გვიმტკიცებს. აბა, წარმოიდგინე მორჩილი, რომელიც გულში გაიფიქრებს: "დღეს ტრაპეზზე კარგი საჭმელი უნდა მქონდეს, რადგან მორჩილებამ ძალზე დამღალა და ძალა გამომელია. მცირეოდენ ზეთისხილს ვერ ვიმყოფინებ. განა არა მაქვს უფლება, რამე მოვითხოვო, თუ უფროსები ამას ვერ ხვდებიან? კაბა, შარვალი, წინდები - ყველაფერი ჩვრად მექცა. ნუთუ არა მაქვს უფლება, ახალი ჩავიცვა, სხვა ბერებს ხომ ყველაფერს აძლევენ, რაც სჭირდებათ? მეც ხომ ადამიანი ვარ, რატომ არა მაქვს უფლება, მომსვლელს გავესაუბრო, ვკითხო, რა ხდება სოფელში?"

არა! ბერს არაფრის უფლება არ უნდა ჰქონდეს. ის ვალდებულია, უარი თქვას ყველაფერზე, თვით თავის კანონიერ და ბუნებრივ უფლებებზეც კი.

ერთ მაგალითს გეტყვი. ზოგჯერ ჩვენი მტერი (ეშმაკი) თავს დამცველად გვაჩვენებს, მოდის და ჩაგვაგონებს, თითქოს სურდეს, საკუთარი უფლებები დავიცვათ. ვთქვათ, სატრაპეზოდ ჯდები. შენ გარდა ყველას თეფშები უწყვია წინ. ამ დროს უფლების ვნება ცდილობს, რადაც უნდა დაუჯდეს, შენში წინააღმდეგობის მხეცი გააღვიძოს: "ნუთუ არ მაქვს უფლება, მეც მედოს თეფში? განა ეს უსამართლობა არ არის?!" თუ შეძლებ დაამარცხო ეს გულისთქმა და განაქარვო საკუთარი "უფლებების" დამცველი ფიქრები, შენს გულში სრული სიმშვიდე დაისადგურებს, რადგან იფიქრებ, ჩემი ცოდვების გამო საჭმლის ღირსიც კი არ ვარო. თუ სხვებთან ერთად სამადლობელ ლოცვას წარმოთქვამ, თითქოს საზრდელი მიგეღოს, და მშვიდად და თავმდაბლად დაელოდები შემდგომ ტრაპეზს, ჩაიკლავ საკუთარ უფლებას და სწორი მონაზვნური ცხოვრების გზას დაადგები. შენი უფლების ჩაკვლას მოჰყვება აღორძინება ძმების უფლებებისა, უფრო კი - ღვთის უფლებებისა, რასაც მუდამჟამ შევთხოვთ კიდეც: "კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავე მე სიმართლენი შენნი!.."

განმაცვიფრა მისმა აზრებმა, რომელთა მსგავსი მანამდე არ მომესმინა. მცირე ხნის შემდეგ ვკითხე:

- მამა თეოფილაქტე, რა არის მიზეზი ამგვარი მომაკვდინებელი აზრების დაბადებისა?

- ამ დროს ბერს მთავარი სათნოება - თავის უარყოფა აკლია. ამ სათნოებას მრავალი სახე და საფეხური აქვს. თავის ნაწილობრივ უარყოფისას მხოლოდ ზოგიერთ ნივთზე ვამბობთ უარს, მაგრამ ნამდვილი ბერები რომ გავხდეთ, ეს საკმარისი არ არის; მხოლოდ სრული უარყოფა თავისა ამართლებს ჩვენს ბერულ მოწოდებას. მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ საკუთარ თავს კი არა, ღმერთს ვეკუთვნით და ერთადერთი უფლება გვაქვს: მთელი სხეულითა და სულით, მთელი არსებით ყოველ წამს მხოლოდ უფლისა ვიყოთ.

რამდენი შებორკა და დაღუპა ეშმაკმა! ასე რომ, იძინე ხის ტახტზე, ერთადერთი ქაშაყით შეხვდი აღდგომას, ჭამე მხოლოდ ერთი კოვზი ზეთით შენელებული მწვანილი, თუ გინდა, რომ კარგი ბერი გახდე... მთელი ცხოვრება გახსოვდეს ჩემი ნათქვამი და მადლობა შესწირე ღმერთს, რომ მოგაშორა ყველაზე ბუნებრივი უფლებები...

- გმადლობ, მამა თეოფილაქტე, ამ სასარგებლო რჩევისთვის! ის დიდად წაადგება ჩემს სულიერ აღორძინებას. გთხოვთ, არ დამივიწყოთ თქვენს ლოცვებში, რამეთუ მსურს, კარგი ბერი გავხდე...

მადლი შევწირე ღმერთს ამ შეხვედრისთვის.

მას შემდეგ ოცდაათი წელი გავიდა, მაგრამ მეჩვენება, თითქოს ეს ყველაფერი გუშინ მოხდა.

* * *

სხვა კავსოკალიველი მამები გახლდნენ: მამა ევლოგი და მამა პავლე თავიანთი საძმოთი, წმინდა აკაკის კალივის ბერები - მამა აკაკი მორჩილებითურთ: მამა იეროთეოზით და მამა ტიმოთეთი, რომელიც განსაკუთრებულად მიყვარდა. არასოდეს დამავიწყდება მისი გამასპინძლება, როცა კავსოკალივა პირველად მოვინახულე.

ერთხელ, წმინდა ანას სკიტიდან წამოსული, კავსოკალივისკენ დავეშვი. მცირე ხნის შემდეგ ბერის ხმა მომესმა - ჩუმად, ოდნავ გასაგონად ლოცულობდა იესოს ლოცვას. შევჩერდი და მივაყურადე. ხმა ვერ ვიცანი. ლოცვას ცრემლი ახლდა. გულამომჯდარი ღაღადისი აგაღელვებდა.

მივუახლოვდი, თანაც რაც შეიძლება უხმაუროდ, რომ მლოცველი არ შემეწუხებინა.

ჟრუანტელმა დამიარა - კლდის ქვეშ მდგარი მამა ტიმოთე დავინახე. აბგა მიწაზე დაედო, სკუფია მოეხადა და კაბის ღილები მკერდთან შეეხსნა. ხელთ სკვნილი ეპყრა. თვალები ზეცისთვის მიეპყრო და ცრემლი სდიოდა. ღაღადებდა და იესოს მოუწოდებდა. დარწმუნებული გახლდათ, ამ დროს აქ არავინ გაივლიდა. ამიტომაც ერთიანად ლოცვას მისცემოდა, მკერდში მჯიღს იცემდა და ღმერთს მოწყალებას შესთხოვდა. გულზე ერთი ძველი ხის ჯვარი ეკიდა.

უეცრად თვალი მომკრა და ძალზე შეცბა. ესღა მითხრა: დამლოცე, ძმაო, და მაპატიეო. მეც აღელვებულმა ვუპასუხე: ორიოდე სიტყვა მითხარი ღმერთზე, მამაო, სულიერად ძალზე ღატაკი ვარ-მეთქი.

წამოვედი ერთი ისეთი დიდი მაგალითის ხილვით გამდიდრებული, როგორსაც უძღვნის ხოლმე თავის ბერებს მთაწმინდა.
გაგრძელება იხილეთ.

ბეჭდვა
1კ1