ნუთუ ღმერთი, დღისით რომ მიცავს, ღამე თავს მანებებს?
ნუთუ ღმერთი, დღისით რომ მიცავს, ღამე თავს მანებებს?
17 წლის იყო მამა ფილოთეოსი (ზერვაკოსი, +1980), როცა ბერობის სურვილი გაუჩნდა. იმავე ღამეს ძილში საშინელი გოლიათები გამოეცხადნენ, კბილებს აღრჭიალებდნენ და ხმლებით ემუქრებოდნენ, - ეგ აზრი თავიდან ამოიგდე, თორემ აგკუწავთო. მშველელად ღვთისმშობელი მოევლინა. რამდენჯერმე დააპირეს მისკენ წამოსვლა, მაგრამ ბოროტი არსებები უფლის დედამ შეაშინა. იმ დღიდან ყმაწვილს მზის ჩასვლის მერე გარეთ გასვლისაც კი ეშინოდა, - ვაითუ, იმ ურჩხულებს გადავეყაროო. ეშმაკს სხვა დროსაც გადაეყარა და დაემუქრა: - სატანავ, შენი არ მეშინია, მე ქრისტე შემეწევა! ქრისტემ გძლია და მისი ძალით მეც გძლევო. მაგრამ ბოროტი ძალები თავს არ ანებებდნენ და დრო და დრო, შიშსა და სულმოკლეობას ჰგვრიდნენ. განსაკუთრებით ეძგერებოდა ხოლმე გულისთქმები ღამღამობით, მარტო დარჩენილს. ფილოთეოსი შიშის ძლევას ცდილობდა, საკუთარ თავს ეკითხებოდა: "ასე რატომ ხდება? დღისით, ადამიანებს შორის არაფრის მეშინია, ღამით კი შიში მთანგავს. ნუთუ ღმერთი, დღისით რომ მიცავს, ღამე თავს მანებებს? თუ მოყვარული მშობლები თავს ევლებიან შვილებს, კრუხიც კი იცავს და იფარავს თავის წიწილებს, სიყვარულით აღსავსე ზეციური მამა მით უფრო დაგვიცავს და დაგვიფარავს დღისითაც და ღამითაც და ყოველსა ჟამსა. რისი მეშინია, მე ხომ ზეციური მამა მყავს, ჩემზე სიყვარულით მზრუნველი, რომელსაც ძალუძს, დამიცვას სულისა და სხეულის მომწყვლელი ბოროტისაგან". ასე იმხნევებდა თავს, ღამღამობით განმარტოებით მდგომ ეკვდერში დადიოდა და ლოცულობდა. ერთხელ ერთი ღამე სასაფლაოზე გაატარა და საფლავებს შორის ეძინა. ასე სძლია შიშს.

ბეჭდვა
1კ1