სული ღმრთისა განმანათლებელი
სული ღმრთისა განმანათლებელი
წმინდა გრიგოლ ხანძთელს თავის სენაკში ცეცხლი და თვით კანდელიც არასოდეს აუნთია. ერთხელ, ცისკრის ჟამს, დეკანოზმა უთხრა მნათეს: წადი და ნახე, მამა გრიგოლს სძინავს თუ ღვიძავსო. მნათემ მამა გრიგოლის სენაკი გაბრდღვიალებული იხილა. გამოიქცა და დეკანოზს დაუძახა: - ცეცხლი მოსდებია მამა გრიგოლის სენაკსო. დეკანოზმა უთხრა: - დადუმდი და ნუ გეშინია, შვილო, არ არის ეგ ცეცხლი შემწველი, არამედ არის სული ღმრთისა განმანათლებელიო. მას მრავალგზის ენახა ხილვა იგი დიდებული. წავიდა, სენაკში ჭუჭრუტანიდან შეიხედა და დაინახა ხელგანპყრობით ლოცვად მდგომარე წმინდა გრიგოლი. მისი სხეულიდან ჯვრის სახის ნათლის ისარნი გამოდიოდნენ და სახე მისი ვითარცა მზე, ბრწყინავდა. დეკანოზი სიხარულით მადლობდა ღმერთს და მცირე ხანს, სანამ სახილავი არ შეიცვალა, ლოცვისთვის ზარი არ დაარეკინა.

***
ერთი ეპისკოპოსი ჩიოდა, რომ მისმა მგზნებარე ქადაგებებმა ნაყოფი ვერ გამოიღო, რაზეც მამა იერონიმე ეგინელმა მიუგო: "მონადირე მარტო კარგი მსროლელი არ უნდა იყოს. თავისი იარაღი დენთითა და საფანტით უნდა გატენოს. თავდაპირველად საკუთარი მაგალითით ასწავლე და მერე ნახავ, რაოდენ ნაყოფიერი იქნება შენი ქადაგება". სხვა დროს კი უთქვამს: "თუ მქადაგებელს თვითონ არ უსწავლია, თვითონ არ გამოცდილა, სხვას როგორ ასწავლის? ადამიანები უმეტესად მაგალითის მიხედვით სწავლობენ, ვიდრე ქადაგებით".

ბეჭდვა
1კ1