ნეტარ გყოფ უკუნითი უკუნისამდე
ნეტარ გყოფ უკუნითი უკუნისამდე
ბერი მარტირი მონასტრიდან სხვა სავანეში მიდიოდა სულიერი მამის სანახავად. გზად ავადმყოფი, ფუფხით დაფარული მათხოვარი შეხვდა , რომელსაც იმავე სავანისაკენ ედო გზა, მაგრამ უძლურების გამო ადგილიდან ვერ იძვროდა. თანაგრძნობით აღვსილმა მარტირიმ გლახაკს თავისი მოსასხამი შემოახვია, წამოაყენა, მხარში შეუდგა და მასთან ერთად განაგრძო გზა. სავანეს რომ მიუახლოვდნენ, მოძღვარმა, რომელსაც განჭვრეტის ნიჭი ჰქონდა, ძმებს მიმართა: "სასწრაფოდ წადით, მონასტრის კარი გააღეთ, ძმა მარტირის ჩვენთან უფალი მოჰყავსო". ეს იყო და მარტირის მხარს მინდობილი გლახაკი წელში გაიმართა, წამოდგა და მაცხოვრის სახით წარუდგა ბერს, ისეთად, როგორსაც მას ხატებზე გამოსახავენ ხოლმე და ცად ამაღლდა. "შენ მე არ შემიზიზღე მიწაზე და არც მე შეგიზიზღებ ცათა შინა. შენ მცირე ხნით მომაპყარი მოწყალების თვალი, მე კი ნეტარ გყოფ უკუნითი უკუნისამდე", - თქვა ეს და უხილავი გახდა.

"სად არის იგი, ვინც მოგყავდა?" - ჰკითხა მოძღვარმა მარტირის.

"რომ მცოდნოდა, მამაო, ვისი ტარების ღირსი გავხდი, მაგრად ჩავეჭიდებოდი ფეხებზე", - უპასუხა მან. "გიჭირდა მისი ტარება?" - კვლავ ჰკითხა ბერმა. "არა, მამაო, - მიუგო მარტირიმ, - მას, ვინც მომყავდა, სიმძიმე არ ჰქონდა, რამეთუ იგი იყო ის, ვინც თავად გვზიდავს მე და მთელ ქვეყანას და თავისი სიტყვით გვიფარავს".

ბეჭდვა
1კ1