შეგვეწიოს წმინდა ბარბარეს სალოცავები
შეგვეწიოს წმინდა ბარბარეს სალოცავები

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ. ტაძარში წირვას მამა იოსებ სადუნიშვილი აღავლენს.

"ბარბაწმინდა", რომელსაც ისტორიულად ზემო ხეფინის ხევი ეწოდება, მდინარე ძირულას ხეობაში მდებარეობს. ხეობაში მრავალრიცხოვანი ეკლესიებია, აგრეთვე ნატაძრალები, ციხის ნაშთები, ხეობის ყველაზე დიდი და ყველაზე ძველი ნატაძრალია წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია-"ბარბაწმინდა". ტაძარი ერთ-ერთი ძველი სამონასტრო კომპლექსია საქართველოში, რომელიც წმინდა ბარბარეს სახელზე აიგო. ნატაძრალის საკურთხეველს მხოლოდ ერთი შესასვლელი აქვს, რაც ასევე ძველი საეკლესიო სტილია და ძირითადად X საუკუნემდე აგებულ რამდენიმე ტაძარშია. საკურთხეველში შემორჩენილია უნიკალური ჩუქურთმიანი ქვები და დავითის ვარსკვლავი. გადმოცემით ტაძარს კომინისტურ პერიოდამდე გააჩნდა განძთსაცავი. გადმოცემის თანახმად აქ დედათა მონასტერი უნდა ყოფილიყო.

ჭალოვნის ბარბაწმინდის ნატაძრალი ძლიერ მადლიან სალოცავად ითვლება. მას არასდროს მოკლებია მლოცველი, თვით ათეიზმის პერიოდშიც კი. ტაძარში წირვა გასული საუკუნის შუა წლებამდე აღესრულებოდა, რომელიც 2009 წელს განახლდა.


ყოველ ბარბარობას სხვადასხვა სოფლიდან და მუნიციპალიტეტიდან იკრიბება მრევლი. ღია ცის ქვეშ ტარდება საღვთო ლიტურგია.

***

ხის წმინდა ბარბარეს ეკლესია "ბარბალი" –

XI საუკუნის ეკლესია  ზემო სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეში, კალას თემი, მდინარე ენგურის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1720 მეტრზე მდებარეობს. სოფელ ხეს თითქმის სამი მხრიდან მდინარე ენგური აკრავს, ხოლო ჩრდილოეთიდან მაღალი მთა საზღვრავს.
ეკლესია დარბაზული ტიპისაა და მიუხედავად ზომების სიმცირისა საკმაოდ შთამბეჭდავია. შიგნიდან ინტერიერი მთლიანად მოხატულია. გარედან პერანგის ქვად გამოყენებულია კარგად დამუშავებული შირიმის ქვა. ეკლესიის გარშემო სოფლის სასაფლაოა, უფრო დასავლეთით კი გაშენებულია დარბაზ მაჩუბები, კოშკი და მე-20 საუკუნის შუა პერიოდის სახლები.კოშკი რომელიც ეკლესიიდან 15 მეტრში მდებარეობს ერთადერთია შემორჩენილი დღეისათვის სოფელ ხეში.

კოშკი ნაწილობრივ დანგრეულია, შემორჩენილია მესამე სართულის დონეზე, თუმცა მესამე სართულის კედლის ნაწილიც ჩამოქცეულია. დარბაზ-მაჩუბების ნაწილიც დანგრეულია, ნაწილი გადაკეთებული და მოგვიანო მინაშენები აქვს. ერთ-ერთი საცხოვრებელ სახლში, როგორც ადგილობრივები ამბობენ კოშკის კედელია გამოყენებული, კოშკს გარედან საცხოვრებელი სახლი შემოუშენეს და კოშკის ტანი სახლის შიგნით მოქცეულა.
სოფელ ხეს განაშენიანებას 2006 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.




ბეჭდვა
1კ1