ვნების კვირაში მხოლოდ შავი პურით კმაყოფილდებოდნენ
ვნების კვირაში მხოლოდ შავი პურით კმაყოფილდებოდნენ
იღუმენია თამარი (მარჯანიშვილი) და მისი მონასტრის დები მკაცრად იცავდნენ ყველა მარხვას, ზეთიან საზრდელსაც კი არ იხმევდნენ, ვნების კვირაში მხოლოდ შავი პურით კმაყოფილდებოდნენ. თვითონ დედა თამარი ავადმყოფობის დროსაც კი არ არღვევდა მარხვას. ერთხელ, ზამთარში, მძიმედ ავად შეიქნა. პლევრიტს ძლივს გადაურჩა და საშინლად დასუსტდა, მაგრამ ისევ გულმოდგინედ მარხულობდა და ისე ცოტას ჭამდა, რომ ყველას უკვირდა, რითი ედგა სული. სადილად ორი შემწვარი კარტოფილი და ერთი შემწვარი ვაშლი ყოფნიდა. ძალიან რომ დასუსტდა, მოისურვა, ცოცხალს შევჭამდიო. მაგრამ იმ დროში, თანაც ზამთარში, კარტოფილსაც ძლივს შოულობდნენ და თევზის საყიდელი ფული საიდან ექნებოდათ. ორი მონაზონი ვედროებით მდინარეზე მიდიოდა წყლისთვის, თან ლოცულობდნენ: - წმინდაო მამაო სერაფიმე, გამოუგზავნე თევზი ჩვენს დედასო. მდინარესთან მისულებმა ყინულჭრილში ორი ქარიყლაპია ნახეს და დაიჭირეს. ასე ანუგეშა წმინდა სერაფიმე საროველმა მომარხულე ღირსი დედა.

***
ერთხელ, მარხვისას, წმინდა იოანე კრონშტადტელს ავადმყოფობის გამო ექიმები აიძულებდნენ, რძე დაელია. ღირსი მამა უარობდა, ბოლოს, ერთი პირობით დათანხმდა, - მარხვას დაარღვევდა (ანუ რძეს დალევდა) თუ ამაზე დედამისი აკურთხებდა. წერილი გაგზავნეს სურში, მამა იოანეს დედასთან. იქიდან კი ამგვარი პასუხი გასცა დედამისმა: განა მე, დედაკაცს, შემიძლია გაკურთხო მარხვის დარღვევაზე, იმაზე, რაც დედაეკლესიამ აკრძალაო. პასუხმა დიდად გაახარა წმინდა იოანე და რძეც, რა თქმა უნდა, აღარ დაულევია.

ბეჭდვა
1კ1