ღარიბ-ღატაკთა სიყვარულით მოიპოვა სასუფეველი
ღარიბ-ღატაკთა სიყვარულით მოიპოვა სასუფეველი
წმინდა ფილარეტი მდიდარი და ცნობილი გვარის ჩამომავალი იყო. მშობლებმა მას სიყრმიდანვე ჩაუნერგეს ღვთის სიყვარული. ფილარეტს ისეთი უზრუნველი და ბედნიერი ცხოვრება ჰქონდა, როგორიც ადამიანს იშვიათად ეღირსება ხოლმე, მაგრამ მუდამ ახსოვდა თავისი ვალი. "ღმერთმა სიმდიდრე იმისთვის კი არ მიბოძა, - ამბობდა იგი, - რომ მისით მხოლოდ მე დავტკბე, არამედ იმისთვის, რომ ღარიბებსაც ვუწილადო". მოწყალების უშურველად გაცემამ ფილარეტი ისე გააღატაკა, რომ საკუთარი ოჯახის გამოკვებაც კი უჭირდა. ხანდახან მეზობლები შეიბრალებდნენ ხოლმე და პურსა თუ ფქვილს უგზავნიდნენ, მაგრამ იგი თავის წილს მაშინაც კი უყოფდა უპოვართ.

ღვთის განგებით, ფილარეტს კვლავ ებოძა სიმდიდრე - მისი შვილიშვილი მეფემ შეირთო. ფილარეტს დაუბრუნდა ოდინდელი პატივი და მდიდარი მამულების მფლობელი გახდა, მაგრამ უწინდებურად მოწყალე, მორჩილი და თავმდაბალი დარჩა და ძლიერ უხაროდა, თუ შესაძლებლობა მიეცემოდა, უქონელთათვის ხელი გაემართა.

ფილარეტის გარდაცვალების შემდეგ ერთმა მისმა ნათესავმა ნათელი და ლხენით აღსავსე ადგილი იხილა. ეს სამოთხე იყო. კაცმა დაინახა თეთრით მოსილი წმინდანები, რომლებიც ზეციური სიკეთით ტკბებოდნენ. მათში ერია ერთი ბერი, რომელიც ოქროს ტახტზე იჯდა, ერთ მხარეს ახლად გაბრწყინებული ყრმები ეხვივნენ, რომელთაც ხელთ სანთლები ეპყრათ, მეორე მხრიდან კი მგოსანთა ჯგუფი უახლოვდებოდა. ვინ არის ეს კაცი, - ჰკითხა ფილარეტის ნათესავმა ერთ-ერთ ჭაბუკს, - აბრაამი ხომ არაო? "ეს ფილარეტია, - მიუგო მან, - რომელმაც ღარიბ-ღატაკთა სიყვარულით მოიპოვა სასუფეველი".

ბეჭდვა
1კ1