წმინდა იოანე და გაბრიელ ათონელების ლოცვამ გაგაძლიეროთ!
წმინდა იოანე და გაბრიელ ათონელების ლოცვამ გაგაძლიეროთ!
იწურებოდა ქრისტეს შობიდან პირველი ათასწლეული, როდესაც ღმერთმა საქართველოსა და მთელს მართლმადიდებელ ეკლესიას მიჰმადლა ათონის მთაზე მოღვაწე ექვსი უდიდესი წმინდანი - იოანე და ექვთიმე, გაბრიელ ქართველი, იოანე თორნიკყოფილი,  გიორგი მაშენებელი და გიორგი მთაწმინდელი. 25 ივლისი წმინდა იოანესა და გაბრიელის ხსენების დღეა. გავიხსენოთ ორი მცირე ამბავი ათონელთა ცხოვრებიდან:


წმინდა ექვთიმე ღვთისმშობლის მიერ ნასწავლი ქართულით ამეტყველდა

დავით კურაპალატმა თავისი შვილიშვილი, პატარა ექვთიმე, მძევლად გაგზავნა კონსტანტინოპოლს. გარკვეული ხნის შემდეგ ხორციელმა მამამ, წმინდა იოანემ, ათონზე წაიყვანა. წმინდა იოანემ შვილი ქართულადაც განსწავლა და ბერძნული ენაც ასწავლა სრულყოფილად. ერთხელ ყრმა ექვთიმე მძიმე ავად გახდა. საწყალი მამა დაემხო ღვთისმშობლის ხატის წინ, ილოცა და უკან დაბრუნდა. სენაკის კარი რომ შეაღო, იქიდან საკვირველი სურნელება გამოიფრქვა, ბიჭი კი საწოლზე წამომჯდარიყო მთელი და უვნებელი. მამა განცვიფრდა, - რა მოხდა შვილოო. ვინმე დიდებული დედოფალი გამომეცხადა და მითხრა ქართულად - რა გტკივა, ექვთიმეო. ვუპასუხე, - ვკვდები, დედოფალო-მეთქი. მომეახლა, ხელი შემახო და დამამშვიდა: აღარაფერი გტკივა. აღდექი, ნუ გეშინია და ქართულად ხსნილად (ანუ თავისუფლად) ილაპარაკეო. მართლაც, თუ ექვთიმეს აქამდე უჭირდა ქართულად საუბარი და ამის გამო დიდად წუხდა მამამისი, დიდებული დედოფლის ხილვის შემდეგ, რომელიც თვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იყო, მის ბაგეთაგან წყაროსავით ამოედინებოდა ტკბილქართული და მორწყავდა ქართველთა სულს, გულსა და გონებას. ამ სასწაულის მიზეზი ისიც იყო, რომ იმდროინდელ ქართულ ენაზე ნაკლებად იყო ნათარგმნი საღმრთო წიგნები. ღვთისმშობლის მიერ ნასწავლი ქართულით წმინდა ექვთიმემ ნაწილობრივ აღმოფხვრა ეს ნაკლულოვანება და "დაატკბო ენაი ჩვენი და ეკლესია". როგორც ბრძანებს კათოლიკოსი ლეონიდე ოქროპირიძე, წმინდა ექვთიმემ "გაუღვიძა ქართველს თავისი სამშობლო ენის სიყვარული. ამითი ჩაიდგა საძირკველი მეცნიერებისა... ოჰ, რა ბედნიერი, ზნეობაგანსპეტაკებული, მოქალაქეობრივად აღყვავებული, სახელგანთქმული და პატივცემული იქნებოდა ახლაც ქართველობა, რომ ყველანი ვადგეთ წმინდა ექვთიმეს გზას... ყველას ექვთიმეს გაუქრობელი ლამპარი გვენთოს გულში სამშობლო ენის სიყვარულისა..."

გაბრიელ ქართველის და რომაელი ბერის სულიერი ძმობა

ვიდრე იოანე ცოცხალი იყო, რომის ქვეყნიდან მოვიდა ერთი მონაზონი, სათნოებით განთქმული კაცი, ძმა ვენევენტოს დუკისა, წარჩინებული, რომლის სათნოებაზეც რომმა და საბერძნეთმა კარგად იცოდა. ეს კაცი თავის ექვს მოწაფესთან ერთად მოვიდა მთაწმინდაზე სალოცავად. ქართველმა მამებმა მადლით შემკობილი მისი სახე რომ იხილეს, ისე მოიკითხეს, როგორც ნათესავი და ნაცნობი, სიხარულით მიიღეს, ათონზე დარჩენას ევედრებოდნენ და ეუბნებოდნენ: "ჩვენც უცხონი ვართ და შენც უცხო ხარ". ძალით დაარწმუნეს, რომ ერთ მონასტერში ყოფნას დასთანხმდებოდა. რადგანაც გამოჩენილი და სახელოვანი კაცი იყო, გაიგეს თუ არა რომაელებმა, სამეფო თუ სხვა ქალაქებიდან მრავალი შეიკრიბა აქ, რათა მისგან მონაზვნობა მიეღო. შემდეგ ჩვენმა მამებმა ურჩიეს ამ წმინდა ბერს: "წმინდა მამაო, რადგან ამდენ სულს აცხოვნებ, უმჯობესია, გაკრიჭო, გადაარჩინო მათი სულები და ღმერთს მიუძღვნა. ვიცით, რომ სხვებიც აპირებენ აქ მოსვლას, რათა შენი ხელიდან მიიღონ მონაზვნობა. ჩვენ გიყიდით ადგილს და ყველაფრით დაგეხმარებით". თუმცა კი უმძიმდა ამ წმინდა კაცს ეს საზრუნავი, მაინც არ ინება მათი ურჩობა. ააშენა მშვენიერი მონასტერი და მრავალი ძმა შეკრიბა, ქართველი მამების თანადგომით ყოველივე სრულყო. ხშირად მოდიოდა ხოლმე მათ სანახავად, მრავალ დღეს დაჰყოფდა და ისევ თავის მონასტერში ბრუნდებოდა. 

მღვდელ გაბრიელ ქართველს და ამ წმინდა ბერს, დიდ ლეონს, რომიდან ჩამოსულ ვენევენტოსს, დიდი სულიერი სიყვარული ჰქონდათ. მამათა სანახავად რომ მოდიოდა ხოლმე, გაბრიელის სენაკის მახლობლად ჰქონდა სენაკი და იქ რჩებოდა რამდენიმე დღეს. მშობლიური ენის გარდა არც ერთმა ბერმა არ იცოდა სხვა ენა. შებნელდებოდა თუ არა, სენაკებიდან გამოვიდოდნენ, ლოცულობდნენ, დასხდებოდნენ და ცისკრის ზარებამდე საღვთო სიტყვასა და ამბებზე საუბრობდნენ ხოლმე. ასე იქმოდნენ ყოველ მწუხრზე. მათი სიწმინდით ყოველივე შესაძლებელი და სარწმუნო იყო, რადგან ისინი მაღალნი და სრულნი იყვნენ ღვთის წინაშე.

ბეჭდვა
1კ1