დასტიროდა თავის ცოდვებს
დასტიროდა თავის ცოდვებს
წმინდა ნიფონტეს ღვთისგან ბოძებული ჰქონდა მადლი დაფარულთა ხედვისა. ერთხელ ღირსი მამა მივიდა ტაძარში და ხედავს, რომ გუმბათი გაიხსნა, გაიხსნა ცანიც და გამოჩნდა ბილიკი მიწიდან ცად მიმყვანებელი - უფლის ტახტრევნამდე. ხედავს მამა ნიფონტე, რომ ამ გზაზე უფლის ანგელოზებს ვიღაც გარდაცვლილის სული მიჰყავთ. მათ კვალდაკვალ მიჰყვებიან ეშმაკნი და დაჟინებით გაიძახიან: "რად მიგყავთ ჩვენგან ეგ სული, განა არ იცით, რომ სიცოცხლეში მეძავი, ყაჩაღი, ვერცხლისმოყვარე და ყველა ცოდვის თანაზიარი იყოო?" "ვიცით, - უთხრეს მათ ანგელოზებმა, - ვიცით, რომ ეს კაცი დიდად ცოდვილი იყო, მაგრამ ისიც ვიცით, რომ დასტიროდა თავის ცოდვებს, სიკვდილის წინ აღიარა მოძღვრის წინაშე, რის გამოც მრავალმოწყალე ღმერთმა აპატიაო". "თუ ამას მიუტევა ღმერთმა, მაშინ ყველა ცოდვილი წაიყვანეთ, აბა, ჩვენ რისთვის ვშრომობთო!" - აყვირდნენ დემონები, ანგელოზებმა კი მშვიდად უპასუხეს: "გახსოვდეთ, ყოველი ცოდვილი, რომელიც თავის ცოდვებს შემუსვრილი გულით აღიარებს, ღვთისაგან მიტევებას მიიღებს, ხოლო ვინც უნანელი მოკვდება, მას ღმერთი თქვენთან ერთად საუკუნო სატანჯველს მიუსჯის".

***
ღირსი მამა პაისი ათონელი ბრძანებს: ჭეშმარიტი მონანიება ის არის, რომ თავდაპირველად, შეიცნობს თავის საქციელს, იგრძნობს ტკივილს, შეწუხდება და სთხოვს ღმერთს მიტევებას, მერე კი აღსარებას იტყვის. ამის შემდეგ გადმოვა მასზე საღვთო ნუგეშისცემა. ამიტომაც ვურჩევ ადამიანებს, ჯერ შეინანონ და მერეღა თქვან აღსარება. მხოლოდ აღსარების თქმა არასოდეს მირჩევია მათთვის.

იმისთვის, რომ ცოდვაში არ ჩავარდეს, კაცი უნდა ეცადოს, გაექცეს იმას, რაც უბიძგებს ცოდვებისკენ... საჭიროა ცოტაოდენი გულმოდგინება და კეთილად განწყობა და მაშინ მოწყალე ღმერთი დაგვეხმარება სიძნელეთა გადალახვაში.

ბეჭდვა
1კ1