მართალნი ღვთის სასუფეველში პეტრე მოციქულს შეჰყავს, ცოდვილნი კი თვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს
მართალნი ღვთის სასუფეველში პეტრე მოციქულს შეჰყავს, ცოდვილნი კი თვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს
უთხარი მათ, რომ ძალზე გამტანჯეს თავიანთი შეცოდებებით
ძალზე უყვარდა უფლის დედა მამა იოაკიმე ათონელს (+1950), ყოველდღე მრავალგზის კითხულობდა ღვთისმშობლის დაუჯდომელს და ახალგაზრდა ბერებსაც ასწავლიდა: მთელი თქვენი ცხოვრება მტკიცედ ჩაეჭიდეთ ღვთისმშობლის საფარველს და ის მიგიყვანთ თავის ძესთანო. ათონელი ღირსი მამა ფილარეტიც (+1963) დღეში რამდენჯერმე კითხულობდა ღვთისმშობლის დაუჯდომელს, თავის მოწაფეებსაც ურჩევდა, ასე მოქცეულიყვნენ. თითქოს ტუქსავდა ზოგიერთს: ასე მცირედი სიყვარულით რად გიყვართ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელიო. ყველას, ვინც მასთან აღსარებას ამბობდა - ბერებს და ერისკაცებს, აკურთხებდა, რომ უკიდურეს შემთხვევაში დღეში ერთხელ მაინც ელოცათ დაუჯდომელი ღვთისმშობლის ხატის წინაშე, ანთებულ კანდელთან. გრიგორიატის მონასტრის წინამძღვარი მამა ათანასე (+1953) ბერად არ აღკვეცდა მორჩილს, თუ ღვთისმშობლის დაუჯდომელს ზეპირად არ ისწავლიდა. მის ჩანაწერებში ვკითხულობთ: მიაჩვიეთ თავი და განსაკუთრებული გულითადობით წაიკითხეთ ხოლმე "აკათისტო" და დროთა განმავლობაში თქვენზე გადმოიღვრება იმდენი მადლი, არასოდეს რომ არ განგიცდიათ... "აკათისტოთი" და სადიდებელი ლოცვით განუწყვეტლივ უკაკუნეთ კაცთა მიმართ ღვთისმშობლის თანალმობისა და სიყვარულის კარზე.

* მამა ეფრემ კატუნაკელს (+1998) სიყრმიდანვე ეგზემა აწუხებდა. ხშირად მარჯვენა ფეხიდან წყლულები მთელ ტანს მოედებოდა ხოლმე და აუტანელ ტკივილებს ჰგვრიდა. ამ დროს ახალგაზრდა ბერი ორ მოხუც მამას ემსახურებოდა. რეცხავდა სამოსს, საჭმელს აკეთებდა, თითის წვერებით ზელდა ცომს, რადგან მთელი სხეული დაწყლულებული ჰქონდა. ერთხელ ამ ავადმყოფობამ სიკვდილის პირას მიიყვანა. ტკივილისაგან თვალებს ვეღარ ახელდა, კანკალებდა. როგორც იქნა, მიაღწია ტაძარს, შევიდა და ღვთისმშობლის ხატის წინ ლოცვა დაიწყო: "დედაო ღვთისავ, შენ დაგვპირდი, რომ ათონელ ბერთა მფარველი იქნებოდი. გევედრები, აღმისრულე თხოვნა..." უეცრად სულში საოცარი სიმშვიდე ჩაეღვარა. ტაძრიდან 10-12 ნაბიჯზე სახელოსნო იყო, სადაც მამები შრომობდნენ. ეკლესიიდან გამოსულმა, ვიდრე სახელოსნომდე მივიდოდა, იგრძნო, სხეულზე მოდებული მხურვალება ჩაუცხრა. დაიხედა ხელებზე - კანი თოთო ბავშვისა ჰქონდა. ღვთისმშობელმა სასწაული მოახდინა - მამა ეფრემი განიკურნა.

* მამა იაკობ ევბეელი (+1991) ჰყვებოდა: - ჩემს სამშობლოში, მცირე აზიაში, ვინმე თურქი მწყემსი, საღამოობით ცხვარს რომ წველიდა, რძეს ქოთანში ასხამდა და ზევიდან სქელ ფიცარს აფარებდა, რომელზეც ადრე ღვთისმშობლის ხატი იყო გამოსახული, მაგრამ ცუდად მოპყრობის გამო ფერები გამქრალიყო და უბრალო ფიცარი გეგონებოდათ. დილაობით მწყემსს ქოთანი გადმობრუნებული ხვდებოდა, რძე - მიწაზე დაღვრილი, ფიცარი კი ხეზე მიყუდებული. თურქი გაბრაზდა და თქვა: სულ ამ ფიცრის ბრალია, ესა ღვრის რძესო (იცოდა, რომ ეს ძველი ხატი იყო). დაჰკრა ნაჯახი დასაჩეხად და ხატიდან სისხლი წყაროსავით წამოვიდა. ცულის ამოძრობა სცადა, მაგრამ ვერ მოახერხა - ღრმად ჩარჭობილიყო. შეშინებულმა ხატი ცულიანად მოიკიდა ზურგზე და სოფელში მიუტანა ქრისტიანებს, რომელთაც გამოართვეს და სათანადო პატივი მიაგეს ღვთისმშობელს.

* უფლის დედა მრავალგზის შესწევია ათონელ ბერებს. მამა გერმანე ბულგარელი (ათონელი, +1875) ჰყვება: 1821 წელს, თურქებისგან დამონებულ ბერძენთა აჯანყებისას, თესალონიკის ფაშამ დილეგში ათონელი ბერები ჩაჰყარა და მონასტრებს მათი გამოსასყიდი თანხა მოსთხოვა. ტყვეები გაიძახოდნენ, - ფული არა გვაქვსო. ვიღაცამ თქვა, ათონზე სიმდიდრედ რამდენიმე ეკლესიის ტყვიის სახურავიღა დარჩაო. ფაშამ უბრძანა ბერებს, მისწერეთ წერილი, აჰყარონ ტაძრებს ტყვიის ფურცლები და გამოგზავნონო. მამებმა შეასრულეს ეს ბრძანება, მაგრამ წერილი მისცეს თუ არა, დიდ მწუხარებაში ჩაცვივდნენ, მთელი ღამე ევედრებოდნენ ღვთისმშობელს. დილით კი ფაშამ ერთი ვაჭრის პირით შემოუთვალა ბერებს, - ტაძრებს სახურავს აღარ ავხდიო. თურმე ძილში ღვთისმშობელი გამოსცხადებია და სასჯელით დამუქრებია, თუ ტაძრებს შეურაცხყოფდა. მეორე ამბავი კი თვითონ მამა გერმანეს შეემთხვა. ერთხელ ყაჩაღი დაესხა თავს და მოკვლა დაუპირა. ნახევარი საათი იბრძოდნენ. ბოლოს მოერია ავაზაკი და დასახრჩობად ყელში სწვდა. მამა გერმანემ თვალი მიაპყრო სენაკში დაბრძანებულ ღვთისმშობლის ხატს და საშველად უხმო. უეცრად ყაჩაღი შეშინებული წამოხტა და უკანმოუხედავად გაიქცა...

* ათონელი ღირსი მამა ჰაჯი-გიორგი (+1886) ყრმობაში ანბანს ვერ სწავლობდა. წადი, გაბრიელ, ღვთისმშობლის ტაძარში და ევედრეო, - ურჩიეს. ყმაწვილი სამი დღე მარხულობდა, ათასჯეს მოიყარა მუხლი და წავიდა. სინამდვილეში ტაძარში მიიმალა. როცა ყველა წავიდა და ტაძარი დაკეტეს, გამოვიდა და მხურვალე ლოცვა აღავლინა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის წინაშე - უფლის დედაო, შემაძლებინე ანბანის სწავლაო. უეცრად ტაძრის რკინის კარები გაიღო და დიდებული ქალბატონი შემობრძანდა. მოჰკიდა ხელი გაბრიელს, მიიყვანა მაცხოვრის ხატთან და შესთხოვა: ძეო ჩემო, შეაძლებინე ყრმა გაბრიელს ანბანის სწავლაო. შემდეგ ბიჭი აკურთხა, ნება მისცა ხელზე ამბორისა და უთხრა: ახლა შენ კითხვა უკვე იციო. ეს თქვა და ჩრდილოეთის კარით საკურთხეველში შევიდა. გაბრიელმა უცადა. დიდებული ქალბატონი იქიდან რომ არ გამობრძანდა, თვითონაც საკურთხეველში შევიდა. იქ არავინ დახვედრია. დაათვალიერა ტაძარი და ვერსად ნახა. დილით მოსულმა მნათემ დიდად გაიკვირვა ბიჭის ტაძარში ყოფნა. აქ როგორ მოხვდიო, - ჰკითხა. გაბრიელმა ყველაფერი უამბო. მნათემ წიგნი მიაწოდა. აბა, ერთი, წაიკითხეო. ბიჭმა გამართულად წაიკითხა. ეს უბრალო დედაკაცი კი არა, თვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ყოფილაო, - უთხრა მნათემ.

* მამა ვიტალი (სიდორენკო, +1992) მაშინ გლინის უდაბნოში ცხოვრობდა. ახალგაზრდა ბერს სურდა, სულ უფალთან ყოფილიყო. სხვადასხვანაირად იღვწოდა ამისთვის. განმარტოებით ლოცვის მოსურნე, ერთხელ ზამთარში გაყინულ მდინარეზე წავიდა, მოიდრიკა მუხლნი და ლოცვა დაიწყო. ფეხები მოეყინა. ამ დროს გლინელ ბერს, მამა ანდრონიკეს, გამოეცხადა ღვთისმშობელი და უთხრა: უშველე ჩემს შვილსო. მანაც დაიწყო მამა ვიტალის ძებნა. მდინარის პირას წააწყდა - მამა ვიტალი ფეხზე ვეღარ დგებოდა. იძულებული გახდნენ, ყინული ამოეჭრათ.

1979 წელს მამა ვიტალის წყლულის გამო კუჭის ორი მესამედი ამოაჭრეს. სულიერი შვილნი ევედრებოდნენ უფალს მისი გადარჩენისათვის. ოპერაციის შემდეგი 5 დღე რეანიმაციულ განყოფილებაში იწვა. მამა ვიტალი მოჰყვა, რომ ამ დროს თურმე სული მისი აღტაცებული იყო ზეცად. მობრძანდა ღვთისმშობელი და ბრძანა: დააბრუნეთ უკან, რადგან იქ ცრემლებით მორწყეს ყველაფერიო.

* მამა პაისი ათონელმა თავისთვის წინასწარ შეკრა კუბო, რათა სიკვდილის ხსოვნა მუდამ ჰქონოდა. დიდი თავმდაბლობის გამო თვლიდა, რომ იმ ქვეყნისთვის დიდად მოუმზადებელი იყო. ერთხელ ამგვარი ხილვით ინუგეშა: ლოცვისას დაინახა, რომ იმყოფება აეროდრომის მსგავს ადგილას. აქედან ხალხი ზეცად მიემგზავრებოდა. პასპორტებს უმოწმებდნენ, ზოგს უშვებდნენ, ზოგს კი არა. როცა მამა პაისის რიგი მოვიდა, სათანადო საბუთები არ აღმოაჩნდა. მოვიდა ოქროსფერი სამოსით დედოფალი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და კონტროლიორებს უბრძანა: ეს ჩემი მონაა, აი, საბუთები გავუმზადე და გაუშვითო. თავისი ომოფორიდან ამოიღო ქაღალდები, აჩვენა მათ და ისევ შეინახა. მამა პაისი გაუშვეს ზეცად. ღვთისმშობელი ძალზე ჰგავს იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატს, მე ის ბევრჯერ მინახავსო, - ამბობდა მამა პაისი.

მამა პაისის ერთხელ ჰკითხეს: - რამდენად სწორად ვიქცევით, როცა ღვთისმშობელს ვევედრებით ცხონებას, როცა ვიცით, რომ მხოლოდ ქრისტე აცხოვნებსო. მიუგო: - ქრისტე ერთადერთი ჩვენი მაცხოვარია, მან ჩვენთვის თავი გასწირა. მაგრამ შენ რომ იყო ვინმე დიდი კაცი და დედასთან ერთად ეწვიო ქალაქს, სადაც გელოდებიან, მოგესალმონ შენც, დედაშენსაც და აქონ ის, თუმცა შესაძლოა, არც კი იცნობდნენ, განა არ გაგიხარდებოდა და არ იამაყებდი შენი მშობლით? ქრისტესაც ასე უხარია და ამაყობს თავისი დედით, როცა ესმის, რომ მასზე კეთილ სიტყვებს ვამბობთ. ვინმე გლახაკმა ქალმა დედაშენს რომ სთხოვოს, დაითანხმე შენი შვილი, კარგი ადგილი მომცესო, ხომ შეასრულებდი ამას დედაშენის გულისთვის, თუნდაც ეს ქალი თავის მხსნელად შენს მშობელს თვლიდეს? ასევე ჩვენც ვამბობთ, ღვთისმშობელმა გვიხსნაო, თუმცა ხელმწიფება ამისა მისი ძის ხელშია, რომელიც მდაბალია და უხარია, როცა ესმის ჩვენგან დედის საქებარი სიტყვები.

* მთავარეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი) მოგვითხრობს გასული საუკუნის 30-იან წლებში ბულგარეთში მომხდარ ამბავს: ერთგან 14 წლის ბიჭი მომკვდარიყო. წესის აგებისას ანაზდად კუბოდან წამოიმართა და უნუგეშო, სასოწარკვეთილი ტირილი მორთო. გახარებულმა ახლობლებმა ძლივს დაამშვიდეს. ჰკითხეს კიდეც ტირილის მიზეზი. ბიჭი მოჰყვა: როცა მოვკვდი, მაშინვე იმ ადგილებში მოვხვდი, სადაც ცოდვილნი ეწამებიან. იმ საშინელების გადმოცემა შეუძლებელია. მერე სამოთხისკენ წამიყვანეს. მე ვიხილე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ვნახე, როგორ ლოცულობდა იგი ცოდვილთათვის და მთელი მსოფლიოსთვის. არაამქვეყნიური მშვენიერებით გაბრწყინებულ სახეზე მწუხარება ეტყობოდა და ცრემლები ნაკადულებად ჩამოსდიოდა. როცა დამინახა, მითხრა: "შენ აქ არ დარჩები, უკან, მიწაზე დაბრუნდები ადამიანებთან. უთხარი მათ, რომ ძალზე გამტანჯეს თავიანთი შეცოდებებით. მე უკვე აღარ ძალმიძს ვილოცო მათთვის, ძალ-ღონე მეცლება... დაე შემიბრალონ!" ამ მოვლენამ შეძრა მთელი ბულგარეთი და ალბათ თქვენი გულიც, ჩვენო მკითხველო. ათგზის მართალი იყო წმინდა ამბროსი ოპტელი, როცა ამბობდა: - მართალნი ღვთის სასუფეველში პეტრე მოციქულს შეჰყავს, ცოდვილნი კი თვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელსო.

* დეკანოზმა კვირიკემ ძილში თავის სენაკთან ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იხილა წმინდა იოანე ნათლისმცემელთან და წმინდა იოანე მახარებელთან ერთად. გახარებული კვირიკე ფერხთ შეუვრდა ღვთისმშობელს და სთხოვა, შებრძანდი ჩემს სენაკში და სამყოფელი მიკურთხეო. მაგრამ ღვთისმშობელმა არ ისურვა, არც მისი ცრემლიანი ვედრება ისმინა: - როგორ შემოვიდე შენთან, როცა სენაკში ჩემი მტერი გყოლიაო. ძილისაგან კი გამოერკვა კვირიკე, მაგრამ საგონებელში ჩავარდა, ვერც ხვდებოდა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო მტერი უფლის დედისა. და აი, ერთხელ, წიგნის კითხვისას, წააწყდა ნესტორის ქადაგებას, იმ ნესტორისა, III მსოფლიო კრებამ რომ დაგმო და შეაჩვენა იმისთვის, რომ ღვთისმშობელს ღვთის დედად კი არა, ქრისტეს მშობლად მიიჩნევდა. მამა კვირიკემ მაშინვე დაწვა ეს მწვალებლური ქადაგება და თან ამბობდა: ამიერიდან ნუღარ იქნება ჩემს სენაკში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მტერიო.

* იოანე მოსხის "სამოთხეში" არის ანასტასი ხუცესის მოწმობა ერთ წარჩინებულ ქალბატონზე, რომელსაც მაცხოვრის საფლავზე ენება ლოცვა. მის სურვილს ღვთისმშობელი გადაეღობა, რადგან იგი სევერიანული მონოფიზიტობის აღმსარებელი იყო. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა ის მკაცრად გააფრთხილა: "ვერ შემძლებელ ხარ შემოსლვად აქა, უკეთუ არა ეზიარო ჩვენ თანა". მართლაც, საკმარისი იყო, ქალს ეღიარებინა თავისი მწვალებლობა და ვითარცა შვენის ქრისტიანს, ზიარებოდა უფლის სისხლსა და ხორცს, რომ დაუბრკოლებლად შეძლო ქრისტეს საფლავთან მიახლება და თაყვანისცემა.

* წმინდა სერაფიმე საროველის სულიერი შვილნი ყოველდღე შემოივლიდნენ დივეევოს მონასტრის გარშემო არხის გასწვრივ და ლოცვის კანონს აღასრულებდნენ, რომელიც მათთვის დიდ მოძღვარს მიეცა. ეს კანონი თვით ღვთისმშობელმა მისცა VIII საუკუნეში ქრისტიანებს. შემდგომმა თაობებმა გადაივიწყეს იგი და წმინდა სერაფიმე საროველმა შეგვახსენა XIX საუკუნეში. კანონი ასეთია: ქრისტიანი 150-ჯერ ილოცებს "გიხაროდენს" (ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ...), ყოველი ათი "გიხაროდენის" შემდეგ იტყვის "მამაო ჩვენოს" და "მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო". ამ კანონს აღასრულებდნენ და თავიანთ სულიერ შვილებსაც ურჩევდნენ თანამედროვე ღირსი მამებიც - ამ კანონის ძალმოსილებას ყველა იგრძნობს, ვინც მას კეთილმოკრძალებით აღასრულებსო.
ბეჭდვა
1კ1