შენ ხომ საუკუნო სიცოცხლე მაჩუქე
შენ ხომ საუკუნო სიცოცხლე მაჩუქე
ერთხელ ერთმა რუსმა გენერალმა თურქებზე ლაშქრობიდან ტყვე თურქი ბიჭი ჩამოიყვანა და თავის მეგობარ დურნოვოს აჩუქა. ბავშვი ძალზე ცოცხალი და გონიერი გამოდგა. მამობილი მის მონათვლას არ ჩქარობდა, სურდა, თვითონვე მიმხვდარიყო ეკლესიის როლს, ქრისტიანობის მნიშვნელობას. ბიჭიც ამასვე ეუბნებოდა: - დავიცადოთ, მამიკო, ამის დრო რომ დადგება, მე თვითონ გეტყვიო.

თექვსმეტი წლისა რომ შესრულდა, საოცარი ფერისცვალება მოხდა ყმაწვილის სულში: სადღაც გაქრა მისი მხიარულება, თვალები სევდით აევსო. მამიკო, მალე მოგთხოვ მონათვლას, მაგრამ მანამდე ერთი სათხოვარი მაქვს: საღებავები, ფუნჯები, პალიტრა და კიბე მიყიდე და ნება მომეცი, ჩემს ოთახში არავინ შემოვუშვაო. დურნოვმა სიამოვნებით შეუსრულა თხოვნა.

თურქი ახალგაზრდა დღისით თავის ოთახში განმარტოვდებოდა ხოლმე, საღამოობით კი მამობილთან მიდიოდა სასაუბროდ. დღითიდღე ფერმკრთალდებოდა, შავ თვალებში არაამქვეყნიური ცეცხლი უკრთოდა. თვის ბოლოს დურნოვს სთხოვა, ყველაფერი მოემზადებინა ნათლობისთვის და მამობილი თავის ოთახში შეიყვანა. ჩამოხსნა საფარველი და კედელზე მაცხოვრის უზარმაზარი ხელთუქმნელი ხატი გამოჩნდა, ტილოზე გამოსახული, რომელსაც უფლის ანგელოზები აღამაღლებდნენ. აი, ეს არის მიზანი, რომლის აღსრულებაც მსურდა, ახლა კი მონათვლა და ქრისტეს სარწმუნოებასთან ზიარება მინდაო.

ვაჟი მეორე დღესვე მონათლეს. როცა ეზიარა, ყველა განაცვიფრა არაამქვეყნიურმა სილამაზემ, თურქი ქრისტიანი რომ შემოსა. შინაგანი ფერისცვალება გარეგნობაზეც აესახა. ვაჟი მადლობდა მამობილს ყველაფრისთვის. "მშობელ მამაზე უკეთესი ხარ, შენ ხომ საუკუნო სიცოცხლე მაჩუქეო", - ეუბნებოდა. მერე კი დიდხანს ლოცულობდა ხელთუქმნელი ხატის წინ და იქვე მიიძინა საუკუნო ძილით.

მეორე დღეს ბიჭი თავის საწოლში გარდაცვლილი ნახეს. ხელები გულზე ჯვრის სახით დაეკრიფა, პირზე კი ღიმილი დასთამაშებდა.

ბეჭდვა
1კ1