ნუ დასცინებ მას
ნუ დასცინებ მას
არქიმანდრიტი იოანიკე, "ათონური პატერიკი"
ლავრის ყოფილი იღუმენისა და სულიერი მოძღვრის, მაღალღირსი მამა ვასილის მონათხრობიდან:

"27 სექტემბერი რომ თენდებოდა, ღამით, ილია წინასწარმეტყველის კათიზმაში დაიოფლა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი. მეორე დღეს, შუაღამისას, დიდი მიწისძვრა მოხდა. დაინგრა მთაწმინდის ნაწილი წმინდა ათანასეს მღვიმის კელიებთან ერთად. კელიის ბერდიდმა მამა ხარიტონმა წინასწარ შეიტყო მიწისძვრა რომ მოხდებოდა და თვის მონაზვნებს უბრძანა, მღვიმის ეკლესიაში შესულიყვნენ და სკვნილზე ელოცათ. ამ დროს მიწისძვრა დაიწყო. ისინი კელიებში რომ დარჩენილიყვნენ, ჩამოცვენილი ქვები გაჭყლეტდა ყველას".

"1967 წლის აგვისტოში ლავრის ჩრდილო-აღმოსავლეთის კედლის ქვემოთ ეტყობა, ძველი ბუხრიდან ხანძარი აბრიალდა. განგაშის ხმაზე ყველა ფეხზე დადგა. ქროდა საშინელი ქარი, არ მახსოვს, რა სიჩქარისა იყო. ჩვენ ყველა სადღაც გავრბოდით, ზოგი წყლისთვის, ზოგიც "კუკუზელისას" ღვთისმშობლის ხატთან პარაკლისზე. ძლიერი ქარი მალევე ჩაცხრა და ცეცხლი ჩავაქრეთ. ასევე, 1968 წელსაც ხანძარმა ყუთლუმუშის ზემოთ მთელი მთაგრეხილი მოიცვა, ცეცხლი სწრაფად გავრცელდა, ცა მოწმენდილი იყო და პატარა ღრუბელიც კი არ ჩანდა, მამებმა სალიტანიოდ გამოაბრძანეს ხატი. მალე კოკისპირული წვიმა წამოვიდა, რომელიც ორ საათს გრძელდებოდა და ხანძარი ჩაქრა".

მამა თეოფილემ დიდ ლავრაში ერთხელ იკონომის კორპუსის დიდი გასაღები დაკარგა. ის იკონომისის თანაშემწე გახლდათ (ლავრაში იკონომოსად თვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ითვლება), ანუ მას საწყობები ებარა. ეძება, ეძება - ვერსად ნახა. მაშინ ლოცვა დაიწყო, ერთი საათი, ორი სკვნილს მარცვლავდა, მხურვალედ ლოცულობდა. და აი, სასწაული! - გასაღები პირდაპირ მის წინ აღმოჩნდა.

მებაღე მამა არტემი ლავრელი მიყვებოდა:

- ერთხელ უყურადღებობა გამოვიჩინე და თბილი წყლის ნაცვლად ადუღებულ წყალში ჩავყარე საფუარი, მთელი სოკო მოიხარშა. ვუცადე 3-4 საათი, ცომი აფუვდება-მეთქი, მაგრამ არა და არა. ნირწამხდარი წავედი და ეს ამბავი მამა ბასილს მოვუყევი. ის წავიდა და უკან ჯვრით დაბრუნდა, რომელშიც ძელიცხოველის ნაწილი იყო ჩაბრძანებული, გადასახა ცომს და 45 წუთში აფუვდა.

1963 წელს მთაწმინდის ათასი წლისთავს ზეიმობდნენ. ათონზე თხოვნა შემოვიდა, რომ ნება დაერთოთ ქალებით სავსე საოკეანო ლაინერისთვის, წმინდა ათანასეს ლავრის წინ ღია ზღვაში გაჩერებისა, რათა თაყვანი ეცათ მონასტრის წმინდა ნაწილებისთვის და პარაკლისი გადაეხადათ წყლის კურთხევით. კრება ორად გაიყო. უმეტესობამ ნება დართო. ბერდიდი თეოფილე (როგორც გვიყვებოდა ბერი არსენი, მებაღე) შეეწინააღმდეგა ამ ახირებას, მაგრამ როცა ნახა, რომ ვერაფერს გააწყობდა ლოცვით განგაშის ზარს შემოკრა - მთელი ღამე სკვნილზე ლოცულობდა.

და აი, ზღვაზე, რომელიც აქამდე მშვიდი ჩანდა, ამოვარდა ქარიშხალი, ტალღები მთებივით აიზვირთა. ყველაფერი გადაიდო, არა მხოლოდ საოკეანო ლაინერის მისვლა, არამედ ნავებითაც ვერ მივიდნენ და თვით ჩიტებიც კი არ დაფრინავდნენ ზღვის თავზე.

მე რეგულარულად ვნახულობდი ბერდიდ ნიკოდიმოს მოძღვარს, რომელიც წარმოშობით კუნძულ კრეტადან იყო. ის მთაწმინდაზე ჩამოვიდა 1977 წელს და მიიცვალა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ივერთა კელიაში, კარეესში.

იშვიათად ნახავთ იმგვარი ნეტარი სიმშვიდისა და სიმდაბლის სულის ადამიანს, როგორიც იყო ეს კაცი. ერთხელ მას კანდელისთვის ზეთი არ ჰქონდა, არც ფული. ის ტიროდა და ევედრებოდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. კანდელები თავისით აინთო და ბერმა ღვთისმშობლისადმი ყველა სავედრებელი ლოცვა და აკათისტო წაიკითხა. კანდელები დილით ჩაქრა. "ასეთ შუქს კანდელები პირველად გამოსცემენო", - თქვა მან.

ერთხელ ცნობილი მამა გაბრიელი, სულიერი შთამომავალი ჰაჯი-გიორგისა, კარეესიდან, იანაკოპულოში მიდიოდა რუმინული სკიტის ქვებითა და წმინდა ათანასეს მღვიმის გვერდით მდებარე განმარტოებულ კელიაში. ამ დროს კოკისპირული წვიმა წამოვიდა. ველასის ხევს რომ მიაღწია, დაინახა, რომ გაღმა ფეხით გადასვლა სახიფათო იყო და ლოცვა დაიწყო. უეცრად შეამჩნია ცხენიანი უცნობი ერისკაცი. კაცმა თავისი ცხენი მისკენ გაუშვა, რათა ბერდიდი მასზე შემჯდარიყო და მეორე მხარეს გადასულიყო. ის ასეც მოიქცა. მამა გაბრიელმა მადლობა გადაუხადა უცნობს და თავისი კელიისკენ იჩქარა, რადგან ბნელდებოდა და ღვთისმშობლის ხარების სადღესასწაულო ღამისთევის ლოცვა უნდა დაწყებულიყო (მისი კელიის ტაძრის წმინდა ტრაპეზი ხარების სახელზე იყო ნაკურთხი). მამები ამბობდნენ, რომ უცნობი, რომელიც მამა გაბრიელს დაეხმარა, იყო მთავარანგელოზი გაბრიელი, ანდა შესაძლოა, წმინდა გიორგი დაეხმარა თავისი ცხენით, რამეთუ მის სახელზე იყო ნაკურთხი ხევის გვერდით, ზღვის პირას მდებარე სახლი.

***
სიტყვა განუკითხველობასა და დაწყევლილ განკითხვაზე. ერთი მოძღვარი სახელად ბენიამინი, როცა მასთან ვინმე მივიდოდა აღსარებაზე და ამ დროს სხვების საქმეებზე საუბარსა და ძმების განკითხვას იწყებდა, აგდებდა და არ იღებდა, ვიდრე გონს არ მოვიდოდა და საქციელს არ შეიცვლიდა.

უჩვეულო უბრალოებით გამორჩეული ბერდიდი დავით დიონისიატელი თავის მნახველებს მოუთხრობდა ვნებაზე, რაც განკითხვას მოაქვს:

- იცოდე, ნუ იტყვი, ეს ამას აკეთებს, ის - იმას. რადგან ასე ღვთის მადლს დაკარგავ. თუნდაც დაინახო, რომ ვირულად იქცეოდეს, ნუ დასცინებ მას. გიყვარდეს შენი მოყვასი, ვითარცა საკუთარი თავი. ასე ამბობს ქრისტე.

ერთმა ბერდიდმა უთხრა თავის მორჩილს, რომელსაც ცუდი ხასიათი ჰქონდა:

- თუ კეთილი გულისთქმები არა გაქვს, მაშინ მოძღვარიც რად გინდა? თუ ბერდიდი უბედურების გამო, რომელიც ყველა კაცსა აქვს, რაიმე უცაურს გააკეთებს, მაშინ გულისთქმა მის განკითხვას დაიწყებს, - ამას რატომ აკეთებსო? ხოლო თუ კიდევ ღვთის შეწევნით რაიმე გასაოცარ რამეს ჩაიდენს, გულისთქმა მას ეტყვის, - ჯადოქრობს, რადგან ასე გამოუვიდათო. ასე მსჯელობს კაცი, რომელსაც ცუდი გულისთქმები აქვს.

ერთი ახალგაზრდა სტუმარი დაბრკოლდა, როცა დაინახა, თუ როგორ ეფერებოდა თავის კატას სახელგანთქმული მოძღვარი მამა გრიგოლი ხელის ზურგით და განიკითხა ბერდიდი.

თუმცა გარემოებათა გამო ისე მოხდა, რომ გამკითხველი თურქეთში აღმოჩნდა და სამუშაოს სათხოვნელად კონსულთან მივიდა.

- მე თქვენთვის სამუშაო არა მაქვს. მხოლოდ ისეთი კაცი მჭირდება, რომელიც საჭმელს აჭმევს ხოლმე ჩემს ძაღლს და მონარჩენით თვითონ გამოიკვებება.

მაშინ ჭაბუკი, რომელსაც პურიც კი არ ჰქონდა, დათანხმდა და ძაღლს უვლიდა, საჭმელს აჭმევდა. შეიგნო, რომ ასეთ საცოდავ მდგომარეობაში იმიტომ ჩავარდა, რომ დაისაჯა მამა გრიგოლის განკითხვის გამო.

როცა ხელსაყრელი საშუალება მიეცა, ის რუსული ხომალდით მთაწმინდაზე გაემგზავრა და წმინდა ანას სკიტში მივიდა, სადაც მოძღვრის წინაშე მუხლნი მოიდრიკა და შენდობა სთხოვა. მაშინ მამა გრიგოლმა უთხრა:

- დავინახე, შვილო, რომ განმიკითხე და ჩვენი სულების მტერმა აქედან გაგაგდო. ამიტომ ვთხოვე წმინდა ანას, დაებრუნებინე და მან ეს გააკეთა. მაგრამ ამიერიდან ფხიზლად იყავი. ნუ განიკითხავ მონაზვნებს, ვინაიდან მათ თავიანთი სათნოების დაფარვა სურთ და ბევრი თავს სულელად აჩვენებს, რათა ადამიანებმა არ შეაქონ.

ბეჭდვა
1კ1