წავიდეთ ეკლესიაში
წავიდეთ ეკლესიაში
ერთი კონსტანტინოპოლელი მოწყალე დიდებული უხვად გასცემდა თვალ-მარგალიტს. ერთხელაც თავისი ვაჟი იხმო, მოგროვილი საუნჯე ანახვა და ჰკითხა , - რა გირჩევნია, ჩემგან მემკვიდრეობად მიიღო ეს, თუ ქრისტე მაცხოვრის რწმენაო. "ქრისტე მაცხოვარი მინდა, მეტი არაფერიო", - უპასუხა ვაჟმა. შვილის პასუხით აღფრთოვანებულმა მამამ დარჩენილი ქონება გლახაკებს დაურიგა და გარდაცვალების შემდეგ შვილს არსობის პურიღა დაუტოვა. გაღატაკებული ყმაწვილი არ ნაღვლობდა ამას, რამეთუ ფლობდა უძვირფასეს საუნჯეს - ქრისტე მაცხოვარს, რომელიც მის გულში დავანებულიყო.

ამავე ქალაქში ერთი ძალზე მდიდარი და ღვთისმოშიში დიდებული ცხოვრობდა. ჰყავდა თავისნაირი მორწმუნე მეუღლე და უფლის მცნებებით გაზრდილი ერთადერთი ასული. როცა მისი გათხოვების ჟამი დადგა, კაცმა ცოლს ჰკითხა: როგორი სასიძო ავირჩიოთ ჩვენი ქალიშვილისთვის, მდიდარი და ბოროტი ქცევისა? ის ხომ შეურაცხყოფს მას, აიძულებს, ამა სოფლის ამაოებას გამოეკიდოს, ასწავლის დიდებისმოყვარეობას... სჯობს საშუალო წრიდან ავირჩიოთ სასიძო, რომელიც ღვთისმოშიში იქნება და ჩვენს ქალიშვილს, როგორც ღვთის განსაკუთრებულ წყალობას, ისე მიიღებს. წავიდეთ ეკლესიაში, ვილოცოთ ჩვენი შვილის ბედნიერებისთვის და ვინც პირველი შემოვა ტაძარში, ის იქნება ქმარი მისიო.

ასეც მოიქცნენ, ილოცეს და ტაძრის ბჭესთან დაუწყეს ლოდინი ღვთის განგებულების ასრულებას. მალე ტაძარში ვაჟი შემოვიდა. იხმეს თავისთან, ვინაობა ჰკითხეს და რომ გაიგეს, ის შვილი იყო იმ გლახაკთმოყვარე კაცისა, მადლობა შესწირეს ღმერთს, ვაჟს შესთავაზეს ხელი თავიანთი ქალიშვილისა და უზომო სიმდიდრე.

ასეა, ძმანო, ვინც უფალს აირჩევს თავის ერთადერთ საუნჯედ, მას სასყიდელი აქვე არ დაეკარგება და რაღა ითქმის ზეციურ სასუფეველზე, რომლის მსგავსი კაცის თვალს არ უნახავს და ყურს არ გაუგონია.

ბეჭდვა
1კ1