უდრეკი იყო სიკვდილის წინ ფერნაცვალი ქართველი...
უდრეკი იყო სიკვდილის წინ ფერნაცვალი ქართველი...
მართლმადიდებელი ქართველი განსაკუთრებული მოწიწებით ხვდება უფლის ფერისცვალების დღესასწაულს - ის ხომ ქართველი ერის სულიერი ფერისცვალების დასაწყისიც არის.

იბერიაში ახალშემოსულმა წმინდა ნინომ ერთ დღეს დაინახა, რომ ქართველები დიდი ზარ-ზეიმით მიდიოდნენ არმაზის კერპის თაყვანსაცემად, უკან გაჰყვა და იქვე ახლოს ისე დადგა, რომ ვერ დაენახათ. მირიანმა და ნანამ პატივი მიაგეს არმაზს და მის მარჯვნივ და მარცხნივ მდგომ გაცისა და გაიმის კერპებს, წმინდა ნინო კი ამ დროს ტიროდა და ბომონთა შემუსვრას შესთხოვდა უფალს.

დაასრულა თუ არა ლოცვა, მყის "წამისყოფითა ღმრთისაითა" დაბერა დასავლეთის ქარმა და შავი ღრუბლები წამოყარა. ირგვლივ წყვდიადი ჩამოწვა, ჰაერში გოგირდის სუნი დატრიალდა. უცებ ისეთი საშინელი სეტყვა წამოვიდა, რომ მოზეიმენი ერთმანეთს ასწრებდნენ. სეტყვამ და ნიაღვარმა დაამსხვრია ქართველთა საესავი კერპები და უფსკრულში ჩაიტანა, წმინდა ნინო კი უვნებლად იდგა.

"ხოლო ოდეს იქმნა შემუსვრა კერპთა, იყო თვე მარტისაგან მეხუთე, აგვისტოსი, და დღე მეექვსე, რომელსა შინა ფერი იცვალა ქრისტემ წინაშე თავთა მათ წინასწარმეტყველთა და მოწაფეთა მისთა".

ასე დაიწყო ქართველთა ფერისცვალება. სულ მალე წმინდა ნანამ და წმინდა მირიანმაც იწამეს ქრისტე. დედოფალს არ სურდა ჭეშმარიტებასთან მიახლება ("ცოლი მირიანისა გულფიცხელ იყო სასტიკად და შეურაცხყოფდა ქადაგებას მას ნინოსასო", - მოგვითხრობს მატიანე), მაგრამ "სენმა მძვინვარემ" იძულებულჰყო, კურნება უფლის მხევლისთვის ეთხოვა. წმინდა ნინოს ლოცვით განკურნებული ნანა დედოფალი მეყსეულად მოიქცა. ასეთივე იყო მირიანის ფერისცვალებაც: სანადიროდ წასული ფიქრობდა, რომ დაბრუნდებოდა თუ არა უკან, დაუყოვნებლივ დასჯიდა ქრისტეს მსახურს, მაგრამ უეცარი სასწაულით თვალებდაბნელებულს სხვა "ღმერთებმა" რომ ვერ უშველეს, წმინდა ნინოს ღმერთს შეევედრა თვალთა ახელას. იქვე აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი, აღთქმა დადო, რომ მისი მორჩილი იქნებოდა და არც უღალატია. ის, რაც რამდენიმე წამში მოხდა, იყო მართლაც დიდებული ფერისცვალება სულისა.

***
წმინდა იოანე-გიორგი მხეიძის სულიერი ფერისცვალება უფროსი ძმის, ბერ პოლიაქტორის ჩანაწერების ნახვის შემდეგ მომხდარა. პოლიაქტორს ხილვები ჰქონდა და აღსასრულის ჟამს ამბობდა თურმე: "აი ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი! მასთან მივდივარო".

KARIBCHE
გიორგი პეტერბურგის სამხედრო სასწავლებელში სწავლობდა. იქ ერთი გენერლის უშვილო ოჯახმა შვილივით შეითვისა და მის დედ-მამას სთხოვა, სწავლის დამთავრებამდე მათთან დაეტოვებინა, მაგრამ 1909 წელს გიორგი სახლში დაბრუნდა, წაიკითხა პოლიაქტორის ჩანაწერები და სულ სხვა ადამიანად იქცა. ახლობლები მის სულიერ მდგომარეობას შეუშფოთებია. მშობლებს თბილისიდან მისი ძმებიც კი ჩამოუყვანიათ, დაელაპარაკეთო, მაგრამ ყმაწვილი კაცი ყველას ერთსა და იმავეს პასუხობდა: "გადაწყვეტილია, მე ღმერთს ვწირავ თავს. ხმა მესმა ზეციდან, რომელმაც მითხრა, რომ ეს ჩემი გზაა". ეს გზა დიდებულად განვლო ღირსმა მამამ და ახლა ჩვენი მეოხია ღვთის წინაშე.

***
ბალკანეთში აღესრულა წმინდა გიორგი ზორზისი ("ზორზის" - ასე წარმოითქმის ბალკანურ დიალექტზე გიორგი). ის წარმოშობით ქართველი იყო. ბავშვობაში ერთმა მუსლიმმა იყიდა და ისლამის რჯულზე მოაქცია. შემდეგ მისი პატრონი მოკვდა, გიორგი კი 80 წლამდე მუჰამედის რჯულის აღმსარებლად დარჩა. მშვიდობიანად ცხოვრობდა, ვაჭრობდა და მხოლოდ თურქულად ლაპარაკობდა. უკვე ღრმად მოხუცებული, ერთ დღეს ადგილობრივ ყადის ეახლა, მოიხსნა ჩალმა და უთხრა: "მე ქრისტიანად დავიბადე და ქრისტიანად მოვკვდები". "რას ამბობ, - წამოიძახა ყადიმ, როცა მის ჭაღარა წვერს შეხედა, - გაგიჟდი?" "მსურს, ქრისტიანად მოვკვდე!" - გაიმეორა გიორგიმ. სამი დღე აცადეს, ეგებ "გონს მოვიდესო". უდრეკი იყო სიკვდილის წინ ფერნაცვალი ქართველი... მრავალი დამცირებისა და წამების შემდეგ იგი ღვთის წინაშე განმართლებული წარდგა.

***
ჩვეულებრივი ქრისტიანი ერისკაცის ცხოვრებით ცხოვრობდა ცნობილი სარდალი, ციხედიდის მთავარი ევაგრე, ჰყავდა ცოლ-შვილი და, ვითარცა დიდებულს, მრავალი მონა ემსახურებოდა. ერთხელ შვილსა და მონებთან ერთად მტკვარგაღმა, სარკინეთის მთებში წავიდა სანადიროდ. ნადირობისას მტრედი დაინახა, ნისკარტით საჭმელი რომ მიჰქონდა სადღაც. თვალი გაადევნა და დაიმახსოვრა, სად მიიტანა ფრინველმა "ნობათი". მეორე დღესაც დაინახა მტრედი და ამჯერად უკან გაჰყვა. ფრინველმა ერთ გამოქვაბულთან მიიყვანა, სადაც წმინდა შიო ცხოვრობდა. განაცვიფრა უცხო სახილველმა ევაგრე, შიშითა და კრძალვით მიუახლოვდა წმინდა მამას და ვინაობა ჰკითხა. წმინდა შიომ მიუგო: "კაცი ვარ უცხო და ქრისტესმოსავი, განშორებული სოფლის ამბოხს. მინდა, აქ მშვიდად აღვესრულო უფლის სათნომყოფელიო". ევაგრემ თქვა: "ცხოველ არს უფალი და ცხოველ არს სული შენი, ამიერიდან ერთი ნაბიჯითაც არ მოგშორდები". "ვერ შეძლებ, შვილო, აქ ცხოვრებას, - უთხრა წმინდა შიომ, - გეტყობა, ფუფუნებაში ხარ გაზრდილიო", - მაგრამ ევაგრემ უკან აღარ დაიხია და ღირს მამას დაემოწაფა. როცა წმინდა შიო გარდაიცვლა, ღირსმა ევაგრემაც მოძებნა სხვა მღვიმე, იქ დასახლდა და იქვე აღესრულა.

KARIBCHE
***
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსს თავის ეპარქიაში მარტო სიარული უყვარდა. ერთხელ გზაზე ავაზაკი დაესხა თავს და გაძარცვა დაუპირა. წმინდა გაბრიელი არ დაიბნა, ჯვარი გარდასახა მომხიბვლელ ჭაბუკს და უთხრა: "შვილო, ერთი საწყალი ბერი ვარ, გაბრიელ ეპისკოპოსი, ფული სად მაქვსო?!" მისი სახელი თურმე ავაზაკსაც გაეგონა და შეკრთა. წმინდა გაბრიელმა განაგრძო: "შვილო, ასეთი საუცხოო ყმაწვილი, სიცოცხლითა და მშვენებით სავსე, ავაზაკად როგორ გავარდი? რამე გჭირდება? მე გიპატრონებო". ყმაწვილმა, თუმცა თავისი მდგომარეობით არც თვითონ იყო კმაყოფილი, უარი უთხრა: "მე რაღა მეშველება აწი, ბატონო, ჩემი საქმე წასულია, ავაზაკობის მეტი რა დამრჩენიაო", - მაგრამ წმინდა გაბრიელი არ მოეშვა, თან წაიყვანა, გაზარდა და სკოლაში მასწავლებლად გაამწესა. ეს ამბავი მაშინ გამჟღავნდა, როცა წმინდა გაბრიელი გარდაიცვალა. მისი წყალობით მოქცეულ კაცს ეს რომ შეუტყვია, მწარედ ატირებულა, მოუყოლია თავისი სულიერი ფერისცვალების ამბავი და უთქვამს: მამაჩემი, ჩემი კაცად მქცეველი მოკვდაო.

***
სქემიღუმენი თამარ მარჯანიშვილი თავადის ოჯახში დაიბადა. მამით ადრევე დაობლდა, დედა კი ოცი წლისას გარდაეცვალა.

თამარს ბრწყინვალე მუსიკალური ნიჭი და შესანიშნავი ხმა ჰქონდა და პეტერბურგის კონსერვატორიაში შესასვლელად ემზადებოდა. მშობლების დანატოვარ მამულს თვითონ უვლიდა. შეძლებული და მშვენიერი ქალიშვილი სასურველი სარძლო იყო და არც მთხოვნელები აკლდა.

დედის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ თამარი სიღნაღში დეიდას ესტუმრა. ერთ დღეს ნათესავებმა ბოდბის დედათა მონასტერში წაიყვანეს. მიმდინარეობდა საღმრთო ლიტურგია. თვით იღუმენია იუბენალია კითხულობდა ლოცვას. რამდენიმე მონაზონი გალობდა. ახალგაზრდებმა ერთხანს უსმინეს წირვას და ეკლესიიდან გავიდნენ, მხოლოდ თამარი დარჩა წირვის ბოლომდე. ქალიშვილი დაატყვევა იქ გამეფებულმა ატმოსფერომ, მაშინვე გადაწყვიტა, მონაზვნად აღკვეცილიყო და მთელი ცხოვრება ღვთის სამსახურისთვის მიეძღვნა. წირვა რომ დასრულდა, მივიდა იღუმენიასთან, აუწყა თავისი სურვილი და სთხოვა, მიეღო. ამას მისმა ბიძაშვილმა მოჰკრა ყური და დანარჩენებს შეატყობინა. ახალგაზრდებს თამარის სურვილი სიცილად არ ეყოთ, მაგრამ ქალიშვილს ვერავითარმა დაცინვამ ვერ შეაცვლევინა განზრახვა. ნათესავებმა "გულის გადასაყოლებლად" თბილისში ჩამოიყვანეს. "მახსოვს, - ჰყვებოდა თამარი, - ვიჯექი თეატრში, ჯიბეში კი სკვნილი მედო და ვმარცვლავდი". ბოლოს, როცა დარწმუნდა, რომ მისი მონასტერში გაშვება არ სურდათ, შინიდან გაიპარა და მონაზვნად აღიკვეცა.

***
არქიმანდრიტი რაფაელი ასეთ ამბავს მოგვითხრობს: სოფელ ილორში, წმინდა გიორგის ეკლესიის მახლობლად, ცხოვრობდა ბერი გიორგი (ბულისკირია), რომელიც ამ ეკლესიაში მსახურობდა და გალობდა. წარმოშობით სოფელ ოქუმიდან იყო. ბავშვობიდანვე აღმოაჩნდა მხატვრობის ნიჭი. ყმაწვილობისას ფოტოგრაფია შეისწავლა და ისე დაოსტატდა, რომ მთელ არემარეზე გაითქვა სახელი.

ანდრია (ასე ერქვა ბერს ერისკაცობაში) ძალიან ლამაზი იყო. დედამისს მისი დაქორწინება სურდა, მაგრამ შესაფერის სარძლოს ვერ პოულობდა და ყოყმანობდა. ამასობაში ღვთის განგებით ანდრიას სხვა გზა გაეხსნა. ერთხელ სენაკში ნათესავებს ესტუმრა. ვახშმობისას საუბარი შეეხო ცნობილ მოსაგრე ბერს - მამა ალექსი შუშანიას, მის მოღვაწეობას. ანდრიას წმინდა მამის ხილვის სურვილი გაუჩნდა. წმინდა ალექსისთან შეხვედრამ ერთიანად შეცვალა მისი ცხოვრება. შინ დაბრუნების შემდეგ ანდრია დიდი ხნით იკეტებოდა ოთახში და იესოს ლოცვას აღავლენდა. სრულიად შეიცვალა, გაურბოდა ადრინდელ გარემოს და თავს არიდებდა მეგობრებთან შეხვედრას. ფოტოგრაფობასაც დაანება თავი. დედა დაქორწინებაზე რომ ჩამოუგდებდა სიტყვას, პასუხობდა, რომ თვითონვე იპოვიდა სარძლოს (ცხადია, ბერულ ცხოვრებას გულისხმობდა). ბოლოს გამოუტყდა, რომ სოფლიდან განდგომა ჰქონდა გადაწყვეტილი. ამის გამგონე ქალმა კივილი მორთო და თმის გლეჯა დაიწყო. მერე მრისხანებამ შეიპყრო. ემუქრებოდა, ჩემი ხელით დაგახრჩობო, ბოლოს კი შეაჩვენა და მისი დაბადების დღე დაწყევლა. პასუხად შვილმა მუხლი მოიდრიკა მის წინაშე და იმავე ღამეს წავიდა მამა ალექსისთან.

ბერმა გიორგიმ ოთხმოცდაათ წლამდე იცოცხლა. მამა რაფაელი ამბობდა: "არასოდეს მინახავს იგი გაბრაზებული, უკმაყოფილოც კი. ცა რომ ჩამოქცეულიყო, ალბათ მხოლოდ ამას იტყოდა: "დიდება ღმერთს ყველაფრისთვისო".

***
როცა პატრიარქი დავითი (დევდარიანი) მღვდელმთავრად ხელდასხმამდე ბერად აღიკვეცა, აღთქმა დადო, რომ იმ დღიდან აღარასოდეს გადააბიჯებდა თავისი სახლის ზღურბლს და ასეც მოიქცა. ყოფილი მეუღლე რომ გარდაეცვალა, გამოსათხოვრადაც არ მისულა; დაიბარა, რომ გარდაცვლილისთვის ლოცვა საკმარისი იყო. ასე უფრთხილდებოდა ის თავის სულიერ ფერისცვალებას.
ბეჭდვა
1კ1