მთელი სიცოცხლე მოყვასის ცხონებაზე ზრუნავდა
მთელი სიცოცხლე მოყვასის ცხონებაზე ზრუნავდა
მღვდელმონაზონი ანტონ მთაწმინდელი, "XIX საუკუნის ათონელი მამები"
ბერდიდი ჰაჯი-გიორგი (გაგრძელება). მამა ჰაჯი-გიორგი ყოველთვის მხნედ და ჯანმრთელად გამოიყურებოდა; სახე შევსებული და ოდნავ შეღაჟღაჟებული ჰქონდა, თვალები ცოტათი გადმოკარკლული; ყველა საქმეს ძმებთან ერთად ასრულებდა: პურს აცხობდა, საჭმელს ხარშავდა, ბოსტანს ბარავდა - მოკლედ, ძმებისთვის ცოცხალი მაგალითი იყო. ძალზე ცოტა ხანს ეძინა, ისიც იქ, სადაც მოუხდებოდა. ხშირად საღამოს მივიდოდა ტაძარში და იქ ცისკრის ღვთისმსახურების დასრულებამდე რჩებოდა; ხშირად ცალკე, საკუთარი კელიაც კი არ ჰქონდა. მთელი სიცოცხლე მოყვასის ცხონებაზე ზრუნავდა და საკუთარი ცხოვრების კეთილმოწყობაზე არ ფიქრობდა. თმას არასოდეს ივარცხნიდა, თუ აეჩეჩებოდა, ხელებით შეისწორებდა და საკმარისი იყო, თმა თუ გაუქეჩეჩდებოდა, მოიკვეცდა და დროთა განმავლობაში სხვა თმა ამოდიოდა, თავის თეთრეულს ყოველთვის თვითონ რეცხავდა, მაგრამ იშვიათად. ის იმით საზრდოობდა, რომ ანუგეშებდა მწუხარეს, დაამშვიდებდა ფიქრარეულს, შეარიგებდა გადამტერებულებს. სიტყვის თქმის განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა და ძალზე მოქმედებდა სხვებზე.

ბერდიდ ჰაჯი-გიორგის ცხოვრებიდან ჩანს, რომ მოსაგრე ცხოვრების საფუძვლად ის მორჩილებას თვლიდა, რომელსაც ძალზე აფასებდა და მასში ცხონებას ხედავდა, მაგრამ, როგორც ბერდიდი ამბობდა, აუცილებელია, ყოველდღიურად ვიგლოვოთ და ვიდარდოთ ჩვენს ცოდვებზე, ამის გარეშე ეშმაკის მახეს ვერ ავცდებით.

1970 წელს ბერდიდი ჰაჯი-გიორგი დანაღვლიანდა, რადგან თავის მორჩილებში ისეთ მკაცრი ცხოვრების წესს ვერ ხედავდა, როგორითაც თვითონ ცხოვრობდა და ვერც იმგვარ სრულყოფილ მორჩილებას, მას რომ ჰქონდა თავისი ბერდიდის მიმართ. გულისთქმა მოუვიდა, დაეტოვებინა თავისი საცხოვრებელი და ქრისტესთვის სულელი გამხდარიყო. როცა ამ ფიქრებში იყო, მისი სული ანგელოზის მიერ ზეცად იქნა აღტაცებული და იქ სამოთხის მშვენიერება იხილა. მისმა მეგზურმა ანგელოზმა მრავალ დიდებულ პალატთან მიიყვანა და მასაც თითქოს შიგნით შესვლა სურდა, მაგრამ მის კაკუნზე შიგნიდან პასუხობდნენ, რომ ეს რომელიღაც წმინდანის მოსასვენებელი ადგილიაო, ამასთან დიდი წმინდანების სახელები ესმოდა და შეშინებული ფიქრობდა: "განა მე, საცოდავ გლახაკს, მომიწევს ასეთ დიდებულ სასახლეებში ცხოვრება?" ასე შემოიარეს წმინდანთადმი მომზადებული სამოთხის სავანეები, ის ერთ მშვენიერ სასახლესთან მივიდა, როცა კარი გაუღეს, შიგნით თავისი მოწაფეები იხილა და გაიხარა. იქ ნახა მისთვის გამზადებული ადგილი და მოწაფეების კუთვნილი კუთხეც, რომლებიც ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ. შემდეგ გაჰყვა ანგელოზს და ნახა ათონის სხვადასხვა მონასტრის მამებისთვის გამზადებული ადგილი. ამ ხილვით ნუგეშისცემულმა ბერდიდმა სალოსობა გადაიფიქრა.

რუსეთ-თურქეთის ომის დროს დიდი უსიამოვნებები მოხდა რუსებსა და ბერძნებს შორის წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონის რუსულ მონასტერში. რუსმა ბერდიდებმა - მოძღვარმა მამა იერონიმემ და არქიმანდრიტმა მაკარმა - სთხოვეს ჰაჯი-გიორგის, ეშუამავლა და მშვიდობა ჩამოეგდო მათ შორის. ბერდიდი სიყვარულით მოვიდა, მთელი ორი თვე იქ გაატარა და გულმოდგინედ ცდილობდა მათ შერიგებას. როცა ნახეს, რომ მამა გიორგიმაც ვერაფერი გააწყო, ზემოხსენებულმა მამებმა მას სთხოვეს, ელოცა და გამოეცხადებინა: იყო თუ არა ღვთის ნება, რომ რუსები გამოჰყოფოდნენ ბერძნებს. ბერდიდმა მორჩილების გამო შეასრულა თხოვნა. მას ძილში ჰქონდა გამოცხადება. ნახა, რომ წმინდა პანტელეიმონის საკრებულო ტაძარში მონასტრის იკონომოსი იდგა და წინ დამარილებული ზეთისხილით სავსე თასი ედგა, რომელსაც ის არიგებდა - ერთ ცალს რუსებს აძლევდა, მეორეს ბერძნებს. როცა ბერდიდმა ამის შესახებ რუს მამებს უამბო, მათ დაასკვნეს, რომ გამოყოფაზე არ იყო ღვთის ნება.

ყველა მსურველს ის მონაზვნად აღკვეცდა და უმეტეს ნაწილს პირდაპირ სქემით შემოსავდა, და ამას წმინდა პახომისადმი ანგელოზის მიერ ნაჩვენები მონაზვნური ცხოვრების ერთ წესზე დაყრდნობით ამბობდა. 1870 წლამდე მამა ჰაჯი-გიორგის მოწაფეებად მხოლოდ ბერძნები ჰყავდა. ამ წელს სიწმინდეების თაყვანისსაცემად ჩამოვიდა წმინდა სერგის უდაბნოს მორჩილი პეტრე გვოზდევი. ის რუსაკში გაჩერდა და იქ აპირებდა საცხოვრებლად დარჩენას, მაგრამ რატომღაც ბერდიდებმა არ მიიღეს და ათონის შემოვლა და მთაწმინდელთა ცხოვრების გაცნობა შესთავაზეს.

ამ დროს კესარიაში ცხოვრობდა ავადმყოფი მოლდაველი ბერდიდი მამა თეოფანე, რომელსაც მოწაფედ ჰყავდა მონაზონი ბესარიონი, რომელმაც რუსული ენაც კარგად იცოდა და ბერძნულიც, მისთვის ცნობილი იყო მრავალი მეუდაბნოე მამის შესახებ. ხსენებულ ჟამს ერთმა მომლოცველმა სთხოვა ბერდიდს, მისთვის მეგზური და თარჯიმანი გაეყოლებინა. ბერდიდი დათანხმდა და ბესარიონი გააყოლა, თვითონ დამხმარის გარეშე დარჩა. სწორედ ამ დროს სულზე მიუსწრო პეტრე გვოზდევმა და მას დარჩენის ნება მისცეს, რათა ბერდიდს მომსახურებოდა. ერთხელაც ბერდიდმა შეიტყო, რომ ღვთისმშობლის საფარველის კელიაში ბერდიდი მამა მაკარი რუსი ავად გამხდარიყო და მის დასახმარებლად პეტრე გაგზავნა. მამა მაკარი საწოლში იწვა. როცა ტრაპეზობის დრომ მოაწია, გამოუცდელმა მორჩილმა იქ ბევრი მწვანე ბალახი შეამჩნია, გაახსენდა წმინდა მამათაგან ამოკითხული, რომ მეუდაბნოე მამები ბალახით იკვებებოდნენო და გადაწყვიტა, თვითონაც იმ წმინდანებივით მოქცეულიყო. ამგვარად, მან პირველივე ბალახი, რაც ხელთ მოხვდა, მოწყვიტა, მოადუღა, თავი დიდ ვინმედ წარმოიდგინა, დაჯდა და ჭამა დაიწყო, მაგრამ რამდენიმე კოვზის გადაყლაპვისთანვე მთელი შიგანი აემღვრა: ფანჯარა კარად მოეჩვენა, კარი კი - რაღაც საფრთხობელად! შეშინებული მივარდა სარკმელს, მინა გატეხა და ქვემოთ დაეშვა. ამ დროს ერთ ღრმა და ციცაბო უფსკრულს მიადგა... ქვემოთ როგორ მიფრინავდა, რა თქმა უნდა, აღარ ახსოვდა, მაგრამ საკვირველი ის იყო, კლდის შვერილებზე დაცემას ვერ გრძნობდა. და არათუ სასიკვდილოდ არ დაშავებულა, რაიმე განსაკუთრებული დაზიანება არ მიუღია, მხოლოდ ფეხები იტკინა და დაკოჭლდა.

მაღალ მთაზე მყოფმა რუსმა მონაზონმა, მამა პაისმა, უფსკრულში ადამიანი შეამჩნია, მამა მაკართან მივიდა და შეატყობინა. ის კიდევ თავის მორჩილზე ფიქრობდა, - ნეტავ სად წავიდაო. როცა მაგიდაზე ბალახის ნახარში ნახეს, მიხვდნენ, უფსკრულში ვინ ეგდო. ჩავიდნენ ქვემოთ, პეტრე ხელში აიყვანეს და შორი გზით, კავსოკალივის სკიტის გავლით, ჰაჯი-გიორგის მიუყვანეს. გამოცდილმა მოძღვარმა მაშინვე ერთიმეორის მიყოლებით სამი ჭიქა ზეითუნის ზეთი დაალევინა და ჩააცხრო მუცელში შხამის მიერ აბრიალებული ცეცხლი. მიუხედავად ამისა, ავადმყოფი ძალზე დასუსტდა. ბერდიდმა მასზე ზეთის კურთხევის საიდუმლო აღასრულებინა და შემდგომში უკეთესობა რომ ვერ დაინახა, ბერდიდ თეოფანეს ნებართვით, სქემაში აღკვეცა პართენის სახელით. მალევე ახალგაზრდა, ოცდაათი წლის მონაზონი გამოკეთდა, სრულად გამოჯანმრთელდა, მხოლოდ ფეხები ჰქონდა დაზიანებული. ეს მოხდა 1871 წლის გაზაფხულზე.

ბეჭდვა
1კ1