მძიმე ხასიათი
მძიმე ხასიათი
სტანისლავ სენკინი - ათონური მოთხრობები
(გაგრძელება)
გრიგოლმა ეს კელია ადვილად იპოვა, ცოტა ხანს შეჩერდა, მხნეობა მოიკრიბა და კარებზე ლოცვით დააკაკუნა:

- ლოცვითა წმინდათა მამათა ჩვენთათა, უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შეგვიწყალე ჩვენ!

კარებთან არავინ მოდიოდა და გრიგოლმა კვლავ დააკაკუნა:

- ლოცვითა წმინდათა მამათა ჩვენთათა, უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შეგვიწყალე ჩვენ!

- ეშმაკმა აქ კიდევ ვინ მოიყვანა?! რა გინდა!

გრიგოლმა იფიქრა, რომ ბერდიდი ამგვარად ფარავდა თავის სათნოებებს, ნიკოლოზისთანა უქმად მოხეტიალე მედიდურებისთვის. რა თქმა უნდა, სოფელი მას შურით, სიძულვილით და ზიზღით პასუხობს.

- მე ქსენოფონტიდან ვარ. მონაზონი გრიგოლი. აქ მამა ექვთიმემ გამომგზავნა.

- ექვთიმემ?.. რა უნდა იმ ბებერს ჩემგან? - მამა ბოგდანმა მცირე ხნის დუმილით თითქოს აცალა გაოცება თანამოსაუბრეს, მერე მეხივით დაეცა თავს და დაუმსხვრია სტერეოტიპი, - ხმა რატომ ჩაიწყვიტე?! მე შენ გეკითხები, შვილო, რა უნდა იმ ბებერს ჩემგან?!

გრიგოლი მიხვდა, რომ მამა ბოგდანი სიმდაბლეში ცდიდა და გადაწყვიტა, ბოლომდე დაეთმინა.

- მამაო, მას თქვენგან რამდენიმე სკვნილის შეძენა სურს! მამა ბოგდანი მცირე ხანს გაჩუმდა. "ისეა, როგორც ქარიშხლის წინ იცის ხოლმე", - გაიფიქრა გრიგოლმა.

- სკვნილი? კარგი. ახლავე, მოიცადე, - ბერმა ბოქლომს წყევლა მიაყოლა, გააღო მოჭრიალე კარი და უთხრა: - ჩქარა შემოდი, ცოტა დრო მაქვს.

გრიგოლმა მამა ბოგდანს შეხედა: მას წითელი სახე ჰქონდა, პატარა ბოროტი თვალები, დიდი, აჩეჩილი ჭაღარა წვერი.

- რას მომაჩერდი, რეგვენო?! - ბერმა მკვეთრი მოძრაობით, დაბალ სკამზე მიუთითა, - აქ დაჯექი! ლუქუმი მე არ მაქვს, თუ ჭამა გინდა, თაფლისკვერებს მოგიტან.

- არა, არა, მამაო, არ მშია.

- მშვენიერია! წყალი შეგიძლია იმ ონკანიდან აიღო, ჭიქა იქვე დგას. ჩუმად იჯექი და ილოცე, ვიდრე საქონელს გამოვიტან, - ბერი კელიაში შევიდა და დიდხანს ხმაურობდა, ისეთი უშვერი სიტყვებით ლანძღავდა ეშმაკს და მამა ექვთიმეს, როგორიც გრიგოლს ოდესღაც ათენში ქუჩის ბიჭებისგან გაეგონა. ათი წუთის შემდეგ ბერი გამოვიდა, ხელთ სხვადასხვა ფერისა და სიგრძის სკვნილების ასხმა ეჭირა. მან ეს ასხმა მაგიდაზე ისროლა და უხეშად ჰკითხა:

- რამდენი სკვნილი უნდოდა ბებერ ექვთიმეს?

- ოთხი სკვნილი.

- ასე ცოტა? ასეთი სისულელის გამო ასე შორს გამოგგზავნა? პატარავ, გირჩევ, თავი შორს დაიჭირო ასეთი მოძღვრებისგან. მათგან მხოლოდ უბედურებას უნდა ელოდო. როცა ახალგაზრდა მორჩილი ვიყავი, უფრო პატარა, ვიდრე შენ ხარ, თოთხმეტი წლისა, ერთი ცნობილი მთაწმინდელი მოძღვარი სახალხოდ აღშფოთდა, რომ ისეთი უწვერული ახალგაზრდები, როგორიც მე ვიყავი, მშვიდად დაეხეტებიან ათონზე და მონაზვნებს აცდუნებენო. შეურაცხყოფა ვეღარ მოვითმინე, წვერში ვეცი და ბღუჯა თმა ამოვაგლიჯე, - გააფთრებული ბერი მრისხანედ ლაპარაკობდა, გეგონებოდა, საცაა, სახის სიწითლე წვერზე გადავა და აენთებაო, - ამისთვის კინაღამ ციხეში ჩამსვეს და ათონიდან გამაძევეს. მაგრამ ისევ შემოვიპარე და ექვსი წელი ხეობებში და მღვიმეებში დაფარულად ვცხოვრობდი. ღამ-ღამობით გამოვდიოდი და ვიპარავდი საჭმელსა და ტანსაცმელს... მონასტერში ჩემი მიღება არავის უნდოდა, რადგან მესამე დღეს, მაქსიმუმ ერთ კვირაში საშინელ ჩხუბს ავტეხდი ხოლმე. პოლიციელები პატივს ისე მცემდნენ, ძმაო, რომ ახლაც ხელის აღებით მესალმებიან. როგორც უკვე მიხვდი, არავის ვუყვარვარ. მორჩილები ორ საათს თუ მიძლებენ. მაგრამ არც მჭირდება ზარმაცი მორჩილები, მათ მხოლოდ აჭამე და აძინე. სიმდაბლე არა აქვთ. ათონზე დადიან და მლანძღავენ საქვეყნოდ - განდეგილმა ხელი ჩაიქნია და ლანძღვა დაიწყო, - რომ იცოდე, ლავრელ ბერდიდებს რამდენჯერ უნდოდათ ჩემი გაგდება მთაწმინდიდან! რა სისაძაგლეებს არ ვუწყობდი ადრინდელ დიკეებს, - ბერს, ეტყობოდა, ამაყობდა იმით, რომ ის ჯერ კიდევ ცხოვრობდა ათონზე და მიუხედავად ხანდაზმულობისა, თვითონ უვლიდა საკუთარ თავს, - კარგი, ბევრი გეყბედე, მომეცი ფული, საქონელი აიღე და დაახვიე აქედან, მე ლოცვის დრო მომივიდა.

გრიგოლმა ასი ევრო ამოიღო და სხვადასხვა ფერის შეკვრიდან მამა ექვთიმესთვის ოთხი ყველაზე ლამაზი სკვნილი ამოარჩია. და ამ დროს ბერის საშინელი ღრიალი მოესმა:

- შე არამზადავ! გგონია, რომ ბებერი ვარ და იოლად მომატყუებ?!

- რა არის, მამაო ბოგდან? არც კი მიფიქრია თქვენი მოტყუება, - ბერის მრისხანებამ შეაშინა ახალგაზრდა მონაზონი.

- ექვთიმემ კარგად იცის, რომ ჩემი სკვნილი ორმოცი ევრო ღირს, რა უყავი დანარჩენი სამოცი ევრო? ეტყობა, დამალე! დაიცადე, მე შენ გასწავლი ჭკუას, - ბერმა მონაზონს კვერთხი მოუქნია. გრიგოლმა იფიქრა, საცაა, თავს გამიხეთქავსო.

ამ დროს გაახსენდა, რომ ჯიბეში სამოცი ევრო ედო, რომლითაც ვათოპედის მონასტრის გუნდის მიერ შესრულებილი საგალობლების კომპაქტური დისკი უნდა ეყიდა.

- მამაო, ეტყობა, რაღაცა ავურიე, ფული აქ მიდევს ჯიბეში, - მან ჯიბიდან რამდენიმე კუპიურა ამოიღო, მაგრამ ბერმა ფული დაჭმუჭნა და მოისროლა.

- გვიანია, ძმაო! გველივით ნუ იკლაკნები და თავის დაძვრენას ნუ ცდილობ, ნუ ცდილობ თავი დააღწიო სამართლიან რისხვას. ქურდებისთვის საზღაური ჩემი კვერთხია! - ბერმა კეტი მოუქნია და გრიგოლი თითქმის გამოემშვიდობა სიცოცხლეს.

- არ დამარტყა, მამაო, აღარ მოვიპარავ.

- შენი არა მჯერა!

- გპირდები, ღმერთს გეფიცები!

- ოჰ, როგორ ვუცქირო ღვთის სახელის უქმად წარმომთქმელს. ასე რომ, მიიღე სამაგიერო, არამზადავ, - და ბერმა მონაზვნის ზურგზე დაუშვა თავისი მძიმე კვერთხი...

ეგზეკუციის შემდეგ გრიგოლმა სკვნილები აკრიფა და ოხვრით გასასვლელისკენ გაემართა...

- გმადლობ, მამაო, ჭკუის სწავლებისთვის!

- ნუ იგესლები, თორემ კიდევ მიიღებ. ექვთიმეს კი გადაეცი, რომ ნუღარავის გამომიგზავნის. მგონი, ვუთხარი კიდეც ამის შესახებ. თორემ მომიწევს, მოვიდე და პირადად ავუხსნა ყველაფერი, - ბერმა გრიგოლს კარებისკენ უბიძგა, - მიდი, მიდი! ნუ ცდილობ ჩემს გაღიზიანებას. არაფერი გამოგივა.

- რა, განა პირველი არა ვარ, ვინც მამა ექვთიმემ გამოგზავნა? - ჰკითხა გრიგოლმა.

- ბოლო ათ წელში მგონი, მეექვსე ხარ, - მამა ბოგდანი უკვე კარებს კეტავდა, - და კიდევ! თუ სადმე დამინახავ ორთქლმავალზე, კარეესში ან დაფნაში, მოსვლა არც იფიქრო მოსასალმებლად, ანდა კურთხევის ასაღებად, თორემ ჭკუას გასწავლი და სამუდამოდ შეგარცხვენ. მორჩა, დაახვიე!

ტკივილისგან დაგრეხილი გრიგოლი სკიტის სასტუმროში მივიდა, სადაც მას არქონდარიკი ალერსიანად, სადილით გაუმასპინძლდა და ჰკითხა:

- რაო, მამა ბოგდანთან იყავი?

- როგორ შეიტყვეთ? ჭკუანასწავლმა მონაზონმა გაოცებულმა შეხედა არქონდარიკს.

- ამის შემჩნევა ძალზე ადვილია, მამაო. ნუ განიცდი, ყველაფერი მშვენივრად მესმის. რამდენჯერ ვცადეთ ამ უწესოს მორჯულება, წინა დიკეამ თითქმის მიაღწია მიზანს, მაგრამ ლავრის იღუმენმა თქვა, - დაე, ამ ღვარძლიანმა ბერიკაცმა სიცოცხლის ბოლომდე თავის კელიაში იცხოვროსო და აკურთხა, რომ ჩვენს კათოლიკონში ზიარებულიყო. ასე რომ, ალბათ წარმოდგენილი გაქვს, თუ რას ვითმენთ ყოველ კვირა დღეს?

მეორე დღეს გრიგოლი ორთქლმავალში ჩაჯდა და მონასტერში გაემგზავრა. როცა მშობლიურ მონასტერში შევიდა, მაშინვე მოძღვარს მიაშურა. მამა ექვთიმე თავის კელიაში ისვენებდა, როცა მასთან მივიდა. ლოცვა გაიგონა თუ არა, მოძღვარმა კელიის კარები გააღო, მასთან გავიდა, გრიგოლის წინაშე მუხლი მოიდრიკა. მონაზონმა თავი უხერხულად იგრძნო, გაოცდა მონასტრის მოძღვრის სიბრძნითა და თავმდაბლობით. შემდეგ მამა ექვთიმემ ის შინ შეიპატიჟა.

- გრიგოლ, შემინდე...

- არა, მამაო, არა, ეს ჩემთვის კარგი გაკვეთილი იყო. მე მხოლოდ თქვენი განმარტება მინდა.

მოძღვრისაგან კურთხევა აიღო, ნაყიდი სკვნილები გადასცა და ელოდა პასუხს. მოძღვარმა თავისი ცისფერი საფულიდან ოცი ევრო ამოიღო და გრიგოლს გადასცა მამა ბოგდანისეულ სკვნილთან ერთად.

- აიღე ეს საკვირველი სკვნილი და როცა მასზე ილოცებ, გახსოვდეს, რომ მამა ბოგდანი უკვე სამოცი წელია, რაც ათონზე ცხოვრობს და ეგუება თავის უცნაურ ხასიათს. მიუხედავად იმისა, რომ მთაწმინდაზეა და ღმერთს ევედრება. შენ კი, ნაკლებად წვეტიანი ხასიათის პატრონი, ორი წლის მერე სასოწარკვეთილებაში ვარდები. მამა ბოგდანის სიმდაბლის მეასედი ნაწილი რომ გქონდეს, მაშინ მოითმენდი საკუთარ სისუსტეებს. ასე რომ, წადი.

გრიგოლმა თავი ჩაღუნა, მისთვის ნათელი გახდა გაკვეთილის აზრი.



ბეჭდვა
1კ1