წმინდა ვიქტორ მარსელელი (III) - 21 ივლისი (3 აგვისტო)
წმინდა ვიქტორ მარსელელი (III) - 21 ივლისი (3 აგვისტო)
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.

დიოკლეტიანეს თანამმართველი მაქსიმიანე ვერ იტანდა ქრისტიანებს და, როგორც დასავლეთის ერთპიროვნული ხელისუფალი, სასტიკად ავიწროებდა მათ. მაქსიმიანემ დევნა ჯერ ლეგიონებში დაიწყო - დაბეჯითებით მოითხოვა, რომ მეომრებს ღმერთებისა და იმპერატორის პატივსაცემად რიტუალი ჩაეტარებინათ. მაშინ მრავალი ქრისტიანი იძულებული შეიქნა, სამსახური მიეტოვებინა და ბევრიც სიკვდილით დაისაჯა. აფრიკაში ერთმა მეომარმა, სახელად მარკელმა, აიყარა იარაღი და შესძახა: "თუ მეომრის წოდება მავალდებულებს, ცრუ ღმერთებს შევწირო მსხვერპლი, მე სამსახურზე უარს ვამბობ". მას სიკვდილი მიუსაჯეს. ნოტარიუსმა კასიანემ უკანონო განაჩენის წერილობით გაფორმებაზე უარი თქვა და მასაც მარკელის ხვედრი ერგო.

მავრიკიოსმა, თებეს ლეგიონის მეთაურმა, არ შეასრულა ბრძანება და არ აღასრულა წარმართული რიტუალი. მთელმა ლეგიონმა, ექვსი ათას ხუთასმა კაცმა, მას მიჰბაძა და აღიარა ქრისტიანული სარწმუნოება. პროკურატორმა დანარჩენთა შესაშინებლად ბრძანა ყოველი მეათე მეომრის სიკვდილით დასჯა; როცა ყველამ განაცხადა, რომ სურთ ქრისტეს ერთგულ მსახურებად დარჩნენ, მთელი ლეგიონი ამოხოცეს.

როდესაც მაქსიმიანე ქრისტიანთა დასასჯელად მარსელში ჩავიდა, ვიქტორს არ დაუმალავს თავისი რწმენა. თავის მეგობარ მეომრებსაც მოუწოდებდა, სიკვდილის შიშით უარი არ ეთქვათ ჭეშმარიტ ღმერთზე. ვიქტორი სიკვდილმისჯილ ქრისტიანებს, დასასჯელ ადგილამდე აცილებდა, ამხნევებდა. ბოლოს ისიც შეიპყრეს. ვიქტორი იმპერატორ მაქსიმიანეს მიჰგვარეს. ქრისტიან მეომარზე უმაღლესი საერო ხელისუფლის არც მუქარამ გაჭრა და არც დაპირებებმა.

ან ამხილა კერპთაყვანისმცემლობა და ხმამაღლა იქადაგა ქრისტეს მოძღვრება. იმპერატორმა ბრძანა ქუჩებში ეტარებინათ და სახალხოდ მიეყენებინათ მისთვის შეურაცხყოფა. ნაცემი და შეურაცხყოფილი მეომარი დილეგში ჩააგდეს, სადაც მას მაცხოვარი გამოეცხადა ჯვრით ხელში და ცოცხალი რწენის სანაცვლოდ საუკუნო ცხოვრებას დაჰპირდა. მეორე ღამეს მეომარს სამი ანგელოზი გამოეცხადა, მათაც ანუგეშეს ქრისტიანი და მომავალი წამებისთვის გაამხნევეს.

სამი დღის შემდეგ ვიქტორი ისევ წარადგინეს სამსჯავროზე და იუპიტერის ქანდაკებისათვის თაყვანისცემა მოსთხოვეს, მეომარმა კერპი წიხლის კვრით ძირს დააგდო და დაამსხვრია. მან ძალიან განარისხა მაქსიმიანე. მისი ბრძანებით ქრისტიან მეომარს თავი მოჰკვეთეს. თავის კვეთისას ზეცაში გაისმა ხმა: "ვიქტორ, შენ გაიმარჯვე!"

მოწამის სხეული ზღვაში გადააგდეს, თუმცა ქრისტიანებმა შეძლეს მისი პოვნა და ქრისტიანული წესით დაკრძალვა. მეომრის საფლავზე უამრავი სასწაული აღესრულებოდა. ვიქტორი ქალაქ მარსელის მფარველ წმინდანად ითვლება.

ბეჭდვა
1კ1