დაეყუდა პატრიარქი წმინდა შიოს საფლავზე
დაეყუდა პატრიარქი წმინდა შიოს საფლავზე
ერთხელ სულიერად მიეძინა მწყემსს კეთილს, სარმიანე კათოლიკოსს. წმინდა შიოს ხსენების დღეს მისსავე მონასტერში უამრავ ხალხთან ერთად ტფილისიდან ეგვიპტელები მოვიდნენ , იაკობინელები - სარწმუნოებით. მოართვეს ძღვენი პატრიარქს, მიიღეს მისგან კურთხევა და ზიარების ნება სთხოვეს. პატრიარქმა, ისე, რომ მათი რწმენა არ გამოიძია, წირვისას აზიარა ისინი თავისივე ხელით. წირვის შემდეგ მეფის სუფრაზე იტრაპეზეს, ბოლოს ყველა შინ წავიდა, მათ შორის სარმიანეც. იმავე ღამეს ძილში გამოუჩნდა ვინმე დიდებული მღვდელთმოძღვარი და ერთი მოხუცებული მონაზონი ოქროს კვერთხით. მათ შემოხსნეს სამოსელი, მერე კი მღვდელთმოძღვარი წავიდა. მონაზონმა ჰკითხა, - ხომ არ მოგეწონა სიშიშვლე, მაშ რატომ შეგიწყნარებია მონოფიზიტნი, რატომ აზიარე და მათგან ძღვენი რატომ მიიღეო. აჰა, მადლისაგან განშიშვლებულხარო. შეშინებულმა პატრიარქმა ვინაობა ჰკითხა: ის ეპისკოპოსი წმინდა კირილე ალექსანდრიელი იყო, რომელმაც ბევრი იბრძოლა ამ მწვალებლობის წინააღმდეგ, მე კი ღვთის მონა შიო ვარო. გამოეღვიძა პატრიარქს, შეკრიბა ეპისკოპოსნი და მოუთხრო ყოველივე. მათ განაჩინეს, რომ მონოფიზიტების ძღვენი მონასტრის ბჭესთან დაეწვათ, მერე კი პატრიარქს უთხრეს, - ორმოცი დღე შიომღვიმეში დაეყუდე და შეინანე. ჩვენც ვილოცებთ და ვიმარხულებთო. დაეყუდა პატრიარქი წმინდა შიოს საფლავზე, მღვიძარებით, მარხვით და ლოცვით განვლო შვიდეული. მოიწია კვირა დღეც. პატრიარქმა კვლავ იხილა წმინდა კირილე და წმინდა შიო, რომელთაც ის ჯვარცმული მაცხოვრის წინაშე წარადგინეს. მაცხოვარმა შენდობა მისცა. კვლავ შემოსეს მღვდელმთავარი. გახარებულმა გამოიღვიძა. მალე მოვიდა მღვიმეში ეპისკოპოსების გამოგზავნილი კაციც - ხუთ მათგანს იგივე ხილვა ჰქონოდა. წმინდა სარმიანე ამის შემდეგ უკვე ფხიზლად იყო ყოველგვარი მოქმედებისას.

ბეჭდვა
1კ1