სიმდიდრემ არარაობად აქცია
სიმდიდრემ არარაობად აქცია
მამა ფილოთეოს ზერვაკოსი ამბობდა: "ზოგს ჰგონია, ბედნიერება სიმდიდრეშია, ამიტომაც თითქმის ყველა მიწიერი სიმდიდრის მოპოვებას ცდილობს. ჩემს სამშობლოში ვიცნობდი ორ ადამიანს, რომლებიც გამდიდრდნენ არა მძიმე შრომითა და ჯაფით, არამედ უკეთური გზით: ქურდობით, ყალთაბანდობით, ძალადობით. კონტრაქტებს უდებდნენ ღარიბებს და თუ ისინი შეთანხმებას ვერ შეასრულებდნენ, ართმევდნენ ვენახებს, მინდვრებს, სახლებს, პირუტყვსაც კი. დიდი ქონება დააგროვეს, მაგრამ ბედნიერებას ვერ ეღირსნენ. როცა ერთი მათგანი გარდაიცვალა, არავის დასცდენია სინანულის სიტყვა. პირიქით, ყველა მას წყევლიდა, რადგან ის არა მხოლოდ ძარცვავდა ღარიბებს, პურის ნატეხსაც არ იმეტებდა მათთვის. როცა სამი წლის შემდეგ მისი საფლავი გათხარეს (ასეა მიღებული საბერძნეთში), გვამი გაუხრწნელი, გაშავებული დახვდათ, პირი გაეღო, ენა გადმოვარდნოდა, ხელები კი ისე გაეშვირა წინ, თითქოს რაღაცას უნდა ეცეს და მიითვისოსო. მისი შემხედვარე ხალხი შეშინებული გაიქცა. შემდეგ მიტროპოლიტი მოიწვიეს, რათა მისი სულისთვის ელოცა. ლოცვა აღასრულეს, დაკრძალეს და ორი-სამი დღის შემდეგ ნახეს - ისევ გაუხრწნელი იყო! ბოლოს, მის ნეშტს ქვა გამოაბეს და ზღვაში გადააგდეს, მაგრამ ზღვამაც გამორიყა. ამ უბედური კაცის შვილებმაც ცუდად დაასრულეს სიცოცხლე. ერთმა ბანქოს თამაშს გადააგო თავისი ქონება და ბოლოს თავი მოიკლა. მეორემ მრუშობაში გაანიავა ფული, სიფილისი, ტუბერკულოზი და სხვა სნეულებანი დაატყდა თავს და სიღარიბეში ამოხდა სული. მესამეც სიღატაკეში ცხოვრობდა, იდგა ქუჩაში, ხან ფულს ითხოვდა და ხან სიგარეტს. არც ერთ მათგანს ერთხელაც არ გაუცია მოწყალება გარდაცვლილი მამის სულისთვის, წირვაში მოხსენიებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. ისინიც, ისევე, როგორც მათი მამა, სიმდიდრემ არარაობად აქცია".

ბეჭდვა
1კ1