ყურს ნუ მიუგდებ იმ ადამიანს, რომელიც ბოროტს ამბობს შენს სულიერ მამაზე
 ყურს ნუ მიუგდებ იმ ადამიანს, რომელიც ბოროტს ამბობს შენს სულიერ მამაზე
მამა ეფრემ ფილოთეველი. "მამა იოსების გვერდით"
თავი X. ჩვენი დამოკიდებულება ბერდიდ იოსების მიმართ
(გაგრძელება)
ბერდიდ იოსებს დიდი თვითაღკვეთა ჰქონდა. ყოველთვის გვეუბნებოდა, რომ არ სურდა მასზე განსაკუთრებულად გვეზრუნა. მაგრამ ჩვენ ხომ უნდა გვიყვარდეს და პატივს მივაგებდეთ საკუთარ ბერდიდს. რა თქმა უნდა, მამა იოსებს ასკეტური შეხედულებით არ სურდა, რომ მასზე გვეზრუნა, მაგრამ ვფიქრობდი და ვეუბნებოდი საკუთარ თავს: მშვენიერია, თვითონ ბერდიდს არ სურს ეს, არ უნდა რომ მას მოვემსახურო ტრაპეზზე, რაზეც მე პასუხს ვაგებ (სადილის მომზადებაზე, - კ.კ.), მაგრამ მისი მომსახურება ჩემი ვალია". მე ჩუმად ვიღებდი მამა იოსების და მამა არსენის ხელსახოცებს და ვრეცხავდი. ამ ხელსახოცებს თოკი ჰქონდა, რომლითაც კისერზე იბამდნენ, როგორც პატარა ბავშვებს უკეთებენ სადორბლეებს და აი, რა მოხდა, როცა მე ისინი პირველად გავრეცხე. გარეცხვისთანავე მასში დანა-ჩანგალი შევახვიე. ბერდიდი სუფრასთან დაჯდა და თავისი ხელსახოცი გაშალა. მას ერთი წვრილმანიც კი არ გამორჩებოდა: მაშინვე შეამჩნია, რომ ხელსახოცი რბილი იყო, აქამდე ხომ ის ბრეზენტივით გახლდათ გამაგრებული. მას გაეხარდა არა ის, რომ ხელსახოცი გაერეცხათ, არამედ ის სიყვარული და პატივისცემა, რომელიც სულიერმა შვილმა ბერდიდზე ზრუნვისას გამოიჩინა.

- არსენი, ხელსახოცები გაურეცხავთ. ნახე, რა კარგია!

ის უცქერდა ხელსახოცს და ხელს უსვამდა. ვხედავდი, რომ ბერდიდისთვის სასიამოვნო რამ მოვიმოქმედე. მას შეეძლო სიყვარულის შეგრძნება და დაფასება და იცოდა, ეს როგორ ეჩვენებინა. მას არც კი უფიქრია თავნებობისთვის გაველანძღე, რადგან იცოდა, ასე რატომაც მოვიქეცი.

როცა ბერდიდი გარდაიცვალა, მამა არსენი საცხოვრებლად ჩემს კალივაში გადმოვიდა. ბერდიდმა ასეც თქვა, რომ მამა არსენს ჩემთან უნდა ეცხოვრა. მე და მამა ხარლამპეს მამა არსენთან საჭმელი რიგ-რიგობით მიგვქონდა. მე გულგრილი არ ვიყავი მამა არსენის მიმართ, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მასში ვხედავდი სულიერ კაცს და ბერდიდის მემკვიდრეს, არამედ უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ როცა მამა არსენს ვუცქერდი, თითქოს მამა იოსებს ვხედავდი. მე ვზრუნავდი მასზე, თეფშით საჭმელს ვუგზავნიდი და ვცდილობდი, ძალზე კარგად მომემზადებინა, რათა მისთვის მესიამოვნებინა. მამა არსენი ხომ მამა იოსების მარჯვენა ხელი იყო. იგი გახლდათ ძლიერი სულისა და სხეულის მქონე ადამიანი, დიდი მოსაგრე. ბერდიდმა არსენმა ერთხელ თქვა: "როცა საჭმელს მიგზავნის ჩვენი ახალგაზრდა მღვდელი, ამას ის შესანიშნავად აკეთებს!" და ის ამის გამო ხარობდა!

ყველაფერ ამით იმის თქმა მსურს, რომ როცა ჩვენ სულიერად ვცხოვრობთ და ვიღვწით, მაშინ ჩვენ მოგვიხილავს საღმრთო მადლი და ვგრძნობთ და გვწამს, რომ ჩვენი სულიერი მოძღვარი - ღვთის ხარტია, მაშინ ჩვენ თავს მოვალედ ჩავთვლით, პატივი ვცეთ მას, გვიყვარდეს იგი და დავუჯეროთ მას. ასე აღმებეჭდა სულში ჩემი მოძღვრისადმი დამოკიდებულება, იგი ძალზე გულწრფელი გახლდათ. ჩემს ზრუნვაში არ იდო მედიდურობის და სიამაყის გულისთქმა. ეს ზრუნვა მომდინაროებდა იმ ადამიანისადმი მადლიერების ნიშნად, რომელშიც ღმერთის შემდეგ ჩემს უპირველეს გადამრჩენელს ვხედავდი, მას, რომელმაც სულიერად ჩამომაყალიბა.

წმინდა წერილში არა მხოლოდ ეს მცნება წერია: პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა დღეგრძელი იყო და კეთილი გეყოს შენ (შეად. გამოსვლა 20,12), არამედ ასევე ნათქვამია: ის, ვინც შეურაცყოფს საკუთარ მშობლებს, სიკვდილს უნდა მიეცეს (გამოსვლ. 21, 17). თუ ძველ აღთქმაში ღმერთი ბრძანებდა, რომ შვილებს პატივი ეცათ მშობლებისთვის, რამეთუ მათ ისინი ამქვეყნად მოიყვანეს, ხოლო ახალი აღთქმით როგორც ვიცით, ღმერთს უფრო მეტი უნდა, მაშინ ხომ აჩრდილი იყო, ახლა კი ჭეშმარიტება. თუ მშობლებისადმი პატივისცემის მცნებას ამგვარი კურთხევა მოსდევს, რაოდენ მეტად ვიკურთხებით სულიერი მამის პატივისცემის მცნების შესრულებით. ღვთაებრივი ჭეშმარიტება გვასწავლის, რომ ყველაზე მეტად პატივი უნდა ვცეთ სულიერ მამებს. ჯერ ერთი, ეს ჩვენი ვალია, თანაც ამის ასრულებით ღვთის კურთხევას ვიღებთ. ღირსი ეფრემი ამბობდა: "ყურს ნუ მიუგდებ იმ ადამიანს, რომელიც ბოროტს ამბობს შენს სულიერ მამაზე. გაექეცი, რათა ღვთის რისხვა არ მოიწიოს შენზე. ანუ ეს წმინდანი თვლიდა, რომ თუ რომელიმე ადამიანი, რომელიმე მორჩილი დათანხმდება და მოიხიბლება იმით ვინც მას განიკითხავს, ამის გამო მასზე ღვთის სასჯელი მოიწევა. მაშინ რაღა ითქმის იმ ადამიანზე, რომელიც არა მხოლოდ უსმენს, თვითონაც ბოროტს ამბობს და განიკითხავს თავის სულიერ მამას? არადა სულიერმა შვილმა, რომც იხილოს სულიერი მამა შემცოდე, მან ეს უნდა დაფაროს.

თავის სწავლებებში ბერდიდს მაგალითი ნოეს ცხოვრებიდან მოჰყავდა, რათა მივმხვდარიყავით, რამდენად სერიოზული იყო ეს საქმე. ნოემ თავის სიცოცხლეში პირველად დაწურა ყურძენი და ღვინო გააკეთა. არაფერი იცოდა ღვინის შესახებ, ზედმეტი დალია და დაითვრა. და, აი, წევს მთვრალი, გაშიშვლებული. ერთმა მისმა ვაჟმა, როცა მამა ასეთ მდგომარეობაში იხილა, წავიდა ძმებთან, მოუყვა ამის შესახებ და მშობელი განიკითხა. ისინი კი ბრძნულად და პატივისცემით მოექცნენ მამას, ახსოვდათ რა ღვთის მცნება - არ ვიხილოთ საკუთარი მამის სიშიშვლე. მათ აიღეს სამოსი, უკან-უკან დახევით, ზურგშებრუნებით მივიდნენ მამასთან ისე, რომ არც შეუხედავთ. მიაფარეს სამოსი, ისე, რომ ნოეს საკუთარი მამის სიშიშვლე არ უნახავს. როცა ნოე გამოფხიზლდა და შეიტყო, რაც მოხდა, მან დასწყევლა თავისი ვაჟი, რომელმაც დანარჩენი ორი ძმის წინაშე შეარცხვინა. ბერდიდს ეს მაგალითი მოჰყავდა იმის სასწავლებლად, თუ როგორი პატივი უნდა ვცეთ საკუთარ მოძღვარს, არ უნდა განვიკითხოთ იგი და საქვეყნოდ გამოვაჭენოთ. მონაზონი მამები ამ კანონს ყოველთვის უზარმაზარ მნიშვნელობას ანიჭებდნენ.

მაგრამ მე მინახავს ჩვენი ბერდიდისადმი უპატივცემულობის შემთხვევებიც, როცა ახალგაზრდა მორჩილი ვიყავი. ერთი ძმა რაღაცას მიჩურჩულებდა ბერდიდის წინააღმდეგ და ჩემი გადაბირება უნდოდა. ეს ამბავი ბერდიდამდეც მივიდა. გულისტკივილით მითხრა: "თუ გაგიგია, შვილო, რასაც ის ძმა ჩემზე ლაპარაკობს? როგორ მაწყლულებს მე ეს ამბავი. საკუთარი თავი კი არა, ის მეცოდება. ხვალ რა მოელის? განა ის ცხონებას ჰპოვებს? არა".

ბერდიდი ცოტას იტყოდა, მაგრამ მისი ნათქვამის შესრულება არ გვიჭირდა. ისეთი მოშურნეობა გვქონდა, ისე ვიყავით განმზადებულნი, რომ არა მხოლოდ ბერდიდის მცნებები, არამედ მისი უბრალოდ ნათქვამი და დარიგებები, მზად ვიყავით, კანონად მიგვეღო და შეგვესრულებინა. ის მაგალითად, გვეტყოდა რაიმე წვრილმანზე: "იცოდეთ, ეს არ გააკეთოთ". მაგრამ ეს სიტყვა ჩვენ კანონად გვექცეოდა და მუდამ ასე ვიქცეოდით. მოძღვარს ჩვენთვის რაიმეს გამეორება არ სჭირდებოდა.

მაგალითად, მან მითხრა: "ყურადღებით იყავი, შვილო, შეიძლება ნავმისადგომს რომელიმე ნავი მოადგეს, ჩადი და თევზი გამოართვი". ბერდიდმა მითხრა, - მორჩა. დაჟინებით და გაფაციცებით ვუცქერდი, ნავი არ გამომრჩენოდა. ბერდიდს არ უთქვამს "მე შენ გიბრძანებ". მაგრამ ჩემთვის ბრძანების ტოლფასი იყო ყველა მისი სიტყვა და არ განისჯებოდა. ეს მისი სურვილი იყო, მისი რჩევა, მე იგი უნდა შემესრულებინა.

ამიტომაც, როცა ღვთის მადლის მოპოვებას ვცდილობდით, ბერდიდის ლოცვით ჩვენ ის მოგვეცემოდა, არა იმიტომ, რომ ჩვენ რაიმე განსაკუთრებულს ვაკეთებდით, ყოველ შემთხვევაში, მე არაფერს ვაკეთებდი, მაგრამ იმდენად ძლიერი იყო ბერდიდის ლოცვა და ჩვენი მისადმი რწმენა, რაც ღვთის ნიჭი გახლდათ, რომ ვაკეთებდით იმას, რაზეც უკვე ვისაუბრეთ.

დღეს, ჩვენთან, ახლანდელებში, ასეთ რწმენას ვერ იპოვი. რადგან ჩვენ გვინდა, რომ ხელთ ამის მტკიცებულება გვქონდეს. ჩვენ გვსურს, რომ ჩვენი ბერდიდისგან სასწაული ანდა აღმატებული მუშაობა ვიხილოთ: შევხედავთ და მაშინ დავიჯერებთ. განა გვინახავს, რომ მამა იოსებს ზეცა მიწაზე გარდამოეყვანა? არა. მაგრამ ჩვენ გვჯეროდა მისი სიტყვების, რასაც გვეუბნებოდა და ასე ვცხოვრობდით. და თუ ასე ცხოვრობდა ბერდიდი, ვცდილობდით, რომ ჩვენც ამგვარად გვეცხოვრა. ასე ხდებოდა კიდეც.

როცა ბერდიდი ჩვენს გვერდით იყო, განა შეგვეძლო ძმებს ერთმანეთში გვესაუბრა? მოძღვარი ჩვენ გვერდით ყოფილიყო და მის წინაშე სხვა ძმასთან მესაუბრა! ღმერთმა დაგვიფაროს! ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ასეთი რამ დაგვეშვას. ამგვარი იყო ჩვენი მისადმი პატივისცემა და მორჩილება.

ბეჭდვა
1კ1