ღირსი ილარიონ ახალი (+845) - 06 (19) ივნისი
ღირსი ილარიონ ახალი (+845) - 06 (19) ივნისი
ეს საკვირველი მოსაგრე VIII-IX საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა და წარმომავლობით კაპადოკიიდან იყო.

მამამისს საიმპერატორო კარის პურით მომარაგება ევალებოდა და საზოგადოებაშიც კარგი მდგომარეობა ეკავა.

ილარიონი ოცი წლის იყო, კონსტანტინოპოლს, ქსიროპოტამის მონასტერში რომ მივიდა, მოკლე ხანში კი სახელგანთქმულ დალმატის მონასტერში გადავიდა და იქ შემონაზვნდა, მორჩილება და იესოს ლოცვა ფრიად შეიყვარა და სათნოებებით განბრწყინდა.

ათი წლის მანძილზე აღასრულებდა მებაღის მორჩილებას, ხოლო ოდეს ერთი ბოროტისგან შეპყრობილი ჭაბუკი ლოცვით განამრთელა, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, მონასტრის იღუმენმა მღვდლად დაასხა ხელი.

იღუმენის მიცვალების შემდეგ ძმებს მის ნაცვლად ილარიონის დადგინება სურდათ, თუმცა, მან იქაურობა უჩუმრად დატოვა და ბითვინიაში, კაფარის მონასტერს მიაშურა.

მაშინ დალმატის სავანის მამებმა მის დასაბრუნებლად პატრიარქ ნიკიფორეს და იმპერატორს მიმართეს, რის შემდეგაც, 807 წელს, ილარიონს კონსტანტინოპოლის მონასტერთა იღუმენად და არქიმანდრიტად დაესხა ხელი.

ეს ყოვლადკეთილი მამა სამწყსოს ნამდვილ მწყემსად მოევლინა, ხოლო როდესაც 813 წელს, ლეონ სომეხმა კვლავ განაახლა დევნა, უშიშრად წარუდგა ტირანს, რომელმაც იქით განიზრახა მისი გადმობირება და უღმერთოდ მოიხსენია.

ცოფქმნილმა ლეონმა, რომლის გულიც ეშმაკმა, მსგავსად ფარაონისა, გაასასტიკა, ილარიონი ჯერ აწამა, მერმე - საპყრობილეს მისცა.

ხანგრძლივი პატიმრობის შემდგომ ნეტარი მამა კვლავ წარუდგა მტარვალს და ისევ იმ სიტყვებით ამხილა.

მაშინ ლეონმა იგი ერეტიკოს პატრიარქს, თეოდოტი კესიტერს იმ იმედით გადასცა, რომ მის გადარწმუნებას და ამით მძლავრი საეკლესიო მოძრაობის გატეხას შეძლებდა, თუმცა, ამაოდ, მარცხნაწვნევმა კი კვლავ ბნელ ჯურღმულში უკრა თავი და მრავალი დღის მანძილზე ტანჯავდა შიმშილით.

ღირსი მამის მოწაფეებმა, რა შეიტყვეს, - მოძღვარს შიმშილით სიკვდილი ელისო, მყისვე იმპერატორს მიადგნენ, - მოძღვარი გაათავისუფლეთ და თქვენს ნებას დაჰყვებაო!

ამ დაპირებამ ლეონი დააიმედა, წმინდა მამა გაათავისუფლა და მონასტერში დაბრუნების ნებაც მისცა, თუმცა, მალე მიხვდა, რომ მოტყუვდა და ამჯერად ბოსფორის ერთ-ერთ სავანეში გადაასახლა.

იქ ილარიონი ნახევარ წელიწადს დარჩა და იქაური იღუმენისგან, რომელიც ლეონის თანამოაზრე გახლდათ, დამცირებას და შევიწროებას დაითმენდა.

გარკვეული ხნის შემდეგ ილარიონს კვლავ უხმო იმპერატორმა სამსჯავროზე, რის შემდეგაც კონსტანტინოპოლის დასავლეთით მდებარე კიკლოვის მონასტერში გადაიყვანეს, სადაც ორ-ნახევარი წელი დაყო, იქიდან კი - ისევ ციხეში.

საპყრობილეში საშინელი ტანჯვის და გვემის შემდგომ ნეტარი პროტილის ციხესიმაგრეში გამოკეტეს, გარკვეული ხნის შემდგომ კი ლეონ სომეხი სწორედ იმ ადგილას გამოასალმეს სიცოცხლეს, საიდანაც მართლმადიდებელთა დევნა იწყო და მაცხოვრის ხატი იატაკს დაანარცხა.

მისი ადგილი მიხეილ მეორემ დაიკავა, რომელმაც 820 წელს აღმსარებელნი გაათავისუფლა, მათ შორის - ილარიონიც, თუმცა, დედაქალაქში დაბრუნების ნება არ მისცა.

მაშინ იგი ერთმა ღვთისმოსავმა ქრისტიანმა შეიფარა თავის აგარაკზე, სადაც ნეტარმა მამამ თეოფილეს გაიმპერატორებამდე, 7 წელიწადს იცხოვრა.

მიხეილმა ყოველი იმ მონასტრის წინამძღვართა მოძიება და სასახლეში მიყვანა ბრძანა, რომელნიც წმინდა ხატებს სცემდნენ თაყვანს.

როდესაც ღირს ილარიონს ჰკითხეს, - მზად იყო თუ არა ხატთა თაყვანისცემა უარეყო, პასუხად მიიღეს:

- იმპერატორი მკრეხელი და მატყუარააო!

მისი ასაკის მიუხედავად, მიხეილმა მისი უმოწყალოდ ტანჯვა ბრძანა, შემდეგ კი პროპონტიდის სამხრეთით, კუნძულზე გადაასახლა.

იქ ერთ კლდეში სენაკი გამოიჭრა, რომლის სიახლოვესაც მისი ლოცვით წყარომ ამოხეთქა და თეოფილეს გარდაცვალებამდე (842 წელი), 7 წელიწადი გაატარა.

ტირანის მიცვალების შემდეგ დედოფალმა თეოდორამ მყისვე კონსტანტინოპოლს მოუწოდა ნეტარს დალმატის სავანის იღუმენად, რომელსაც გარდაცვალებამდე, 3 წელიწადს წინამძღვრობდა, 845 წელს კი, სამოცდაათი წლისამ ღვთივ განისვენა.

ბეჭდვა
1კ1