აბა, რა ვარ ჩემი სულიერი მამის გარეშე?
აბა, რა ვარ ჩემი სულიერი მამის გარეშე?
ერთმა ერისკაცმა მამა პაისი ათონელს სულიერი მამობა სთხოვა, მაგრამ ბერმა მიუგო: "მოძებნეთ კარგი, მოსიყვარულე მოძღვარი და მას ჰკითხეთ რჩევა. შორიდან ვერ განიკურნები - ექიმი გვერდით უნდა გყავდეს. შორიდან მხოლოდ ლოცვა მთხოვეთ".

ღირსი მამა ამასაც ბრძანებდა: "არ არის კარგი მოძღვრის გამოცვლა. სახლი, რომლის მშენებლობისას ხუროთმოძღვარს წამდაუწუმ ცვლიდნენ, როგორ შეიძლება, კარგად იყოს ნაგები?!"

*წმინდა ანატოლი ოპტელი ამბობს: "სულიერი მამის თანხმობის გარეშე აღთქმას და კანონებს ნუ დაიდებ. კურთხევით აღსრულებული ერთი მეტანია უფრო მეტ სარგებელს მოგიტანს, ვიდრე ათჯერ თვითნებურად მუხლის მოდრეკა". წმინდა ილარიონ ოპტელი კი გვასწავლის: "გახსოვდეს, სჯობს მოწაფის მოწაფე იყო, ვიდრე მიენდო საკუთარ ნებას და გონებას. ღირსი იოსები ოცდაათი წელი მორჩილებდა წმინდა ამბროსი ოპტელს, მაგრამ მაინც ასე იტყოდა: აბა, რა ვარ ჩემი სულიერი მამის გარეშე? არაფერი!"

*წმინდა ბარსანოფი ოპტელი წერს: "სულიერი მამა-შვილის ურთიერთობაში მთავარი მოწაფის რწმენაა. თუ იგი მოძღვარს რწმენით ეკითხება, მაშინ უფალი მისი რწმენისაებრ მოძღვრის საშუალებით უმჟღავნებს მას თავის ნებას".

*საოცარი სულიერი მამაშვილობა ჰქონდა ორ ხორციელ ძმას, ოპტის უდაბნოს მნათობებს წმინდა მოსესა და ანტონს (პუტილოვებს). წმინდა მოსე ოპტის უდაბნოს წინამძღვრობდა, ღირსი ანტონი კი მონასტერს დაქვემდებარებულ სკიტს. მის მოსახსენიებელში წაიკითხავდით: "მოიხსენე, ღმერთო, უფალი ჩემი, სულიერი მამა და კეთილისმყოფელი, ყოვლადპატიოსანი იღუმენი მღვდელმონაზონი მოსე".

დიდად განიცადა წმინდა ანტონმა ღირსი მოსეს გარდაცვალება. ორი თვე არ გამოსულა სენაკიდან, განუწყვეტლივ მოსეს სულისთვის ლოცულობდა. უცრემლოდ არ შეეძლო სულიერ მამასა და ხორციელ ძმაზე საუბარი, თუმცა უარს ამბობდა, რამე მოეთხრო მამა მოსეს დაფარულ სულიერ ღვაწლზე, იმ გამოცხადებებზე, სიცოცხლეში რომ ჰქონდა.

*წმინდა ამბროსი ოპტელი ეტყოდა სხვათა განკითხვის მოყვარულ სულიერ შვილს, რომელსაც მის ახლოს ცხოვრება სურდა: "სჯობს, შორს იყო, თორემ მერე მოძღვარსაც განიკითხავ, იტყვი, ისე არ იქცევა, მე რომ უმჯობესად მიმაჩნიაო".

წმინდა ამბროსიმ ნექტარიოს ოპტელი მორჩილად რომ მიიღო, განსაკუთრებული, გამორჩეული სიყვარულით ექცეოდა. ეს ამბავი მორჩილს განაცვიფრებდა. წმინდა ანატოლი ოპტელმა დაამშვიდა: მოძღვრისადმი შენი სიყვარული და რწმენაა ამის მიზეზი და თუ სხვებს ასე არ ეპყრობა, ესეც მათივე მცირე რწმენისა და სიყვარულის ბრალია; არსებობს საყოველთაო სულიერი კანონი: მოძღვარს ისეთივე დამოკიდებულება აქვს სულიერი შვილის მიმართ, როგორიც სულიერ შვილს მისდამიო.

*სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო) ამბობდა: "წყალში რომ იხრჩობა კაცი, თმაზე ექაჩებიან, რომ როგორმე გადაარჩინონ. ექიმიც მწარე წამალს უწერს ავადმყოფს... ზოგიერთის მიმართ მეც მკაცრი ვარ. ზოგჯერ გული გტკივა, მაგრამ მაინც იძულებული ხარ, ადამიანი ამხილო. ზოგი შეიძლება განიშორო კიდეც, როგორც ამას დეკანოზი იოანე სერგიევი (წმინდა იოანე კრონშტადტელი - კ.კ.) აკეთებდა. მე ვლოცულობ მათთვის, მაგრამ ღვთის წინაშე მათზე პასუხს არ ვაგებ. აღარც რაიმეს ვურჩევ - რა აზრი აქვს, მაინც არ დამიჯერებენ. სამართლიანად ვსჯი და დაე, ნუკი გამინაწყენდებიან, გამოსწორდნენ. სულიერი მამა მეგობრობისთვის კი არ გეძლევა, არამედ სულის ხსნისთვის. უნდა აფასებდე მის სიტყვას, უფრთხილდებოდე მის კურთხევას და ყველაფერს ზედმიწევნით აღასრულებდე... შვილს არ უნდა ეწყინოს, თუ მოძღვარი რაიმეს პირში ეტყვის და ამხელს - სულიერი მამა არ უნდა დუმდეს (როცა ჩვენ ვცოდავთ - კ.კ.), თორემ ღვთის სამსჯავროზე აგებს პასუხს".

ერთხელ მარიამმა ცოდვები რვეულში ჩამოწერა და აღსარებისთვის ეახლა მამა საბას. მოძღვარმა პალტოს ჯიბეში რვეული რომ დაუნახა, ძალით ამოაძრო - მოცემა არ გადაიფიქროსო. საღამოს ქალმა დაინახა, რომ მოძღვარს კისერზე კანი ჰქონდა ამოგლეჯილი. "მამაო, ჩემი ცოდვების გამო ხომ არ შეგემთხვათო?" - ჰკითხა თანაგრძნობით. "ჰო, ეშმაკმა ისე მკრა ხელი, რომ წავიქეცი და გადავიყვლიფე, მაგრამ არა უშავსო", - სიხარულით მიუგო მოძღვარმა.

ერთხელ ეშმაკმა შეპყრობილი ქალის პირით უთხრა მამა საბას: "როგორ მძულხარ, რადგან შენც ცხოვნდები და ხალხსაც აცხოვნებო".

ერთხელ მამა საბამ გადაწყვიტა, საქმით აღესრულებინა მღვდელმონაზონ პართენის დარიგება: "ბერის მშვენება - მისი სენაკია. არავინ დაბრუნებულა სენაკში იმგვარი, როგორიც გამოვიდაო" - და სენაკში განმარტოვდა. საშინელი სიზმარი ნახა: თითქოს უდაბნოში ეშმაკმა ხელი ჰკრა და უზარმაზარ რკინის ყუთში დაამწყვდია. სიკვდილი გარდაუვალი იყო. ბერი შიშმა აიტანა. ამ დროს მოესმა, რომ მისი სულიერი შვილები აღდგომის საგალობელს ასრულებდნენ. მანაც ამ ლოცვის წარმოთქმა დაიწყო. უეცრად კარი გაიღო და დაინახა, რომ გახარებული სულიერი შვილნი მისკენ მიეშურებოდნენ. ამ სიზმრის შემდეგ მამა საბას სენაკში დაყუდება აღარ უფიქრია...

*მამა გაბრიელი (ზირინიანოვი) სულიერ შვილებს ფიზიკურადაც მკურნალობდა: ზოგს სამკურნალო ბალახს აძლევდა, ზოგს ექიმთან გზავნიდა და თუ ეს არ უშველიდათ, დაუცხრომლად ლოცულობდა მათთვის, აღთქმას დებდა. ავადმყოფები იკურნებოდნენ და მოძღვარი თავს არ ზოგავდა, აღთქმა რომ შეესრულებინა. მოწაფეთა ღვთისმიერი კურნება მათზე მეტად უხაროდა, ეხვეოდა, კოცნიდა, როგორც დედა საყვარელ შვილებს.

ერთ სულიერ შვილს დედა გარდაეცვალა. ღირსმა მამამ სანუგეშო წერილი გაუგზავნა, რომლის ბოლოს წერდა: "თუ გიმძიმთ ამ მწუხარების გაძლება და თუ შეგიძლიათ, მოდით ჩემთან. როცა დედობრივი სიყვარულით ჩაგიკრავთ გულში, აქ პოვებთ იმავე სითბოს... მაპატიეთ, ასე რომ ვამბობ, მაგრამ ვფიქრობ, არ ვცრუობ და თავს არ ვიქებ".

*მამა ზაქარიას (მინაევს) ერთი მორჩილი ჰყავდა, სახელად გრუშატკა. ყოველგვარ სამუშაოს ასრულებდა, მაგრამ ცოტა ჯიუტი გახლდათ. ერთხელ მამა ზაქარიას სულიერი შვილი ესტუმრა, რომელიც მის ბიოგრაფიას წერდა. მოძღვარი სიხარულით შეეგება. გრუშატკას შეშურდა და მოძღვარს უთხრა: "მოგიყვები, როგორ მოიქცა და ვნახავ, გაგიხარდება თუ არა: დღეს ეგ ტაძარში მთავარ საკურთხეველთანაც ეზიარა, ტაძრის ფრთებში განლაგებულ საკურთხევლებთანაცო". განცვიფრებულმა შესმენილმა შესძახა: "გრუშატკა, რა დაგემართა? როგორ მწამებ იმას, რაც არ მომხდარაო?!" მამა ზაქარია დუმდა, ხოლო როცა მორჩილი სამზარეულოში გავიდა, მოწაფეს უთხრა: "შენ რა სულიერი შვილი ხარ ჩემი, თუ ეს მცირედი ცილისწამებაც ვერ დაითმინე? აი, დაბრუნდება გრუშატკა სამზარეულოდან, მოიდრეკ მუხლს მის წინაშე და შენდობას სთხოვო". ასე უფრთხილდებოდა ღირსი მამა სულიერ შვილთა შორის თანხმობას.

ერთხელ მამა ზაქარიასთან გარდაცვლილი დეკანოზის ვლადიმერ ბოგდანოვის სულიერი შვილი მივიდა და შესჩივლა: "მიიცვალა ჩემი სულიერი მამა და დავრჩი უპატრონოდ. აღარავის ვჭირდები, აღარ არის მამა ვლადიმერი, რომელიც მანუგეშებდა". მამა ზაქარიამ შეაწყვეტინა: "როგორ თუ აღარ არის? ის უფრო მეტად "ცოცხალია", ვიდრე მაშინ, როცა დროებით იმყოფებოდა მიწაზე და საუკუნო სასუფეველში გადასასვლელად ემზადებოდა. ის ახლა ღვთის წინაშე დგას და მთელი თავისი არსებით ჭვრეტს ყოვლადწმინდა სამებას, ჭვრეტს ღვთისმშობელს, ქრისტიანთა მფარველს, ჭვრეტს უფლის ანგელოზებს და წმინდანებს ესაუბრება. მაშ, როგორ ამბობ, აღარ არისო?! როგორ ბედავ ამისთანა სიცრუის თქმას?! ის ახლა, როგორც არასდროს, ისე ჭვრეტს თავის სულიერ შვილთა სულებს, უფრო ღრმად, ვიდრე მაშინ, როცა მიწაზე იყო; ესაუბრება მათ მფარველ ანგელოზებს და მზად არის, მათთან ერთად შეეწიოს ყველას, ვინც კი მას დახმარებას სთხოვს... შენ კი ამბობ, აღარ არისო, მარტო ვარო... როგორ შეიძლება? იქნებ მისი დავიწყება გსურს, მასთან განშორება? იქნებ დაგავიწყდა, რომ მან განკითხვის დღეს უნდა თქვას: "აჰა მე და შვილნი ჩემნი, რომელ შენ მომეც, უფალო"?! იქნებ შენ მხოლოდ აღსარებას ამბობდი მასთან, სულიერი შვილი კი არ იყავი? იქნებ სული შენი საუკუნო ცხოვრებისთვის არ შობილა მისი ლოცვითა და რჩევებით?! იქნებ მაშინაც არაფრად მიგაჩნდა, როცა ცოცხალს ხედავდი, გესაუბრებოდა, გირჩევდა, ცოდვათაგან გიხსნიდა, გაზიარებდა ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს?.. კარგად იფიქრე და მიპასუხე!"

მამა ზაქარიას სიტყვებმა ქალს ერთიანად განუქარვა მწუხარება.

*გლინის უდაბნოს ღირსეული ბერთაგანი, სქემარქიმანდრიტი იოანე (მასლოვი), ბრძანებდა: "ჩვენს სურვილებსა და აზრებს კი არ უნდა ავყვეთ, არამედ ვთქვათ: მოვიქცევი ისე, როგორც მოძღვარი მეტყვის". თვითონ ღირსი მამა ისე არაფერს ურჩევდა სულიერ შვილს, წინასწარ რომ არ ელოცა. მისი პასუხი ყოველთვის მადლმოსილი იყო და ვაი მას, ვინც კურთხევას არ აღასრულებდა, რადგან ამისთვის მცირე ეპიტიმიას იღებდნენ.

მამა იოანე ჰყვებოდა: "მოვა კაცი და რაღაცისთვის კურთხევას მთხოვს. ვიწყებ მისთვის ლოცვას, მაგრამ ზეცა დუმს. ვერ ხვდები, რაშია საქმე, ორი კვირის შემდეგ კი ხედავ, რომ ამ კაცს თითქოს რკინის ბორკილები ადევს. მას ხომ გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა, კურთხევა კი ისე, ფარად სჭირდებოდა. ამიტომაც დუმდა ზეცა".

*მორჩილების აპოლოგეტი და თავისი მოძღვრის ჭეშმარიტი სულიერი შვილი, მამა ეფრემ კატუნაკელი, ბრძანებდა: "შენი მოძღვრის დალოცვა მთელი სამყაროს ლოცვაზე შეუდარებლად დიდია. გამოითხოვე კურთხევა მოძღვრისგან? მაშინ ნუღარაფრის გეშინია... ჩვენ, მოძღვრები, ეგებ ზოგჯერ ვცდებოდეთ, მაგრამ თუ თქვენ მორჩილად აღასრულებთ კურთხევას, საქმე ავის მაგივრად კეთილად შემოგიბრუნდებათ. ვინც მორჩილებს თავის მოძღვარს, ბაძავს ქრისტეს, რომელიც მორჩილი იყო ზეციური მამისა, ხოლო ღმერთი აკურთხებს თავის მიმბაძველს".

მამა ეფრემს დიდად ეიმედებოდა თავისი მოძღვრის, მამა იოსების ლოცვისა და სხვებსაც ასწავლიდა, თავიანთი მოძღვრის ლოცვის სასოება ჰქონოდათ. ერთმა ბერმა მისწერა კიდეც: "ჰოი, რა გამოუთქმელი საიდუმლოებაა, მამაო საყვარელო, რარიგ წმინდა კავშირი აერთებს მორჩილს მოძღვართან! "ჩემი მამის იოსების ღმერთო!" - ვამბობდი, როგორც მასწავლე და ვგრძნობდი, რომ სამყაროს მთელი სიტკბოება ამ სიტყვებშია თავმოყრილი".

მამა ეფრემის მოძღვარი ნიკიფორე ძალზე მოხუცდა. ისე დაჰყვებოდა სულიერ შვილს, როგორც ბავშვი - დედას, ხოლო მას შემდეგ, რაც მახსოვრობა დაკარგა, ეფრემის გარეშე წუთითაც ვერ ძლებდა და ქვითინით უხმობდა. მამა ეფრემი ხუთი წელიწადი საერთოდ არ გამოსულა სენაკიდან, თავის ავადმყოფ მამას შეუდარებელი სიყვარულით ემსახურებოდა. ზოგიერთი, ვისაც ახსოვდა მამა ნიკიფორეს მძიმე ხასიათი, რომლის წყალობითაც მამა ეფრემს მორჩილება უდიდესი მოთმინების ფასად უღირდა, ფიქრობდა, რომ ეფრემი ავადმყოფს მხოლოდ აუცილებლობის გამო უვლიდა - ქოხში მათ გარდა არავინ ცხოვრობს და სხვა რა გზა აქვსო, მაგრამ ერთხელ სულიერი მამა-შვილი მოინახულეს და განცვიფრდნენ, მამა ეფრემის ზრუნვაში უდიდესი სიყვარული და სინაზე რომ შეამჩნიეს. ის აჭმევდა სულიერ მამას, ბანდა, თეთრეულს უცვლიდა, მის მაგივრად აღასრულებდა ლოცვით კანონს, ხოლო მოძღვარი, სიბერისგან მთლად დაყრუებული, ხმამაღლა იმეორებდა მისთვის მუყაოზე დაწერილ სიტყვებს: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე".

მამა ნიკიფორეს გარდაცვალების შემდეგ ერთმა სულიერმა შვილმა მისწერა მამა ეფრემს, როგორც იქნა, გეღირსა დასვენებაო და ძალზე მკაცრი პასუხი მიიღო.

გარდაცვლილი მოძღვრის სულის ხსნისთვის მამა ეფრემმა ორმოცჯერ სწირა, დილა-საღამოს ლოცვებს თითო საათი მიუმატა და ამ დროს უფალსა და ღვთისმშობელს ნიკიფორეს ჯოჯოხეთიდან დახსნას ევედრებოდა. ერთ დღეს კი გამოცხადებით ეუწყა, რომ მისი ლოცვის მეოხებით ნიკიფორეს სული სასუფეველში დამკვიდრდა.
ბეჭდვა
1კ1