სიწმინდის მოპოვებას გვასწავლიდა ბერდიდი
სიწმინდის მოპოვებას გვასწავლიდა ბერდიდი
მამა ეფრემ ფილოთეველი. "მამა იოსების გვერდით"
თავი X
ბრძოლა გულისთქმებთან

(გაგრძელება)

ერთხელ ერთი მონაზონი მოვიდა ბერდიდთან და უთხრა , რომ ხორციელი ბრძოლისაგან იტანჯება, ბერდიდმა მას ურჩია, რომ შეეწყვიტა ღვინის სმა, მჭიდროდ შემოეჭირა ქამარი, განედევნა არაწმინდა ოცნებები, ჯოხი გამოეყენებინა და დარწმუნებული ყოფილიყო, რომ ბრძოლა უკან დაიხევდა. ცოტა ხნის მერე მონაზონი კვლავ მოვიდა და შესჩივლა, - რჩევების შესრულების მიუხედავად, ბრძოლა კვლავ გრძელდებაო. ბერდიდმა აიღო ჯოხი და უთხრა:

- აბა, აიღე ჯოხი დაირტყი. შევხედავ, როგორ ირტყამ.

მან აიღო ჯოხი და ცემა დაიწყო, უფრო სწორად თავის სხეულს ეფერებოდა. მაშინ ბერდიდმა ჯოხი გამოსტაცა ხელიდან, მონაზონს კაბა აუწია და სამჯერ დარტყმის მერე ფეხებზე ჯოხი შემოამტვრია. მონაზონი შეძრწუნდა.

- ოჰ, მამაო, ნუთუ ასე უნდა დავირტყა?!

- შვილო, ეშმაკები სწორედ ასე გამოდიან და არა მოფერებით.

სიწმინდის მოპოვებას გვასწავლიდა ბერდიდი - ეს სათამაშო არ არის, გულისთქმებთან ბრძოლის გარეშე ადამიანს სიწმინდის მოპოვება არ შეუძლია. მოდის სიძვის ეშმაკი ოცნებებით, წარსულის მოგონებებით. მონაზონს ერისკაცულ ცხოვრებაში რაიმე ხორციელი საქმეც რომ არ ჩაედინოს, მონაზვნური ღვაწლისას მას ეშმაკი ნამდვილ ბროძლას უმართავს. მას მონაზონთან ყველა თავისი არაწმინდების ხატება მოაქვს და იწყებს ბრძოლას წარმოსახვაში, გულსა და სხეულში. ამ დროს მოწმდება, მონაზონი რამეში წარემატა თუ არა. თუ ის დაუთმობს ოცნებებს, მიიღებს ეშმაკის არაწმინდებას და თავის სულში დაეთანხმება გულისთქმებს, ამ წამიდან იწყება მისი სულიერი, გონებისმიერი, გულისმიერი და ხორციელი დაცემა. შედეგად ის თავქვეზე დაეშვება.

ჩვენი ბერდიდი გვეუბნებოდა: "თუ მონაზონს თავს ხორციელი თავდასხმა გადახდება, მას მერე დიდი ღვაწლი მოუწევს, დაღუპვას რომ გადაურჩეს. თუ თავისი მდგომარეობის შესაფერის ღვაწლს აღასრულებს, ღმერთი სხვა ღვაწლს გამოუგზავნის დარჩენილი ცხოვრების მანძილზე. ამიტომაც მოგვეთხოვება სიყმაწვილიდანვე ღვაწლი, შრომა, შეწინააღმდეგება, რათა ეშმაკი უკუგდებულ იქნას და გაბრწყინდეს სიწმინდის გამარჯვება. ამ ბრძოლაზეა დამოკიდებული მონაზვნის ახლანდელი და მომავალი ცხოვრება, რამეთუ ვერც ერთი უწმინდური ვერ დასახლდება ღვთის უბრწყინვალეს სამოთხეში". ის ასევე გვიხსნიდა, რომ ღამისთევის ღვაწლი, გონებისმიერი ლოცვა, მონაზვნური კანონი, ადამიანის წარმოსახვასა და გონებასთან ფხიზელი დამოკიდებულება და საერთოდ ყურადღება - სიწმინდის მიღწევაში გვეხმარება. წმინდა აღსარება, ცრემლები და სინანული, ჭეშმარიტი და გულწრფელი მორჩილება, მორჩილის სწორი დამოკიდებულება ბერდიდის მიმართ, ყოვლისმომცველი თავშეკავება - ყველაფერი ეს დამხმარე საშუალებაა, წამალია მონაზვნისა და ყოველი ადამიანისა, რომელიც იძენს გონების სიწმინდეს, შესძენს მის ლოცვას ძალას. ის ასევე გვასწავლიდა: "მონაზონი სწორად უნდა მიუდგეს ნებისმიერ ვნებასთან ბრძოლას, რომელიც მას ებრძვის. არ უნდა გაანებივროს ვნებები და უკან დაიხიოს. საუბარი ეხება არა მხოლოდ ხორციელ ვნებებს, არამედ ყველა სხვა დანარჩენებსაც. მოგდის განკითხვის გულისთქმა - ნუ განიკითხავ, ეს ასეა და ისეო. თუ გული მოყვასზე რაიმე ცუდს გეუბნება, ეს განკითხვაა და სახიფათოა. მოიკვეთე ეს და თქვი: ეს კაცი სწორად საუბრობს, სწორად შრომობს, მე კი ჩემი სიამაყით, ჩემს ძმაზე ბოროტს ვფიქრობ და შესაბამისად აქ სათქმელიც არაფერია. თუ ამგვარად არ მოიკვეთ ვნებას, მასთან იდუმალ საუბარს გამართავ და უკან დაიხევ, მერე დაიწყება ხორციელი ბრძოლა. თუ მაშინაც გონს არ მოხვალ, მადლი დაგტოვებს და დაეცემი. თუ ამის მერე არ შეინანებ და არ შეწყვეტ განკითხვას, ეს დაცემა ყველაზე ცუდ შედეგებს გამოიღებს: ვნებიან მდგომარეობაში იქნები და ვნებით მიუახლოვდები სიკვდილს. ხოლო სიკვდილის შემდეგ როგორ გაგიჭირდება საზვერეებში გავლა! თავს როგორ გაიმართლებ ღვთის წინაშე? მან ასევე მითხრა:

- შვილო, ხორციელი ბრძოლა უფრო მეტად საჭმელ-სასმლის, ძილისა და ღვინისაგან კი არ აინთება, არამედ უფრო მეტად განკითხვისაგან.

- რატომ, მამაო?

- რათა ვიცოდეთ, რომ ჩვენც იმათნაირი ბუნება გვაქვს. შევიცნოთ, რომ ჩვენც იგივე ეშმაკი გვებრძვის და ჩვენც მისი თანასწორი განკითხვის ღირსი ვართ. გინდა შეიტყო კიდევ ერთ საზომზე?

- რომელზე, მამაო?

- თუ ვინმე თავის მოყვასს არ განიკითხავს, ეს მოწმობა, შესაბამისად, მტკიცებულება და დარწმუნებაა ადამიანის ცხონებისა. ვინც არ განიკითხავს, თვითონაც არ განიკითხება.

როცა მე დიდი ბრძოლა მქონდა, ის მეუბნებოდა: "შვილო, თუმცა პატარა ხარ და მოუმწიფებელი, დიდ მამათა დარ განსაცდელს ითმენ. ეს ნიშნავს, რომ ეს გამოცდილება, ღვაწლი აუცილებლად დაგჭირდება მომავალში ანდა მადლი გარდამეტებულად გეწვევა". მე კი იმის გამო, რომ ეს განსაცდელები მქონდა, გულისთქმებსა და ვნებების სიბნელეში ვიმყოფებოდი. და განა ახლა განშორებული ვარ ამისგან? ამიტომაც ვერ ვხვდებოდი ბერდიდის წინასწარმეტყველებასა და ბრძნულ სიტყვებს, რომელიც თითზე ჩამოსთვლელი იყო და ბაჯაღლო ოქრო გახლდათ.


ბეჭდვა
1კ1