მამებმა მადლობა შესწირეს უფალს
მამებმა მადლობა შესწირეს უფალს
დეკანოზი რუფინუსი მოგვითხრობს: მამა აპოლონიოსი ძმებთან ერთად მღვიმეში ცხოვრობდა. ერთ აღდგომას ბერებმა ცისკრის ლოცვა აღავლინეს, სწირეს, ეზიარნენ უფლის სისხლსა და ხორცს, მერე კი ტრაპეზი გააწყვეს. რა ჰქონდათ? - მცირეოდენი დაობებული პური და ხილი. მაშინ წმინდა აპოლონიოსმა თქვა: "ჩვენ თუ რწმენა გვაქვს, როგორც ქრისტეს ერთგულ მსახურთ, დაე, თითოეულმა ჩვენგანმა ამ სასიხარულო დღისთვის ღვთისგან საჭმელი გამოითხოვოსო". ძმებმა სთხოვეს, თვითონვე ელოცა, რადგან ის ყველას აღემატებოდა ასაკით და წმინდა ცხოვრებით.

ღირსმა მამამ სულიერ ძმებთან ერთად გულმხურვალე ლოცვა აღავლინა უფლის მიმართ. დასასრულ, როცა ყველამ ერთხმად თქვა "ამინ", მღვიმის შესასვლელს ვიღაც ხალხი მიადგა და ძმებს ურიცხვი სანოვაგე მიუტანა. მათ შორის - უცხო ჯიშის ვაშლი, რომელიც ეგვიპტეში არ ხარობდა, უჩვეულოდ დიდი ყურძნის მტევნები, კაკალი, უზარმაზარი ასურული ფინიკი, რძე და თაფლი, ჯერ კიდევ თბილი თეთრი პურები. ეს ყველაფერი ბერებს გადასცეს და სასწრაფოდ უკან გაბრუნდნენ.

მამებმა მადლობა შესწირეს უფალს, დასხდნენ, იტრაპეზეს და დიდად ინუგეშეს. უცნობებს იმდენი ნობათი მიეტანათ, რომ ბერებს სულთმოფენობამდე ეყოთ.

ბეჭდვა
1კ1