შენი სწრაფვა უდაბნოსკენ, ნიშანია დემონური სიამაყისა
შენი სწრაფვა უდაბნოსკენ, ნიშანია დემონური სიამაყისა
სტანისლავ სენკინი - ათონური მოთხრობები
მკითხველს გვსურს შევთავაზოთ თანამედროვე ახალგაზრდა მწერლის, სტანისლავ სენკინის ათონური მოთხრობები. სტანისლავი სამი წელი იყო ათონზე და შემდეგ სამშობლოში დაბრუნებამ მოუწია. ეს წიგნები არ არის მჭვრეტელ მამებზე, წმინდანებზე, მასში თანამედროვე ათონზეა მოთხრობილი. საუბარია ადამიანურ სისუსტეებზე, საკუთარ თავთან და ზეცის დაცემულ ძალებთან ბრძოლაზე. "ჩემი ათონი, - წერს ავტორი ერთ-ერთი წიგნის წინასიტყვაობაში, - ეს არის საზოგადოება წმინდანთა, მართალთა, ზარმაც მონაზონთა, მომლოცველთა, მუშების, უქმად მოხეტიალე მედიდურ ადამიანთა და ჭეშმარიტების მაძიებელთა, ნებაყოფლობით დაგლახაკებულთა და თვით ქურდებისა და დამნაშავეებისა. ყველა ისინი ერთგვარ საზოგადოებას ქმნიან, რომელთაც სულიწმიდა ყველას საერთო სიკეთისკენ წარმართავს. ვევედრები ღვთსმშობელს და შევთხოვ, ყოველივე, რაც დავწერე, სასიკეთოდ ექცეს როგორც მკითხველს, ისე მის ავტორს".

მძიმე ხასიათი
მატერიკის მკვიდრთ რომ იცოდნენ რაოდენ მძიმე და განსაცდელებით აღსავსეა ათონელი მონაზონის გზა, ალბათ არავინ მოვიდოდა სამოღვაწეოდ, მაგრამ თუნდაც ერთი წუთი მაინც რომ შეეგრძნოთ იმ ნეტარებისა, რაც ელით ქრისტეს მეომრებს სიკვდილის მერე, ალბათ დედამიწაზე არ დარჩებოდა ადამიანი, რომელიც მონაზვნობას არ მოინდომებდა" - გრიგოლი ყოველთვის იმეორებდა თავისთვის ერთი დიდი მამის ნათქვამს, როცა განსაცდელის ჟამი დაუდგებოდა ხოლმე. განსაცდელი კი საკმაოდ ხშირად შეემთხვეოდა. ის სულ ახლახან, ორი წლის წინ აღიკვეცა მონაზვნად, ახალგაზრდა გახლდათ და საკმაოდ მკაცრი, გარშემომყოფთათვის ძალზე უსიამოვნო ხასიათი ჰქონდა.

გრიგოლი ათენში დაიბადა და ერთადერთი შვილი გახლდათ მდიდარი მშობლებისა, რომელთაც ის თავის დროზე ძალზე გაანებივრეს, რამაც კვალი დაამჩნია.

მამები გრძნობდნენ გრიგოლის რკინის გულს და ყველანაირი ჩხვლეტებით მის შერბილებას ცდილობდნენ, რაც ახალგაზრდა მონაზონს უზარმაზარ სულიერ ტანჯვას აყენებდა. ის თითქმის შურით შეჰყურებდა იმ მორჩილებს, რომლებიც ურთიერთობაში მშვიდები იყვნენ და მდაბლად ჰქონდათ ქედი დადრეკილი მორჩილების უღლის ქვეშ. გრიგოლისთვის კი ყოველი ბრძანების ტონით ნათქვამი სიტყვა იმ მათრახად გადაიქცეოდა ხოლმე, რომლითაც მას მიერეკებოდნენ, როგორც თავლაში ჯაგლაგ ჯორს.

მამაო, ცოცხლად წადი და ეს ფქვილი საწყობში შეიტანე!" - მოხუცი მონაზონი გერვასი მონასტერში უკვე თხუთმეტი წელია, მნე იყო და გრიგოლიც მამათა საბჭოს დადგენილებით, ამ წელს მის მორჩილებაში იყო. ორ კვირაში ერთხელ ისინი ერთად მიდიოდნენ სალონიკში პროდუქტის საყიდლად, ამასთან ხშირად კამათობდნენ, როგორც ახლა.

- მამა გერვასი, არ შეიძლება ცოტა თავაზიანად მითხრა? ვიცი, რომ ეს ფქვილი საწყობში უნდა შევიტანო. აუცილებელი არ არის ამგვარი ტონით მესაუბრო.

როცა გრიგოლი თავისი ფსიქოლოგიური დაცვის მოწყობას იწყებდა, მოხუცი მონაზონი ჩუმდებოდა - ასეთი გახლდათ მისი სტრატეგია. მაგრამ ხუთი წუთის შემდეგ, როცა კონფლიქტი თითქოს ამოწურული ჩანდა, გერვასი კვლავ ურთიერთობის ჩვეულ სტილს მიმართავდა, გრიგოლს კი ისღა დარჩენოდა, დამდაბლებულიყო.

- შენ რა, ვერ ხედავ, ბურღული რომ დააბნიე?! აიღე ცოცხი და მოგავე... ყაირათიანობა მონაზვნის ერთ-ერთი უმთავრესი სათნოებაა, - მოხუცი მონაზონი დაფანტულ წიწიბურაზე მიუთითებდა, რომელიც ახალთახალი "მერსედესის" ტიპის მიკროავტობუსის სალონის იატაკზე ეყარა. ამ ტრანსპორტით ისინი მორჩილებას ასრულებდნენ, - აი, იქ არის, პომიდვრის ყუთის გვერდით, - მან თეატრალურად გადააქნია თავი, - ოჰ, შენ რა გითხარი! რამდენჯერ უნდა გასწავლო?

- სად დაიყარა, მამაო?! ეს მხოლოდ ჩენჩოა. მანქანას როცა გავრეცხავ, მაშინ მოვგვი ამ ნაგავს.

- მე შენ გითხარი და მორჩილება შეასრულე, გამოგავე და არც იფიქრო, რომ ეს წიწიბურა ნაგავში გადაყარო, არამედ ისევ ტომარაში ჩაჰყარე. როდის ისწავლი მონაზვნურ ცხოვრებას?! მონაზონი ყაირათიანი უნდა იყოს.

- გეყოფა ჩემი დამდაბლება, მამაო! - გრიგოლს ძალზე დამამცირებლად მოეჩვენა მოხუცი მონაზვნის უაზრო ბრძანების შესრულება, - შენთვის წიწიბურა ისეთი მნიშვნელოვანი არ არის, როგორც ჩემი დათრგუნვა. მაგრამ, თუ როგორც შენ ამბობ, მე ასეთი ამაყი ვარ, მაშინ რატომღა განაგრძობთ ჩემს ტანჯვას თქვენი თავდასხმებით?

- ერთ პატარა შენიშვნაზე რამდენს მედავები. წადი, გრიგოლ, დაისვენე! მე თვითონ გავაკეთებ ყველაფერს. წადი, ღვთით, - მამა გერვასიმ გაღიმება სცადა და ცოცხის მოსატანად სამზარეულოში წავიდა.

"კვლავ მე გამოვდივარ სულელი, გერვასი კი ლამის წმინდანია! აჯობებდა, არაფერი ეთქვა. ახლა კი არა მაქვს სულიერი სიმშვიდე, მთელი დღე ამ კამათზე უნდა ვიფიქრო და ვიდარდო. სჯობია უდაბნოში წავიდე და იქ მარტომ ვიცხოვრო". გრიგოლი თავის კელიაში წავიდა და საწოლზე დაჯდა, სკვნილი აიღო და გულმოდგინედ შეუდგა ლოცვას. მაგრამ ლოცვა რატომღაც არ მოსდიოდა: "ყველაფერ ამას სხვები როგორ უძლებენ?" - გრიგოლმა წარმოიდგინა კიდეც პატერიკში მოთხრობილი წმინდა მამები, რომლებიც ძლიერ შეურაცხყოფასა და დამცირებას პირზე ღიმილით დაითმენდნენ და თანაც მაწყენართათვის აცრემლებულნი ლოცულობდნენ. განა ეს შესაძლებელია? პატერიკები და წმინდათა ცხოვრების სქელტანიანი წიგნები მისთვის ორ რამეს ნიშნავდა: ან თვითონ იმდენად სუსტი იყო, რომ იმის მეასედის დათმენაც არ უნდოდა, რასაც წმინდა მამები უძლებდნენ, ანდა მათი ცხოვრების აღმწერლებმა ფაქტები ცოტა გააზვიადეს.

ახალგაზრდა გამოუცდელმა მონაზონმა გადაწყვიტა, ამ საკითხზე სავანის მოძღვრისთვის, პატივცემულ ბერდიდ მამა ექვთიმესთვის მიემართა, რათა თავისი ეჭვები გაეზიარებინა და მისგან კეთილი რჩევა და შეგონება მიეღო. მწუხრის დასრულების მერე მას სასაუბროდ მისასვლელად შეუთანხმდა, გონებაში საუბარი დააწყო და ტრაპეზზე წავიდა...

- რა გინდოდა გეკითხა?

მამა ექვთიმე ძალზე თბილი, კეთილშობილი და განმსჯელი მონაზონი იყო. ის ყველას უყვარდა და მის ნათქვამს იშვიათად თუ ვინმე დაარღვევდა. ახლა ისინი ლოცვის შემდეგ მარცხენა კლიროსზე, სტასიდიაზე იდგნენ და საუბრობდნენ.

- ვერ ვხვდები, უფალმა მონაზვნად რატომ მომიწოდა? როგორც არ ვცდილობ თავის დამდაბლებას, არაფერი გამომდის. ყოველ შენიშვნაზე მოუთმენლად, ზოგჯერ გესლიანად ვპასუხობ. ამგვარი ხასიათით მხოლოდ უდაბნოში უნდა ვცხოვრობდე ნადირივით. დაე, ნურავინ შემეხება და მეც არავის შევეხები. თორემ, მამაო, მეტი აღარ შემიძლია გამუდმებული წყენისგან. მე მესმის, რომ ეს არასწორია, მაგრამ ვერაფერს ვუხერხებ.

მამა ექვთიმე ცოტათი ჩაფიქრდა და მოზომილი სიტყვებით დაიწყო შეგონება:

- გრიგოლ, სიმდაბლე და სიმშვიდე სხვადასხვა რიგის სათნოებებია. მშვიდი შეიძლება ყველა არ იყოს, მაგრამ ყველა კაცმა ძალისაებრ თავი უნდა დაიმდაბლოს.

- მაგრამ სიმდაბლე ხომ სწორედ სულიერი სიმშვიდის დარღვევის გარეშე დათმენაა წყენისა. მე კი წყენას ვერ ვუძლებ და სულიერ სიმშვიდეს ვკარგავ. რა სიმდაბლეზეა საუბარი!

მამა ექვთიმემ განაგრძო:

- ის სიმდაბლე, რომელსაც შენ ამბობ, ღვთის ნიჭია და წმინდანობის ნიშანი. ადამიანური ძალებით ამგვარ სიმდაბლეს ვერ მოიპოვებ. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ საქმეებით ვუჩვენოთ ღმერთს ამგვარ მდგომარეობაში მოსვლის სურვილი და განზრახვა, შემდეგ კი მხოლოდ მასზეა დამოკიდებული ვის მისცემს ამგვარ მადლმოსილ ნიჭს. მაგრამ სიმდაბლე-ნიჭის გარდა არსებობს სიმდაბლე-მუშაკობა, როცა საკუთარ თავს ვამდაბლებთ, როგორც საკუთარი, ისე სხვა ხალხის თვალთა წინაშე. და შენ თუ დამდაბლება არ შეგიძლია მამა გერვასის საჭირო შეგონებებით, იმით მაინც დამდაბლდი, რომ თავის დამდაბლება არ ძალგიძს.

- მე ასეთი რამ არ შემიძლია, მამაო, - გრიგოლმა საცოდავად დაუწყო ვედრება, მოძღვარს მეუდაბნოეობაზე ეკურთხებინა, - იქ მე მშვიდად, ისიქაზმში ვიქნები, სკვნილებს მოვქსოვ, შევჭამ ჩემს მწირ პურს და ღრმა სიმშვიდეში შევევედრები ქრისტეს.

- ის, რომ აღიარება მორჩილებაში ყოფნის უუნარობაა, ესეც სიმდაბლის ნიშანია, - მამა ექვთიმე ყოველთვის მშვიდ, სხვანაირ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მაგრამ გრიგოლის სული ამას ჯერჯერობით ვერ ხედავდა, - მაგრამ შენი სწრაფვა უდაბნოსკენ, უკვე ნიშანია დემონური სიამაყისა. გინდა გაექცე საკუთარ თავს, საკუთარ უუნარობას თავის დამდაბლებისა.

- ტკივილსაც მინდა გავექცე!

- დიახ, ტკივილსაც გაურბიხარ.

ბეჭდვა
1კ1