მიზანი ცხონებაა და ცათა სასუფევლის დამკვიდრება
მიზანი ცხონებაა და ცათა სასუფევლის დამკვიდრება

გვესაუბრება შემოქმედის ეპარქიაში მდებარე სოფელ შრომის წმინდა ანდრია პირველწოდებულისა და სოფელ ჩიბათის წმინდა სვიმონ კანანელის სახელობის ტაძრების წინამძღვარი, დეკანოზი პავლე ქინქლაძე:

 

"უკეთუ ვინმე არა იშვეს მეორედ, ვერ ხელ-ეწიფების ხილვად სასუფეველი ცათაი" (იოან.3.3). ნათლობა არის ერთ-ერთი შვიდ საიდუმლოთაგან, პირველი და მთავარი საწყისი ადამიანის ქრისტიანული ცხოვრებისათვის, ნათლობის აღსრულების შემდეგ ახალ ნათელღებული განსპეტაკებულია და განწმენდილია მანამდე ქმნილი ცოდვათაგან.

 

ჩვენს თანამედროვეობაში მრავალნი მიმბაძველობითა და ფორმალობისთვის ინათლებიან, შემდგომ კი მათი უმრავლესობა არც კი მიდის ტაძარში, ზოგნი მხოლოდ სანთლის დანთებით შემოიფარგლებიან და ამაში ხედავენ სარწმუნოების აღსრულებას, ასეთი შეხედულება მართმადიდებლობისთვის და მსურვერი ამ სარწმუნოების აღსრულებისა არის დამაზიანებელი სულისა იმიტომ რომ უფალი ჩვენგან ელოდება მისდამი დამორჩილებას. ასეთი მიდგომა ხდება საბაბი განსაცდელისა, იმიტომ რომ ყველა ადამიანი ნათლობისას დებს შემდეგ პირობას: განვაგდებ სატანასა, შევუდგები ქრისტესა, თაყვანს ვცემ მას, მამასა, ძესა და წმიდასა სულსა.

 

ამის შემდეგ ადამიანი თავისი სურვილით  აღარ უნდა მოქმედებდეს, არამედ ღვთის რჯულს უნდა აღასრულებდეს, მიზნად დაისახოს ცათა სასუფეველში დამკვიდრება და არა მხოლოდ ნათლობის პროცესის აღსრულება, არამედ ცხოვრება სიწმიდითა, უფალთან თანაზიარებით, რა თქმა უნდა კარგია, როცა ადამიანი მოინათლება, მაგრამ მისი მნიშვნელობა უფრო ფართოდ უნდა იქნეს გააზრებული.

 

დღიდან ნათლობისა ადამიანმა უნდა დაიწყოს ეკლესიური ცხოვრება, უფალთან დაახლოება. ამისთვის საჭიროა  მოძღვარი, რომელიც რჯულის აღსრულებაში დაგვეხმარება, იმიტომ რომ ჩვენ, ადამიანები ვართ ამპარტავნები და ურჩნი, თავმდაბლობა და მორჩილება კი ქრისტიანული სარწმუნოების მთავარი ატრიბუტია, მოძღვარი არის ადამიანი რომელიც უნდა აკონტროლებდეს ჩვენს სულიერ მდგომარეობას, ჩვენ კი უნდა ვემორჩილებოდეთ მის ლოცვა-კურთხევას, მიზანი ცხონებაა და ცათა სასუფევლის დამკვიდრება, რთულია, დიდი ღვაწლია საჭირო და ეკლიანია გზა უფალთან მისასვლელი, იმის გამო, რომ ბოროტი ცდილობს მუდამ წაართვას უფალს შვილი, თავისი ცდუნებებითა და სატყუარებით ცდილობს მიიტაცოს ადამიანთა სულები, რასაც სამწუხაროდ უმეტეს წილად აღწევს ხოლმე.

 

ამიტომ უნდა ვაკონტროლებდეთ ჩვენს სულიერ მდგომარეობას, მოძღვართან ახლო მყოფობით შევეცადოთ შევებრძოლოთ დაშევეწინააღმდეგოთ ბოროტ სულებს, უფალი კი დაგვეხმარება, ხომ გვეუბნება: "აღიღეთ უღელი თქვენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსვენება სულთა თქვენთა".

 

ადმიანმა მიზანი უნდა დაისახოს, აირჩიოს ცხოვრების გზა. წმიდა დავით მეფსალმუნე ბრძანებს: "მაუწყე მე უფალო გზაი, რომელსაცა ვიდოდე", მთავარია ადამიანმა ნახოს გზა, ნებისმიერი გზა კი არა, არამედ გზა რომელიც ღმერთამდე მიგვიყვანს, რომელიც სასარგებლოა ჩვენი სულისათვის. აი ამ გზაზე ადამიანი იღლება, მას უჭირს იმ ჯვრის ტარება რომელიც მას უფალმა მისცა, ხშირად ჩვენ ჩვენივე არასწორი გადადგმული ნაბიჯებით ვირთულებთ და ვიმრუდებთ. უნდაა ვიცოდეთ, რომ ეს გზა ია-ვარდებით არ არის მოფენილი და სიხარულით არ არის შემკული, არამედ ეკლიანია და დაბრკოლებებით სავეს, ამიტომ უნდა ვცდილობდეთ უფალს არ განვეშოროთ ჩვენი ცოდვებით, არამედ სინანულით და წრფელი მონანიებით მუდამ უფალს ვამსახუროთ ჩვენი თავი, არა ბოროტებას და ცოდვების ქმნას მიუძღვნათ ჩვენი თავი, არამედ სიკეთესა და სიყვარულს.

 

ადამიანს აქვს თავისუფალი ნება რაც ძალიან ძვირფასია თვითოეული ჩვენგანისათვის, მაგრამ ეს ნება წინასწარ გონიერებით უნდა დავფიქრდეთ და ისე ავირჩიოთ რას მიუძღვნათ, არ შეიძლება ინერციით ვიცხოვროთ, არამედ წინდახედულებით განვსაზღვროთ, ჩვენი ცხოვრებით ჯვარი შევქმნათ, როგორც ჩვენი პატრიარქი ბრძანებს: ჰორიზონტალური-საწაფვა ღვთისაკენ, ლოცვა, მარხვა და ვერტიკალური-ურთიერთობა ადამიანებთან, გონიერება უნდა გამოვიჩინოთ, "შვილო ჩემო, შე-თუ-ეყოფვოდი მონებად უფლისა, განმზადე თავი შენი ყოვლისათვის განსაცდელისა"(ზირაქ.2.1).

 

ადამიანსა და ღმერთს შორის კავშირისთვის აუცილებელი პირობაა ურყევი რწმენა და თავდადებული სიყვარული, ეს ის მყარი საფუძველია, რომელზეც უნდა ავაშენოთ ჩვენი სულიერი შენობა. წმოდა წინასწარმეტყველმა, იოანე ნათლისმცემელმა თავისი ქადაგება შემდეგი სიტყვებით დაიწყო: "შეინანეთ რამეთუ მოახლოებულს არს სასუფეველი ცათაი" (მთ.3.2).

 

სინანულისა და შინაგანი სრულყოფის გარეშე შეუძლებელია ღმერთთან მიახლება, ქრისტესტან რომ ვიყოთ და მისი ყოვლისშემძლე შემწეობა რომ ვიგრძნოთ. ძალიან ხშირად ჩვენი თავი მიგვაჩნია მართალ, წმიდა ადამიანად და ამავე დროს არად ვაგდებთ ყოველდღიურ ცოდვებს, ასე ვფიქრობთ: მე არავინ მომიკლავს, ხოლო პატარ-პატარა ცოდვები კი ყველას აქვსო. ამგვარი მსჯელობა ხომ დამღუპველია, მთა ხომ როგორც დიდი ქვებისგან, ასევე კენჭებისგანშედგება, ღვთის წინაშე უმნიშვნელო ცოდვა არ არსებობს, ყოველგვარი გარდახდომა უფლის მცნებისაგან შეურაცხყოფს მის სიდიადეს და გვაშორებს მას. გავიხსენოთ წმიდა მამები როგორ ძრწოდნენ ღვთის წინაშე წარდგენისათვის, მაგალითად მეფე დავიტ წინასწარმეტყველი, რომელიც წერდა: "უფალო, ნუ გულისწყრომითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე... არა არს მშვიდობაი ძვალთა ჩემთა პირისაგან ცოდვათა ჩემთაისა, რამეთუ უსჯულოებანი აღემატნეს თავსა ჩემსა და ვითარცა ტვირთი მძიმე დამიმძიმდეს ჩემ ზედა" (ფს.37. 2.4.5). წმიდა პავლე მოციქული, ყველაზე მეტად დამაშვრალი ქადაგებისთვის, წუხდა, რომლურებით წარდგებოდა. ჩვენ კიმროგორ უნდა გავკადნიერდეთ, გვაქვს რაიმე ღვაწლი მათის მსგავსი, სიყვარული ღვთისადმი, შიში, სინანული, თავდადება? ამიტომ უნდა დავფიქრდეთ და გავიაზროთ ჩვენი ცოდვები.

 

ბოლოს მინდა ჩვენი პატრიარქის მონათხრობით დავასრულო: ერთი ადამიანი ტაძარში დადიოდა, აღმსარებელი იყო, მსახურება რომ დასრულდებოდა, ეს ადამიანი არ მიდიოდა, რჩებოდა დიდხანს ტაძარში, ასე გრძელდებოდა, ერთხელაც მოძღვარი მივიდა ამ ადამიანთან და ჰკითხა რაიმე ხომ არ უჭირდა, მან კი მზერა მაცხოვრის ხატისაკენ მიაპყრო და მიუგო: მე ვუყურებ უფალს, ის მიყურებს მე და ჩვენ ორნივე ერთად კარგად ვართო. უფალმა ინებოს რომ ჩვენი გულები მუდამ გამთბარი ყოფილიყოს მისდამი სიყვარულით.

 

ბეჭდვა
1კ1