იესოს ლოცვა განაღმრთობს ადამიანს, ღვთისმშობლისადმი ლოცვა კი ამზადებს ამისთვის
იესოს ლოცვა განაღმრთობს ადამიანს, ღვთისმშობლისადმი ლოცვა კი ამზადებს ამისთვის
სიტყვა გულისა და გონების განმწმენდელ მყუდროებაზე
ჩვენ ვიცნობდით ფხიზელი ჭვრეტის დიდებული მუშაკის, დაყუდებული მამის კალენიკე კატუნაკელის მოწაფეს, მამა ქრისტოდულოს. რამდენიმე დღე იგი დიდსულოვნად მმასპინძლობდა მე უღირსს, უდაბნოში, თავის ბინაში და ბევრს მიყვებოდა თავის ღირსსახსოვარ მასწავლებელზე. ყველაფერი ეს მე და ჩემმა მოძღვარმა მოვათავსეთ "თანამედროვე მთაწმინდელი მამების" სერიის მესამე გამოცემაში.

მამა კალენიკე მასწავლებელი იყო გონებისმიერი ლოცვისა და ჭვრეტისა. მან თავისი ცხოვრება შემოზღუდა თავისივე კელიის ეზოს ვიწრო ჩარჩოში (რომლის დიამეტრიც დაახლოებით ოცი მეტრი იყო) მთელი 55 წლის მანძილზე, რისთვისაც ეწოდა მას დაყუდებული.

ის დაიბადა 1853 წელს და გარდაიცვალა 1930 წელს.

დაყუდების, მღვიძარებისა და გონებისმიერი ლოცვის მეგობარი და ტრფიალი იყო კვიპროსელი დიონისე, რომელიც კავსოკალივის სკიტში მოღვაწეობის მერე, 1875 წელს დაბრუნდა კვიპროსზე, სტავრონიუსის მონასტერში, სადაც სულიერი მამა გახდა უამრავი ადამიანისა.

სამგზის კურთხეულ კატუნაკში უდაბნოს ლოცვის ნიავი ქრის. იქ მრავალი წლის წინ გავიცანი ერთი ისიქასტი მამა ანთიმოზი - დანიელთა საძმოს ზემოთ პატარა კალივაში მოღვაწეობდა. ბერდიდი მდუმარე იყო, ენა მისი მხოლოდ მოუკლებელ გულ-გონებისმიერ ლოცვებს აღავლენდა.

"იესოს ლოცვა განაღმრთობს ადამიანს, - ამბობდა იგი, - ღვთისმშობლისადმი ლოცვა კი ამზადებს ამისთვის".

ერთი კაცი მიყვებოდა ახალსკიტელ მამა დ-ზე, მას ჩვეულებად ჰქონდა ფეხშიშველა სიარული. მის უბადრუკ კალივაში ვარგისი არაფერი იყო, იატაკად კი მიწა ჰქონდა. საღვთო ზიარების მერე, როცა სხვები აუჩქარებლად მიდიოდნენ ტაძრიდან, ხშირად ხმაურობდნენ და სხვადასხვა საკითხს არკვევდნენ, ბერდიდი დ-ი კირიაკონიდან თავის კალივაში მდუმარედ ბრუნდებოდა, გულზე ხელებდაკრეფილი, ჰორიზონტს გასცქეროდა და ლოცულობდა.

წმინდა ბასილის სკიტში დიდად დამთმენი ასკეტები ცხოვრობდნენ. ხშირად მოწყალე მამები და ძმები სკიტის ტაძრის ბილიკზე ყურძენს სტოვებდნენ, რათა მსურველს აეღო, მაგრამ ყველაფერი ხელუხლებელი ხვდებოდათ. ასეთი მოთმინება ჰქონდათ წმინდა ბასილის სკიტის მცხოვრებთ.

იქ მრავალი წლის წინ ცხოვრობდა სახელგანთქმული მოსაგრე, გონებისმიერი ლოცვისა და მღვიძარებისა, დიდებული ბერდიდი ბარნაბა. მამების კრების მიწურულს, ეს დიდებული მამა ტუჩებზე თითს მიიდებდა და ამბობდა:

- გავექცეთ, ძმანო, გავექცეთ.

- საით, ამბა? - ეკითხებოდნენ მას.

მდუმარებისა და მყუდროების მოყვარული თითს ბაგეზე იდებდა. ამით მოუწოდებდა, რომ გაქცეოდნენ უქმადმეტყველებას, ფუჭ საუბრებს და მრავალმეტყველებას, რომლისგანაც არაერთი ბოროტება იშვება და მდუმარედ მიდიოდა თავის კელიაში, რათა არ დაეღუპა ლოცვის ნაყოფნი.

მის დროს, ათონის უდაბნოების ოქროს ხანაში, წმინდა ბასილის სკიტის ისიქასტები ღამისთევის ლოცვებზე არ გალობდნენ. ისინი მოდიოდნენ მდუმარედ, დახუჭული თვალებით, სხდებოდნენ სტასიდიებზე და ლამპრის მკრთალ სინათლეზე, სრულ მდუმარებაში შინაგანი ხმის წყალობით სკვნილებზე გონებისმიერ ლოცვას წარმოთქვამდნენ. როცა გათენდებოდა, საკვირველი მოსაგრე მღვიძარებისა, ბარნაბა იტყოდა: "ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთანა..." ამის მერე კი ბაგაზე მიუთითებდა და კვალვ ამბობდა: - გავექცეთ, ძმანო, გავექცეთ.

შემდეგ ესტუმრებოდა ისიქასტების კალივას - იცავენ თუ არა სკიტის მყუდროების ტიპიკონსო, განამხნევებდა და გააძლიერებდა მათ ასკეტურ მუშაკობაში. წმინდა ბასილის უდაბნოს მამათა მოსაგრე ცხოვრების წესი ჰგავდა ნიტრიის წმინდა უდაბნოებსა და თებაიდას. დამბალ საჭმელს დღეში ერთხელ ჭამდნენ, მხოლოდ შაბათ-კვირას, საუფლო და ღვთისმშობლის დღესასწაულებზე, ასევე სკიტში პატივმიგებული წმინდანების დღესასწაულებზე - გაიშლებოდა ორი ტრაპეზი და ნებას აძლევდნენ, ღვინის და ზეთის მიღებას.

წმინდა ბასილის სკიტში გავიცანი ღირსსახსოვარი ბერდიდი დამასკინოსი, რომელსაც არასოდეს დაუტოვებია მთაწმინდა. ის თავის უბადრუკ ქოხში ცხოვრობდა, წვიმის წყალს ავზში აგროვებდა. აუცილებელი საქმის გამოც კი სოფელში არ მიდიოდა. ამ მშვიდ, ჩუმ, მდაბალ, ცოდნისმოყვარულ კაცს მუდმივად სწავლა სურდა, მეხსიერებაში იმარხავდა და ყვებოდა ხოლმე მთაწმინდელ მამათა ასკეტურ ღვაწლზე.

იმავე სკიტში გავიცანი ყოფილი იღუმენი დიდი ლავრისა, მამა პავლე, რომელიც დღესაც მოძღვარია. ძმებმა აირჩიეს ამ თანამდებობაზე, ღირსეულად იმსახურა, მშვიდად და ნაყოფიერად, მერე დაუბრუნდა თავის საყვარელ უდაბნოს. როგორც ბერდიდი მიყვებოდა, იგი მკერდით ატარებს ომიდან შემორჩენილ ტყვიას, მიუხედავად ამისა, ყოველდღე ეძიებს ათონის ღრმა უდაბნოს ამ ციცაბო და მიუდგომელ ადგილას. მღვდელმონაზონი მამა მაქსიმე თავის მოწაფესთან ერთად მეცადინეობს იესოს ლოცვაში. იგი მომხრეა წმინდა საიდუმლოებასთან ხშირი ზიარებისა. მისი ღირსსახსოვარი ბერდიდი, ცნობილი სწავლული და ძალზე პატივცემული, კოლივადთა მიმდევარი იყო.

ჩემი ღირსსახსოვარი ბერდიდი ყვებოდა:

- როცა აღსარების სათქმელად პირველად წავედი კარულში, წმინდა გიორგის სახელობის ასკეტირიონში, შევხვდი მეუდაბნოე ნიკონს. ერისკაცობაში ის რუსეთის არმიის გენერალი იყო. მისი წმინდა, ფერმკრთალი სახე ზეციური ღიმილით, არამიწიერი სითბოთი იყო განათებული...

სხვა დროს კი ვიპოვეთ დაფარული საგანძური - დაყუდებული მოსაგრე. მან კარები გაგვიღო და მუხლნი მოგვიდრიკნა ნიშნად მოსალმებისა და მადლიერებისა ჩვენ მიერ მიტანილი მცირეოდენი პროდუქტის გამო. სიტყვაც კი არ გვითქვამს ერთმანეთისთვის. ის ჩაფლული იყო ლოცვაში, მყუდროებაში, გონების დუმილში, ღვთის საიდუმლოში, ჰოი, როგორ განისვენებს ამ საიდუმლოში ყოვლადწმინდა სული!

სიტყვა ღვთის განგებულების საკვირველ ჩარევასა და უფლის ყოვლადძლიერ მარჯვენაზე.
როცა ღირსი დიონისე ოლიმპიელი მთაწმინდაზე მოღვაწეობდა, ღმერთი იყო მისი ერთადერთი სურვილი, მასში ხედავდა სიტკბოებასა და სულიერ სიხარულს. სხეულზე საერთოდ არ ზრუნავდა, მხოლოდ ველური წაბლით იკვებებოდა. სახიერმა და ყოვლადმოწყალე უფალმა, რათა ეჩვენებინა თავისი მარადი მზრუნველობა თავის მსახურებსა და მეგობრებზე, ხორციელის შაბათის საღამოს ასეთი რამ მოიმოქმედა:

წმინდა დიონისე მოინახულა ერთმა ზოგრაფელმა მონაზონმა და უთხრა:

- ღირსო მამაო, წმინდა დიდმარხვა კარზე მოგვადგა. მიიღე ეს ხორციელი საკვები, რათა მცირედ ანუგეშო უძლური სხეული და ამის გამო მადლობა შესწირე დიდადმოწყალე ღმერთს, რომელიც ყველაფერს აღავსებს და ყველას გამოკვებს თავისი სახიერებით, - სიტყვა დაასრულა და წავიდა, თუმცა ღირსი მამა ევედრა, დარჩი, ერთად ვიტრაპეზოთო.

გასაოცარი იყო ის, რომ უცნობი მონაზვნის მიერ მოტანილი თევზები ჯერ კიდევ ფართხალებდნენ, ყველიდან კი ახალი შრატი წვეთავდა. გაოცებულმა ღირსმა მამამ ადიდა სახიერი ღმერთი.

დოქიარის მონასტრის პირველი ქტიტორი იყო ღირსი ექვთიმე, მეგობარი ჩვენი ათანასე ათონელისა, მან ტაძარი ააგო წმინდა ნიკოლოზის სახელზე და დიდი შრომა გასწია ასკეტურ სარბიელზე.

მეორე ქტიტორი ამ მონასტრისა, გახლდათ ღირსი ნეოფიტე, ნათესავი ღირსი ექვთიმესი, ძე ლუკასი, იმპერატორების - ნიკიფორე ფოკასა და იოანე ციმისხისის დროს, რომელიც პირველი შიკრიკი იყო და შემდგომში მეფის კარზე უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობა მიიღო (ლუკა წოდება გახლდათ ბიზანტიაში და იერარქიულად ტახტის მემკვიდრის მერე მოდიოდა). მართლაც გასაოცარი იყო ღირსი ნეოფიტეს ამა სოფლიდან განშორება და გულგრილობა ამსოფლური სიმდიდრის, დიდებისა და პატივის მიმართ. ღირსი თეოფანე დოქიარელი, რომელმაც სულიერ სრულყოფილებას მიაღწია და მრავალი მადლი მოიხვეჭა, სასწაულმოქმედების ნიჭსაც ფლობდა. მან ერთხელ ლოცვით ზღვის მარილიანი წყალი სასმელ წყლად აქცია, სხვა დროს კი ზღვის ღელვა დააწყნარა. ვარიის რაიონში ტაძარი ააგო უხორცო ძალთა სახელზე და გარდაცვალების შემდეგ მრავალი სასწაული აღასრულა.

ყოვლადკურთხეული და ყოვლადქებული დედა და მფარველი ჩვენი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარადის იჩენს დედობრივ ზრუნვას თავის საყვარელ შვილებზე, მთაწმინდელ მონაზვნებზე. ღვთისმშობლის კეთილმოწყალების მაგალითები კი აურაცხელია: მეკობრეების თავდასხმებისას ვათოპედის მონასტერში ცხოვრობდა ერთი წმინდა იღუმენი. ერთხელ, როცა მეკობრები ემზადებოდნენ მონასტერში შესაჭრელად, მას მოესმა ხმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატიდან, - მონასტრის ალაყაფის კარები არ გააღოთ, განგაში ატეხეთ, ყველა მონაზონი გალავანზე ავიდეს და გადევნეთ მტერიო.

იმავე მონასტერში ცხოვრობდა ის კურთხეული ბერდიაკონი, მნე საკურთხევლისა (მთაწმინდაზე ეძახიან მონაზონს ან სამღვდელო პირს, რომელსაც ევალება საღვთისმსახურო ჭურჭელსა და შესამოსელზე ზრუნვა), რომელმაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი ჭაში შეინახა, სადაც იპოვეს მრავალი წლის მერე, სავანის ბარბაროსთა ტყვეობიდან განთავისუფლების შემდგომ. ხატი ისევ იდგა წყლის ზედაპირზე, მის წინ ანთებული ლამპრით.

ვათოპედის მონასტერში, ღირს მამათა დარად და ღვთივსასურველად ცხოვრობდა ღირსი გენადი, მნე სავანისა, რომელიც ღირსი შეიქნა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულის ხილვისა: უფლის დედის მეოხებით ზეთის ცარიელი ჭურჭელი ისე აივსო, რომ დაღვრილი ზეთი საწყობის კარამდეც კი მივიდა.

ამბობენ, რომ ივერთა მონასტრის სკიტში ცხოვრობდა ერთი დაბადებიდან ბრმა მონაზონი ანთიმოზი. ერთხელ შეიტყო, პორტაიტისად წოდებულ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატიდან მთელ მსოფლიოში მრავალი სასწაული აღესრულებაო და განკურნება სთხოვა. მივიდა მხატვართან და პორტაიტისას დახატვა შეუკვეთა. მხატვარმა მოამზადა დაფა, მაგრამ როგორც კი ფანქარს იღებდა ესკიზის მოსახაზად, ხელი უქვავდებოდა!

რამდენიმე დღის მერე მამა ანთიმოზმა იფიქრა, ხატი უკვე დახატული იქნებაო და მივიდა მხატვართან წამოსაღებად. მან კი უთხრა, ესკიზის მოხაზვას რომ დავაპირებ, ხელები მიშეშდება და ვერაფერს ვაკეთებო. მამა ანთიმოზი მიწაზე დაემხო, ცრემლების დათხევით ჩვენს დედოფალს, ყოვალდწმინდა ღვთისმშობელს შესთხოვა, ნება მიეცა მხატვრისთვის, დაეხატა მისი წმინდა ხატი პორტაიტისა, დედოფალი და მფარველი მთაწმინდისა.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა არ უგულებელჰყო მისი თხოვნა, მაგრამ ჯერ მას თვალები აუხილა, მერე კი ისე მოიმოქმედა, რომ გამზადებულ დაფაზე ღვთისმშობლის ხატი ადამიანის ხელის გარეშე, თავისით დაიხატა, რათა მამა ანთიმოზს შესძლებოდა მისი წმინდა სახისა და ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს უწმინდესი სახის ხილვა და ამ სასწაულის შესახებ მთელ სამყაროს შეეტყო. მას მერე, რაც განკურნებული მამა ანთიმოზი დასტკბა ღვთისმშობლის წმინდა ხატის ცქერით, ის კვლავ დაბრმავდა და ადრინდელ მდგომარეობას დაუბრუნდა.

ბეჭდვა
1კ1